სკოლიდან დაბრუნებული პატარები ბურთს აგორებენ. ზოგი იტალიის ნაკრების მაისურშია გამოწყობილი, ზოგიც ბრაზილიელია, ზოგი ზიდანია, უმეტესობა დელ პიერო, ბაჯო, რონალდო. უნებურად მახსენდება ჩემი ბავშვობა, როდესაც ჩვენ მაისურებს საღებავით ჩვენივე ხელით დაწერილი ნომრები ამშვენებდა, მაგრამ თითქმის ყველა ქართველ ფეხბურთელთა უცილობელი თაყვანისმცემლები ვიყავით. ჩვენი პატარა ფანტაზიით ჩვენს კერპებს ისეთ რამეებს ვაკეთებინებდით მწვანე მინდორზე, რომლის მსგავსიც თვით პელესაც შეშურდებოდა. ჩვენც გვყავდნენ ჩვენი პაიჭაძეები, ღოღობერიძეები, მესხები, მეტრეველები, დარასელიები, ყიფიანები, სულაქველიძეები, შენგელიები. მაყურებელიც ბევრი გვყავდა ახლო-მახლო აივნებიდან. ზოგიც მოედანთან ფეხზე მდგარი გვიყურებდა. არ იყვნენ ჟურნალისტები, რომლებიც ჩვენს თამაშს გააშუქებდნენ, არ გვყავდა მწვრთნელი, რომელიც დარიგებას მოგვცემდა. ჩვენვე ვაკეთებდით დროულ შეცვლას, რაც მოწინააღმდეგე გუნდში აყალმაყალს, ხოლო ჩვენი გუნდიდან გაგდებულის უკმაყოფილებას იწვევდა. ვთამაშობდით დაბნელებამდე ან რომელიმე მეზობლის შუშის ჩაფშვნამდე.

  • იყო!
  • არ იყო!
  • ჯარიმაა!
  • ჟილკა ხარ!
  • პასი!
  • გეყოფა ბიჭო მატაობა!

ეს ამბავი ყოველ საღამოს მეორდებოდა ჩვენთან.

ქართველი კაცის ბუნებაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ფეხბურთს და ლეგენდებს. ვარსკვლავების ჩამოთვლა ძალიან შორს წაგვიყვანს, მაგრამ მათ შორისაც იყვნენ ისეთები, რომლებსაც განსაკუთრებული ადგილი უჭირავთ ამ მშვენიერი თამაშის თაყვანისმცემელთა გულებში. ერთ-ერთი ასეთი გახლავთ 1964 წლის ოქროს გუნდის „გული და სული“, მისი მშვენება, გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, აუწონავი მარგალიტი, ფინტების მეფე — მიხეილ მესხი.

თვით ბრაზილიაშიც ვერავინ გაიხსენებს, რომ ერთი კაცის სანახავად ევლოს გულშემატკივარს და უფრო მეტიც, შესვენების დროს აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ ან პირიქით — გააჩნია, პირველ ტაიმს საით ითამაშებდა მესხი, — ტრიბუნაზე ერბინოს, რათა უფრო ახლოს ენახათ თავიანთი კერპი.

მიხეილ მესხი დაიბადა 1937 წელს თბილისში. შვიდი წლის მიშა მეთხუთმეტე სკოლაში შეიყვანეს, სადაც იგი სკოლის გუნდის უცვლელი წევრი იყო. ფეხბურთთან ერთად სპორტის თითქმის ყველა სახეობას მისდევდა – სირბილს, კრივს, ჭიდაობას. კაცმა რომ თქვას, კაცის ცუდი როგორ უნდა გაგიხარდეს, მაგრამ წლების შემდეგ ბევრი გაღიმებული იტყვის, კიდევ კარგი, მიშამ მკლავი იღრძო, თორემ რას დაკარგავდა ქართული ფეხბურთიო, გაფიქრებაც კი არ უნდათ მისი ნიჭის თაყვანისმცემლებს.

