ბოლო დღეებში ნეაპოლელთა ყურადღების ცენტრში ოსიმენისა და კვარაცხელიას ამბავი და მასთან დაკავშირებული კამათი მოექცა. უცნაურია, მაგრამ ლაპარაკია სწორედ იმ გოლების გამტან წყვილზე, რომელმაც გასულ სეზონში ვეზუვუსქვეშეთში სკუდეტო მოიტანა, თუმცა ისიც სათქმელია, რომ საკუთრივ ფეხბურთელებს შორის კონფლიქტი არ შეინიშნება. სცენაზე არიან ქართველის აგენტი მამუკა ჯუღელი და ვიქტორ ოსიმენი, რომელთაც დიდი ხმაური გამოიწვიეს.

რა მოხდა – ჯუღელმა ოსიმენის მომავალზე ილაპარაკა. თქვა, რომ მომავალ სეზონში ის საუდის არაბეთში ითამაშებს. ეს განცხადება ნიგერიელ ცენტრფორვარდს გულზე მოხვდა და მან ჯუღელს ძალიან მკვეთრი სიტყვებით შეუტია. თუმცა, ეს ჯერ კიდევ ყველაფერი არ არის. აგენტის სიტყვებში ერთი ჩხვლეტაც გაისმა. „ნაპოლიმ” ოსიმენს ხელფასი გაუზარდა, მაგრამ ხვიჩა საუდის არაბეთში გადასვლას მილიარდ ევროდაც არ დათანხმდებოდაო — თქვა მან.

შეუსაბამობანი – ის მონაკვეთი სადაც ხელფასის მომატებაზეა ლაპარაკი მწარე მინიშნებაა, რადგან ოსიმენი უკვე 10 მილიონ ევროს გამოიმუშავებს, კვარაცხელიას გასამრჯელო კი წელიწადში 1,3 მილიონი ევროა. ის იღებს დიეგო დემეზე ნაკლებს და მეტს მხოლოდ იმ ფეხბურთელებთან შედარებით, რომლებიც დღევანდელ „ნაპოლიში” მთავარი მოქმედი პირები არ არიან: გოლინი, იდასიაკი, ძერბინი და მაცოკი. შემთხვევით არ არის, რომ აგენტმა ოსიმენის ხელფასზე ლაპარაკის შემდეგ ახსენა კვარაცხელიას სურვილი ითამაშოს „რეალში”, „ბაიერნში”, „ბარსაში” ან „სიტიში”. დე ლაურენტისი კი თავის მხრივ არ ჩქარობს, რადგან კვარას „ნაპოლისთან” 2027 წლამდე აქვს კონტრაქტი.

მხარეებს შორის შედგა რამდენიმე შეხვედრა, რომლებზეც ფეხბურთელის მომავალი განიხილეს. ამ შეხვედრათა იდეა ის იყო, რომ მოთამაშეს, რომელმაც სკუდეტოს მოპოვებაში დიდი როლი ითამაშა წახალისება სჭირდებოდა. ამასობაში კი დაირღვა სიმშვიდე — თუნდაც ეს ყველაფერი „სხვა ადამიანების სახლებში ჭვრიტინს” ჰგავდეს — და ამის მიზეზი ოსიმენის გასამრჯელო 10 მილიონი ევროა. ეს ეკონომიკური თვალსაზრისით ძალიან დიდი დისტანციაა.

calciomercato, ჯოვანი ანუნციატა