Head coach Walter Mazzarri of SSC Napoli talks to Hamed Junior Traore of SSC Napoli, Giovanni Simeone of SSC Napoli, Cyril Ngonge of SSC Napoli and...„ნაპოლი” „ლაციოსთან” სერია A-ს ოცდამეორე ტურის მატჩისთვის ემზადება. იტალიის ჩემპიონს შემადგენლობასთან დაკავშირებით პრობლემები აქვს. ქართველი გულშემატკივრისთვის მნიშვნელოვანია, რომ ამ შეხვედრაში დისკვალიფიკაციის გამო ვერ ითამაშებს ხვიჩა კვარაცხელია. დისკვალიფიცირებულია ჯოვანი სიმეონეც. „სტადიო ოლიმპიკოზე” ვერ ითამაშებენ დაშავებული იენს კაიუსტე და აფრიკის ერთა თასზე გამგზავრებულები ანდრე-ფრანკ ზამბო ანგისა და ვიქტორ ოსიმენი. ამას ემატებიან მატიას ოლივერა და ნატანი, რომლებიც უკვე კარგა ხანია ტრავმებს მკურნალობენ.

ვალტერ მაცარისთვის ასეთი მდგომარეობა მარტივი არ არის. მას შესაძლოა რომელიმე ახალწვეულის პირდაპირ „ბრძოლის ველზე” გაშვება მოუწიოს. უპირველეს ყოვლისა ლაპარაკია 23 წლის ბელგიელ სირილ ნგონგეზე, რომელიც ადრე „ვერონაში” თამაშობდა. შესაძლოა თავიდანვე ითამაშოს იესპერ ლინდსტრომმაც.

საიტი napolipiu წერს, რომ ნგონგე კარგ ფიზიკურ ფორმაშია და ამ თვალსაზრისით მისი დებიუტი პრობლემური არ უნდა იყოს. რაც შეეხება ლინდსტრომს, დიდი ზარ-ზეიმით ნაყიდი დანიელი ტრავმის შემდეგ ბოლომდე გამოჯანმრთელებული არ არის, თუმცა ის დიდი ალბათობით „ლაციოსთან” მაინც პირველივე წუთიდან ითამაშებს.

ლინდსტრომზე კიდევ ერთი ნეაპოლური საიტი areanapoli-ც წერს. მისი აზრით ნახევარმცველი „ნაპოლის” არასწორი სატრანსფერო პოლიტიკის კარგი მაგალითია. გასული სეზონის ბოლოს კლუბმა გაყიდა სერია A-ს სეზონის საუკეთესო მცველი კიმი და მის ნაცვლად ფრანკფურტის „აინტრახტისგან” თითქმის 30 მილიონ ევროდ შეიძინა ლინდსტრომი, რომელიც ლამის ფენომენად გამოაცხადეს, მაგრამ… ფაქტობრივად არ გამოუყენებიათ. ვისაც დანიელის თამაში ადრეც უნახავს ამბობს, რომ ნეაპოლში ის საკუთარი თავის აჩრდილია.

მაცარი დაცვის ცენტრში ახალ ფეხბურთელს, არგენტინელ ნეუენ პერესს ელოდება. ბოლო მონაცემებით „აძური” და „უდინეზე” შეთანხმებასთან ძალიან ახლოს არიან. „უდინეზე” თავიდან 20 მილიონ ევროს ითხოვდა, „ნაპოლიმ” კი ვაჭრობა 15 მილიონით დაიწყო. სავარაუდოდ მხარეები 18 მილიონზე შეთანხმდებიან.