1953 წელს არჩილ კიკნაძის ხელმძღვანელობით საქართველოს ნაკრების წევრი პირველად ეწვია მოსკოვს, სადაც განსაკუთრებული პეწითა და ყველასგან გამორჩეული მაღალი ტექნიკით მიიპყრო ყურადღება. ეს ის წელია, როდესაც თბილისის „დინამოს“ ოქროს მედლები მოპარეს, დიახ, მოპარეს. რა იცოდნენ მაშინ, რომ მიშა და მისი გუნდელები მაინც წამოიღებდნენ თავიანთ ოქროს თბილისში. თვრამეტი წლის მიშა თბილისის „დინამოში“ ჩაირიცხა და იმავე წლის 7 ივლისს პირველად მოირგო საოცნებო მაისური.

ახალგაზრდა ფეხბურთელს თამაშის წინ სჭირდება მხარდაჭერა, თბილი სიტყვა. პირველად, ვინც მივიდა მასთან, მეგობრულად ხელი გადახვია, დაამშვიდა, თავის თავში რწმენა აღუდგინა, იყო ქართული ფეხბურთის მშვენება, მისი სინდის-ნამუსი, მრავალბრძოლანანახი ბასა ღოღობერიძე. მიშამაც საპასუხოდ ისეთი პასი გაუკეთა, რომელიც გოლით დააგვირგვინა ბასამ, რომ გამოცდილ ფეხბურთელსაც კი შეშურდებოდა. იმ სეზონში მეორედ „სპარტაკთან“ ითამაშა. ერთ-ერთი შეტაკების დროს მან მუხლი დაიზიანა, მაგრამ დაძლია, ნატკენი ფეხით გააგრძელა თამაში და იმ მატჩში ერთ-ერთი გამოკვეთილი ფიგურა გახდა. ყველამ დაინახა, რომ ქართულ ფეხბურთს ახალი ვარსკვლავი შეემატა. იწყებოდა მესხის აღმასვლა, მაგრამ სანამ აღმასვლა დაიწყებოდა, როგორც არაპერსპექტიულებს, შოთა იამანიძეს და მიხეილ მესხს, გუნდიდან გუნდიდან დათხოვნა დაუპირეს. ისინი ვოვა ელოშვილის და ავთანდილ ჭკუასელის თხოვნით დატოვეს. თუ ვინმეს უნდა ემდალიერებოდნენ მესხისტები, ისევ ვოვა ელოშვილს.

მიშა კვლავ გუნდშია. იგი „დინამოს“ შემადგენლობაში მიემგზავრება ბულგარეთს, სადაც ვოვა ელოშვილის წინააღმდეგ გამოიყენეს მეტად უჩვეულო და ძალზე ეფექტური ფინტი. მიშა და ვოვა მეორე დღესვე შეეცადნენ აღედგინათ ფინტი. მესხმა შემთხვევით ბურთი ისე არ გამოიყენა, როგორც ვოვა ელოშვილი ურჩევდა, ეფექტი მოულოდნელი აღმოჩნდა. შემდეგ დიღომში საათობით ამუშავებდნენ — ფინტებს შორის განსხვავება ის იყო, რომ ბულგარელმა ადგილზე გამიკეთა, მესხი კი მოძრაობისას ასრულებდა. მახსოვს, კიევში ადგილობრივ „დინამოს“ ვეთამაშებოდით. იმ დროს ვოინოვის რეპუტაცია ძალიან მაღალი იყო და მიშამ თავისი საყვარელი ფინტი იმ თამაშში გამოიყენა. მაყურებელი აღფრთოვანებული დარჩა. თამაშის შემდეგ გაოცებულმა და აღშფოთებულმა ვოინოვმა მითხრა, ეს რა მიქნა ამ კაცმა, აწი კიევში არ გამომესვლებაო. მიუხედავად იმისა, რომ ყველამ იცოდა ეს ფინტი, მოწინააღმდეგე გუნდის მცველები ათასჯერ ატრიალებდნენ კინოფირს, მაგრამ ძალზე ცოტამ თუ მოახერხა მის წინააღმდეგ ღირსეულად თამაში — იხსენებს ვოვა ელოშვილი.

