გასულ უქმეებზე სარაგბო ევროთასების მორიგი ტური გაიმართა, ხოლო საფრანგეთის პრო დ2-ში მეორე წრე დაიწყო. ხსენებულ ტურნირებში სამ ათეულამდე ქართველმა ლეგიონერმა მიიღო მონაწილეობა, ხოლო ჩელენჯ კაპის მონაწილე „შავი ლომის“ შემადგენლობაში ზუსტად 23-მა ქართველმა ითამაშა. ინდივიდუალურად თავი მხოლოდ პრო დ2-ის მოულოდნელი მაჩანჩალა „ბიარიცისა“ და საქართველოს ნაკრების 8 ნომერმა თორნიკე ჯალაღონიამ გამოიჩინა, რომელმაც, როგორც იქნა, სეზონში ლელოთა პირადი ანგარიში გახსნა.
ჩემპიონთა თასი
ჯგუფური ეტაპის მესამე ტურში ხუთმა ქართველმა ლეგიონერმა იასპარეზა. ინგლისური „ექსეტერის“ ბორჯღალოსანმა ბურჯმა ნიკა აბულაძემ „გლაზგო უორიორზის“ წინააღმდეგ 48-ე წუთიდან ითამაშა და თავის გუნდს უმძიმესი გამარჯვების მოპოვებაში დაეხმარა – 19:17. „ექსეტერმა“ პლეი-ოფში ადგილი დაიბევა. ამ პულის ბოლო ადგილზე კი ბექა გიგაშვილის „ტულონია“, რომელმაც შინ ირლანდიურ „მანსტერთან“ 18:29 წააგო. ბექა თამაშში 52-ე წუთზე ჩაერთო. „ტულონს“ პლეი-ოფში, ან თუნდაც ჩელენ კაპზე გადართვის თეორიული შანსიღა დარჩა.
„სტად ფრანსე“ დუბლინს ესტუმრა და ირლანდიურ გრანდ „ლენსტერისგან“ გვარიანი ალიყური მიიღო – 7:43. პარიზელთა შორის ორი ქართველი იყო – ვეტერანმა ვასილ კაკოვინმა პირველ ტაიმში 17 წუთი ტვინის შერყევაზე ეჭვით გაყვანილი პარტნიორის ნაცვლად ითამაშა და გარდა ამისა ბოლო 15 წუთიც გაატარა მინდორზე, ხოლო გიორგი ცუცქირიძე 62-ეზე შევიდა და მსოფლიო თასის შემდეგ პირველად ითამაშა.
„ლა როშელმა“ კი, როგორც იქნა, გაიხსენა, რომ ამ ტურნირის ბოლო ორი გათამაშების ტრიუმფატორია და ინგლისური „ლესტერისგან“ ქვა ქვაზე არ დატოვა – 7 ლელო გაუტანა და 45:12 გაანადგურა. მასპინძელთა გამარჯვებაში 22-წუთიანი წვლილი სანდრო ქუნთელიამაც შეიტანა. „ლა როშელი 7 ქულით ცხრილის მეოთხე საფეხურზეა და პლეი-ოფში გასვლის შანსს ინარჩუნებს. აი, „სტად ფრანსეს“ კი ევროწელიწადის გახანგრძლივება მხოლოდ იმ შემთხვევაში შეეძლება, თუ ერთ კვირაში ლონდონში „სეილ შარქსს“ აჯობებს, ისიც – გარკვეული დათქმებით.
ჩელენჯ კაპი
„შავმა ლომმა“ კასტრში მარცხით სამომავლო პერსპექტივა საგრძნობლად გაიუარესა. ჯგუფის ლიდერად ერთობ უფერული „გლოსტერი“ რჩება, რომელმაც შოტლანდიაში „ედინბურგს“ 21:20 აჯობა და 12 ქულა დააგროვა. ესაა პლეი-ოფში გასვლის გარანტია. 10-10 ქულა ჩვენი ფრენჩაიზის მძლეველ „კასტრსა“ და „კლერმონს“ დაუგროვდათ. ამ უკანასკნელმა „სკარლეტსი“ ბონუსით – 38:17 დაამარცხა. „ედინბურგმა“ ხსენებულ მარცხში ბონუსი მიიღო და 6 ქულით მეოთხეა, „შავ ლომს“ კი 5 ქულა დარჩა, რამაც სანუკვარი კვარტეტიდან ამოაგდო. იქ დასაბრუნებლად ჩვენს ბიჭებს 20 იანვარს „კლერმონის“ დამარცხება მართებთ, ოღონდ იმ პირობით, რომ შოტლანდიელები უქულო და უმოტივაციო „სკარლეტსს“ სტუმრად ვერ აჯობებენ.
გურამ პაპიძის „პომ“ სამხრეთაფრიკულ „ჩიტასს“ გასვლაზე, ბლუმფონტეინში 33:20 სძლია და თუ ერთ კვირაში შინ იტალიურ „ძებრესაც“ აჯობებს, პლეი-ოფში აუცილებლად გავა. პაპიძემ კი აფრიკაში საწყისი 51 წუთი სტაბილურად ითამაშა.
კიდევ ერთ ექვსეულში კი ქართველთა გუნდი ერთპიროვნული ლიდერიცაა და პლეი-ოფში გასვლაც გაინაღდა. „მონპელიემ“ აფრიკულ „ლაიონსს“ 13:3 მოუგო და 14 ქულას მოუყარა თავი. ვანო კარკაძემ და ლაშა მაჭარაშვილმა მასპინძელ გუნდში პირველი ტაიმი სრულად ითამაშეს.
პრო დ2
როგორც თავშივე ვთქვით, თორნიკე ჯალაღონიამ სეზონში თავის პირველი ლელო იზეიმა – ნევერში 27:29 წაგებულ მატჩში სწორედ მან გადაურჩინა „ბიარიცს“ სანუგეშო ბონუსი. ბასკები შავ დღეში არიან – 25 ქულიით ბოლოსწინა ადგილზე იმყოფებიან. რაც შეეხება ჯალაღონიას, ეს ლელო მისთვის მე-8 იყო პრო დ2-ში გამართულ 38-ე მატჩში.