ხელბურთელთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა ისტორიული გამარჯვება მოიპოვა. ტიტე კალანდაძის გუნდმა ბოლო ტურში ბოსნია-ჰერცეგოვინა 22:19 დაამარცხა.
ჩვენი გუნდი კონტინენტის პირველობაზე პირველად თამაშობდა. ბოსნიელებთან მატჩამდე ორი მატჩი წააგო – ნიდერლანდებთან (19:34) და შვედეთთან (26:42). თუმცა, ეს გასაკვირი არც იყო. ჩვენ ახალგაზრდული, მზარდი ნაკრები გვყავს და მომავალსაც იმედიანად ვუყურებთ. მით უფრო, რომ ამ მოგებით საქართველოს ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე მოხვედრის გზა გაიიოლა. შედარებით გაიიოლა, თორემ რთული მატჩების მოლოდინშია. ამაზე მოგვიანებით.
ისევ ევროპის ჩემპიონატს და ბოსნიასთან შეხვედრას დავუბრუნდეთ. გუნდმა ცუდად დაიწყო და 17 წუთის შემდეგ 2:8 ჩამორჩა. თუმცა შესვენებამდე დარჩენილი 13 წუთი უკეთ ითამაშა და გუნდები დასასვენებლად 9:9 გავიდნენ.
მეორე ტაიმიც ცუდად დავიწყეთ და სამი ბურთით ჩამოვრჩით. შემდეგ იყო ჩვენი მეკარის, ზურაბ ცინცაძის ბენეფისი, როდესაც ზედიზედ ოთხი (ორი პენალტი და ორი დამატება) ისეთი დარტყმული მოიგერია, წარმოუდგენელი რომ ჩანდა. ამან საქართველოს ნაკრებს ფრთები შეასხა, მალე წინ გავიდა და საქმე ისტორიულ გამარჯვებამდე მიიყვანა.
მატჩის შემდეგ ცინცაძემ ისაუბრა, რომელიც საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს. „პირველად, როდესაც შვედეთთან მატჩში გულშემატკივრებმა ტაში დამიკრეს, გაოცებული ვიყავი და დიდი სურვილი მქონდა, მაღალ დონეზე კიდევ ერთხელ მეთამაშა. ძალიან ბედნიერი და ამაყი ვარ, იმ ყველაფრის შემდეგ, რაც მოხდა. ინდივიდუალური ჯილდოთი ტურნირის დასრულება კიდევ უფრო გასახარია… მეტოქის კარისკენ იმიტომ გავიქეცი, რომ ვხედავდი, გოლის გატანის შანსი მქონდა, მაგრამ ბოლოს პასის გაკეთება ვამჯობინე. მსგავსი რამ კლუბში, საქართველოს ჩემპიონატშიც მქონდა გაკეთებული… რაც შეეხება პენალტების აღებას, მხოლოდ ჩემს საქმეს ვაკეთებდი. მინდოდა გამარჯვება და ვიცოდი, რომ შემეძლო პენალტების მოგერიება. დაუჯერებელი გრძნობაა“, – თქვა ცინცაძემ.
ჯგუფის გამარჯვებული შვედეთი გახდა, რომელმაც ბოლო ტურში ნიდერლანდები 29:28 დაამარცხა. ჩვენები მესამეზე გავიდნენ, ბოსნია – ბოლოზე.
ლაშა კუპრაშვილის ფოტოები