თბილისის „დინამოში“ დაწყებული თაობათა ცვლა, ცხადია, გუნდს დაეტყო, მაგრამ უიღბლო სეზონის მიუხედავად, ყველა ხვდებოდა, რომ „დინამო“ მოწინავე პოზიციებს მალე დაიბრუნებდა, რაც ყველაზე კარგად ჩანდა სათასო მატჩებში. მიხეილ მესხი 1959 წელს ხვდება საბჭოთა კავშირის ნაკრებში. თუ გავიხსენებთ იმასაც, რომ საბჭოელებს ქართველი გულზე არ ეხატებოდათ, ე.ი. მიშა ყველა სხვაზე ათი თავით ძლიერი იყო, მისი დებიუტი ჩეხებთან იღბლიანი გამოდგა. მან დააწიოკა სტუმართა დაცვა. თვითონაც გაიტანა და სხვასაც გაატანინა. მატჩის დაწყებიდან მცირე დრო იყო გასული, მაყურებელმა დააფასა მისი ტალანტი, ხოლო თამაშის ბოლოს იგი უკვე მათი კერპი იყო. ისინი ფეხზე წამორმდგარნი ტაშის გრიალით აცილებდნენ ხალასი ნიჭის, უზადო ტექნიკის და განუმეორებელი ფინტების ფეხბურთელს. მესხი ნაკრებში თამაშს აღმავლობით იწყებდა. ამის მერე „დინამოს“ ჰქონდა ტურნე საფრანგეთში. სწორედ იმ ქვეყანაში, ვისი ავტორიტეტიც მაშინდელ ევროპაში საკმაოდ დიდი იყო. ტურნემ წარმატებით ჩაიარა. „დინამომ“ აჩვენა გააზრებული, კომბინაციური, დინამიური ფეხბურთი, ხოლო მისმა მარცხენა გარემარბმა განსაკუთრებით შეაყვარა თავი ფრანგ გულშემატკივრებს, რომლებმაც კიდევ ერთხელ იხილეს განუმეორებელი მიხეილ მესხი ევროპის თასის ფინალში.

„პარკ დე პრენსის“ სტადიონი გადაჭედილია. აქ ახსოვთ მესხი, რომლისგან კვლავ სასწაულებს ელიან. მიშა არ აწბილებს მათ, მატჩი დრამატულად მიმდინარეობს. მესხი და მეტრეველი შეუდარებლები არიან, მათი შეჩერება შეუძლებელია. განსაკუთრებით აქტიურობს მარცხენა ფრთა. დამატებითი დროის უკანასკნელ წუთებზე მესხი გადის ფრთაზე, აწვდის ბურთს კარისკენ და პონედელნიკს მაღალ ნახტომში გააქვს გადამწყვეტი გოლი. გაზეთ „ეკიპის“ მიმომხილველთა აზრით, მართალია, გოლი პონედელნიკმა გაიტანა, მაგრამ ისინი მესხის და მეტრეველის თამაშით არიან აღფრთოვანებულნი.

ვისაც სურს ნახოს ცოცხალი მესხი, ყველანი სტადიონზე – ეს არ იყო იაფფასიანი რეკლამა. ეს იყო მისი ნიჭისა და ტალანტის კიდევ ერთი დაფასება. ყველგან, მთელს საბჭოთა კავშირში ასე იყო, სადაც კი უნახავთ ჩვენი მარცხენა გარემარბი. მის წინააღმდეგ ყველანაირ ხერხს მიმართავდნენ, მაგრამ მისი შეჩერება შეუძლებელი იყო. 1960 წელს დაუვიწყარი ფინალი „დინამომ“ წააგო, მაგრამ პირველად თასის გათამაშების 24-წლიან ისტორიაში ყველამ აღიარა, რომ თამაში კი არ წავაგეთ, წაგვაგებინეს. ჩვენები თვალცრემლიანები, მაგრამ თავაწეულები ბრუნდებიან სახლებში. მიშას ყველა გამოკითხვაში თავის ადგილზე, N1 ფეხბურთელად ასახელებენ. გრძნობენ, რომ იგი დიდების ზენიტშია, რომ ეს არ არის მაქსიმუმი, რისი გაკეთებაც მას შეუძლია, რომ მასში ძევს პოტენციალი, რომ იგი ითვლება საუკეთესო მარცხენა ფრთად. ერთხელ, გურამ ფანჯიკიძემ ჰკითხა, თუ რომელ ქალაქებში ჩატარებულმა მატჩებმა მიანიჭა ყველაზე დიდი სიხარული. მიხეილ მესხმა დაუფიქრებლად უპასუხა: „ტაშკენტი და პარიზი“. შემდეგ გაიღიმა და თქვა: „ბუენოს აირესში გამოსვლას ყოველთვის დიდი სიამოვნებით ვიგონებ“. ეს იყო მისი ნიჭის ყველაზე ფართო გამოვლენა.

