ხელბურთელთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა მეორე მატჩიც წააგო. ტიტე კალანდაძის გუნდი ამჯერად კონტინენტის მოქმედ ჩემპიონ შვედეთთან დამარცხდა – 26:42. მეტოქე იმდენად ძლიერი იყო, რომ მათთან „ჭიდაობას“ აზრი არ ჰქონდა.
ნაკრების ხელმძღვანელობას ძირითადი აქცენტი ბოლო, ბოსნიელებთან მატჩზე აქვთ გადატანილი. ამიტომაც იყო, რომ გუნდის ძირითადი შემადგენლობის რამდენიმე წევრი ჩვენებმა დაასვენეს. სავარაუდოდ, სწორი გათვლა იყო. სკანდინავიელები იმდენად მაღალ სისწრაფეზე თამაშობდნენ, რომ გუნდი დაცვაში ჩასვლას, ფაქტობრივად, ვერ ასწრებდა. საქართველომ პირველი ტაიმი 9:23 წააგო. მეორე ბევრად უკეთ ითამაშეს, გოლებიც გაიტანეს. იყო შეცდომებიც, მაგრამ უფრო სიჩქარისა და გამოუცდელობის გამო. თუმცა, მთავარი მატჩი წინაა, ორშაბათს ბოსნიასთან ისტორიული მოგების მოლოდინში ვართ…
ლაშა კუპრაშვილის ფოტო