28:6 – ასეთი ანგარიში დაფიქსირდა ფრანგული „კასტრისა“ და „შავი ლომის“ შეხვედრაში, რომელიც ჩელენჯ კაპის ჯგუგური ეტაპის მესამე ტურის შემადგენელი ნაწილი იყო. პირველმა ქართულმა პროფესიულმა სარაგბო ფრენჩაიზმა უმძლავრეს მეტოქესთან თითქმის ტოლ-სწორად ითამაშა, პირველი ტაიმის გარკვეული ნაწილის განმავლობაში დომინირებდა კიდეც, მაგრამ კლასში სხვაობამ თავისი დაღი მაინც დაასვა მატჩის მსვლელობასა და მის შედეგს.
პირველ ათწუთეულში ლევან მაისაშვილის გუნდი მართლაც მშვენივრად გამოიყურებოდა. შერკინებამ ძალიან მოულოდნელად რამდენიმე სტატიკური სიტუაცია მოიგო, ოღონდ მიწოლით კი არა – დისციპლინით. ინგლისელმა რეფერიმ ძალიან კომპეტენტურად იმსაჯა მთელი მატჩი და ჩვენი გუნდის ეს მოულოდნელი უპირატესობა მისი სწორი გადაწყვეტილებების შედეგიცაა.
ჰოდა, მე-11 წუთზე ლუკა მატკავას ძალიან მარტივი პოზიციიდან დარტყმის შესაძლებლობა მიეცა, ჩვენმა მგეზავმა არ ააცილა და „შავი ლომი“ 3:0 დაწინაურდა კიდეც.
ამ მომენტიდან სულ რაღაც 5 წუთში კი მასპინძლებმა ძალზე იოლად მოახერხეს ქართული დაცვის გარღვევა და ზორბა ფიჯელი გარემარბი ჯოსაია რაისუკე ყველას და ყველაფერს გაექცა. გარდასახვაც ზუსტი იყო და „კასტრი“ 7:3 დაწინაურდა.
თითქოს, შერკინებაში ხსენებულ დომინაციას დიდი შეღავათი უნდა მიეცა „შავი ლომისთვის“ შეტევების ორგანიზების საქმეში, მაგრამ მეორე ძალისმიერ კომპონენტში – აუტიდან ბურთის დერეფანში შეგდებასა და დაუფლებაში კვლავაც უამრავი ხარვეზი იყო. ჰოდა, ისე გამოდიოდა, რომ ერთი მეორეს აკომპენსირებდა და ანგარიშიც არ იცვლებოდა.
ამასობაში ჩვენს პირველ ნომერ დათო აბდუშელიშვილს კასტრელი ვიზავი ორელიენ აზარი ისე შემოეჩაგრა, რომ რეფერიმ ეს უკანასკნელი 10 წუთით მინდვრიდან მიაბრძანა. თუმცა, ისევ დერეფნის იაღლიშებმა ეს უპირატესობა განუხორციელებელი დატოვა.
მეორე ტაიმის დებიუტში კლასში სხვაობა უკვე საგრძნობი გახდა, მაპინძლები სულ უფრო და უფრო ლაღად უტევდნენ. მალევე კაცნაკლულმა კასტრელებმა მეორე ლელო დაგვიდეს – 5-მეტრა ხაზიდან ბურთი თავხედურად გაათამაშეს და კვაჭი ლუი ზარანტონელო ბურთიანად რამდენიმე ქართველს თავზე გადაახტა და ლელოშიც შეაწია. გარდასახვა ამ ჯერზეც ზუსტი გამოდგა – 14:3.
პრაქტიკულად საპასუხო შეტევაში მატკავას კვლავ მიეცა იოლი საჯარიმოს დარტყმის შანსი – 14:6 და ხსენებულ აზარს სწორედ ამ მომენტში ამოეწურა სინბინის ვადა, მაგრამ მოედანზე ის აღარ დაბრუნებულა, მის ნაცვლად თამაშში ლევან ჩილაჩავა ჩაერთო – უგამოცდილესი, უმაღლესი კვალიფიკაციისა და ავტორიტეტის ბურჯი. „ბუთას“ შემოსვლა და ქართული შერკინების უპირატესობის გაქრობა ერთი იყო – ასეთ დიდოსტატ ბურჯთან დაპირისპირება კარიერაში აქამდე არც დათო აბდუშელიშვილს ჰქონია და არც მის შემცვლელ ალიკო შამილიშვილს. ჩილაჩავამ კასტრულ შერკინებას სტაბილურობა მოუტანა, დაალაგა და გამოჩნდა, რომ ფრანგები ამ კომპონენტშიც ბევრად გვჯობდნენ.
ბოლო 20 წუთში კასტრელებმა კიდევ ორჯერ დაგვალელოვეს – ჯერ შეცვლაზე შესულმა ურუგვაელმა 9 ნომერმა არატამ, შემდეგ კი, ასევე შემცვლელმა კვაჭმა კოლონამ. ჩვენმა ბიჭებმა ბოლოსკენ კი მოინდომეს, მაგრამ „კასტრი“ დაცვაშიც გროსმაისტერი გამოდგა.
შედეგი – 28:6, თან „კასტრმა“ 4 ლელოსთვის კუთვნილი ბონუსი მიიღო და 10 ქულას მოუყარა თავი. ამდენივე აქვს „კლერმონსაც“, რომელმაც თავისი ბონუსი „შავი ლომის“ მიერ ძლეულ „სკარლეტსთან“ მოინადირა.
ჰოდა, 20 იანვარს, „მიხეილ მესხზე“ სწორედ ამ „კლერმონს“ ვმასპინძლობთ – ფრანგული რაგბის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე ტიტულოვან კლუბს. დანარჩენზე – მოგვიანებით.