თამაშის წინა დღეს, სან ფილიპომ ინტერვიუში განაცხადა, რომ არგენტინელები 4:1 მოიგებდნენ, ხოლო აქვე მდგომ სიმეონეს ძალიან ეწყინა, ჩვენ გოლის გაშვებას სულაც არ ვაპირებთო, მიშაც აუგად მოიხსენია.

როცა ეს ინტერვიუ ნაკრების ხელმძღვანელობამ წაუკითხა ფეხბურთელებს, მიშამ არაფერი თქვა, მაგრამ რა იცოდა არგენტინელმა, თუ როგორ გააპამპულავებდნენ მეორე დღეს. თამაში არგენტინელთა უპირატესობით დაიწყო. მაყურებელმა იწამა თავიანთი ფეხბურთელების ინტერვიუთა სისწორე, მეათე წუთისთვის კი სტუმრებმაც აჩვენეს კლანჭები. მესხმა და მეტრეველმა რამდენჯერმე სახიფათოდ შეუტიეს, ხოლო როდესაც მესხმა მისი ცნობილი ფინტი გამოიყენა, ტექნიკაში კარგად ჩახედულმა არგენტინელმა გულშემატკივარმა მიშა თავის კერპად გაიხადა. აი, როგორ აღწერს მარტინ მერჟანოვი ამ დუელს დემიკო ლოლაძის წიგნიდან „მიხეილ მესხი“: „აი, მესხმა თავისი საყვარელი ფინტით გვერდი აუარა სიმეონეს, შემდეგ დელგადოს, ჩაიქროლა მარცხენა ფრთაზე და ბურთი არგენტინელთა კარის სახიფათო ზონაში ჩააწოდა, რომელიც ძლივს მოიგერიეს. სტადიონმა შვებით ამოისუნთქა. ერთი წუთის შემდეგ მესხი ისევ ჩინებულად გადის მარცხენა მხარეს, ზუსტად ამ დროს მარჯვენა ფრთაზე ლამაზ რეიდს ახორციელებს მეტრეველი, ცენტრში პონედელნიკი იჭრება წინ, მას კარგად ეთამაშება ივანოვი, გუსაროვიც ხელსაყრელ პოზიციაზეა, ნეტო კი აჩვენებს გადაცემების მდიდარ რეპერტუარს და თამაში თავისი ჩანაფიქრით მიჰყავს. რა არის ეს? მაყურებელი გაკვირვებულია, საბჭოთა ფეხბურთელების მისამართით ისმის გამამხნევებელი შეძახილები, მაგრამ როგორც კი ბურთი მესხთან მიდის, სტადიონზე გაისმის გუგუნი, ხოლო როცა იგი გვერდს უვლის სიმეონეს — ერთსულოვანი ტაში…“

თამაშის შემდეგ სიმეონე განაცხადებს, ბევრი რამ მინახავს, მაგრამ მაშინ გავვოცდი, როცა მესხმა თავის თავს პასი მიაწოდა, იგი ერთ-ერთი უძლიერესი თავდამსხმელიაო. ამას ამბობდა კაცი, რომელიც თითქმის ყოველ წელს ურუგვაელებს, ჩილელებს და რაც მთავარია, ბრაზილიელ ბურთის ჯადოქრებს ხვდებოდა. სწორედ ამ ტურნეს დროს შეარქვეს „მტკვრისპირელი გარინჩა“. დიახ, გარინჩა, რომელიც სულ მალე მარტო, დიახ, მარტო მოიგებს 1962 წლის მსოფლიოს ჩემპიონატს. სამხრეთელები გააოცა მესხის თამაშმა. ამას მოჰყვა მისი საფეხბურთო კარიერის ყველაზე მთავარი – 1963 წელს ლონდონში, ფიფას ნაკრებში მიიწვიეს დი სტეფანოს, პუშკაშის, ლოუს, ეუსებიოს, კოპას გვერდით, მაგრამ საბჭოთა ფეხბურთის მამებმა გაწირეს მესხი შეთითხნილი სიცრუით. ამცნეს მსოფლიოს, თითქოსდა მესხი ფორმაში არ იყო. საუკუნის მატჩში არ მისცეს საშუალება მონაწილეობა მიეღო. იმ მატჩში, სადაც მხოლოდ რჩეულებს იწვევენ, მიუხედავად იმისა, რომ მესხს საბჭოთა ნაკრების ძირითადში არ ათამაშებდნენ, სადაც კი ნაკრები ჩავიდოდა, ყველა ქვეყნის ჟურნალისტები წერდნენ, „ჩამოვიდა მესხის და მეტრეველის გუნდი“. უნგრეთის ნაკრების უფროსმა მწვრთნელმა ლაიოშ ბაროტიმ პირდაპირ განაცხადა, რა ბედნიერი ვიქნებოდი, რომ მეც მესხი და მეტრეველი სათადარიგო მყოლოდაო.

მესხმა უნდა ითამაშოს ტაშკენტში, უნდა შეუწყოს ხელი თბილისის „დინამოს“ საფეხბურთო ოლიმპზე ასასვლელად და მესხიც აღირებს, რომ იშვიათად თუ ვინმეს ახასიათებდა ისეთი ლამაზი გასვლა, როცა იგი ოსტატური დრიბლინგით გზას მიიკვლევდა მოწინააღმდეგის მცველთა შორის, როგორიც მას გაიტაცებდა და ხიბლავდა მისი დახვეწილი მოძრაობა, ორიენტაციის საოცარი უნარი, ფენომენალური ინტუიცია. მისი თამაში, რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ხიბლავდა მოწინააღმდეგესაც.

ერთ-ერთი ტურნეს დროს, მიშამ თავისი მოწინააღმდეგე დაჩაგრა პირველ ტაიმში თავისი ცნობილი ფინტის შემდეგ, მცველი ვერ მიხვდა, სად ბურთი იყო, სად მიშა. რამდენჯერმე წამოეგო დამცველი ამ ფინტზე, მეორე ტაიმში პირველივე შეტევის დროს მიშამ ბურთი მიიღო, როგორც ჩვეოდა, გაინაბა. მცველმა კი არც აცია, არც აცხელა, ტაში დაუკრა, მიიღებდა მიშა ბურთს — მცველი ტაშს უკრავდა. ყველაზე გასაოცარი ის იყო, რომ მწვრთნელმა მცველი არ გამოცვალა.

1965 წლის ბოლოს ნაკრები ეთამაშებოდა ბრაზილიის ნაკრებს. გაივლის დრო და მესხი გაიხსენებს ერთ ფაქტს: „თამაშის დროს ერთ ეპიზოდში ფეხბურთის მეფე და მე ახლოს აღმოვჩნდით. მე ზურგით ვიდექი, როგორღაც ვიგრძენი ფეხებგაჩაჩხული იდგა. ამით ვისარგებლე, ისეთი მოძრაობა გავაკეთე, ვითომ ბურთს ვაჩერებდი. სინამდვილეში ბურთი გავატარე, პელეს ფეხებშუა გავუძვრინე, შემოვტრიალდი და ბურთს გამოვეკიდე. პელე შეცბა, ერთბაშად ახარხარდა, წამომეწია, ზურგზე შემახტა და კოცნა დამიწყო. კარგა მანძილზე ვატარე ასე, ზურგზე შემომჯდარი. ეს ეპიზოდი თურმე ტრიბუნაზე მყოფ სენატორ რობერტ კენედის მოსწონებია და გასახდელში ჩამოსვლა გადაუწყვეტია მატჩის შემდეგ. ის-ის იყო უნდა გაგვეხადა, შხაპი მიგვეღო, როცა გასახდელთან უჩვეულო ხმაური ატყდა, კარი გაიღო და პოლიციელების თანხლებით სენატორი ჩამოვიდა. მას რაღაც გადაუჩურჩულეს და იგი ჩემკენ წამოვიდა“.

1964 წელს თბილისელებმა წინა თაობათა აუსრულებელი ნატვრა რეალობად აქციეს, მაგრამ ოქროს მედლების მოპოვებას დასჭირდა გადათამაშება. ამ ფინალს, 1960 წლის ფინალის გაგრძელებად მიიჩნევდნენ. ამჯერად არც ცაპოვეცკი მსაჯობდა, აღარც სლავა თამაშობდა „ტორპედოში“. ეს იყო დინამიური, შემტევი და ტემპიანი ფეხბურთი, ბურთი ხან ერთ კართან იყო, ხან მეორე კარისკენ გადადიოდა. მიუხედავად რამდენიმე საგოლე მომენტისა, პირველ ტაიმში გოლი არ გასულა. მეორე ტაიმში მეტოქეებმა თითო გოლი გაიტანეს და ყველა დამატებითი დროის სანახავად მოემზადა. დამატებით დროში მიხეილ მესხის შეჩერება აღარ შეიძლებოდა, მეორე გოლი დათუნაშვილს გააქვს მესხის პასით, მესამე გოლი თვითონ მიშამ გაიტანა, მეოთხე გოლი კი მეტრეველის ანგარიშზეა.

მესხი კვლავ ნაკრების ღირესებას იცავს, მაგრამ გაივლის ორიოდე წელი, საუკეთესო ფორმაში მყოფ მიხეილ მესხს 1966 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე ძირითადს ვინ ჩივის, სათადარიგო მოთამაშედაც არ წაიყვანენ. ამასაც უპოვნიან გამართლებას ნაკრების მწვრთნელები და ძირითად ნაკლად მესხს დაცვის არდახმარებას წაუყენებენ, მას საერთო მასაში ათქვეფას აძალებდნენ, მიშა კი გარემარბი იყო და მერე, როგორი გარემარბი!

ჯერ ნაკრებში ნელ-ნელა ავიწროვებენ, შემდეგ „დინამოში“, მაგრამ იგი უყვართ, მისი სახელის ხსენებაზე სასიანოვნო ჟრუანტელი უვლით მსოფლიოს ყველა ქვეყანაში და ამ დროს, როცა იგი ბუცებს კედელზე ჰკიდებს.

ეს რა კარგი ტრადიცია გქონიათ ქართველებს, ტაიმის საუკეთესო ფეხბურთელს საპატიო წრეს შემოატარებთო, მაგრამ როცა გაიგო, რომ მიშას დიდი ფეხბურთიდან აცილებდნენ, გაოცება ვეღარ დამალა ურუგვაელთ მწვრთნელმა. დიახ, ნაადრევად წავიდა დიდი ფეხბურთიდან მიხეილ მესხი, მისი საფეხბურთო ტალანტის გაფურჩქვნის ხანაში, ბოლომდე დაუხარჯავი.

გაივლის 20 გრძელი წელი, დეკემბრის სუსხიან დღეებში გულშემატკივრების გასახარად თბილისში ფეხბურთის ზეიმი, მიხეილ მესხის ტურნირი იმართება. უკვე თმაშევერცხლილი ვარსკვლავები აცოცხლებენ იმ განუმეორებელ დროს, როცა ისინი დიდების ზენიტში იყვნენ, 1964 წლის ფინალს. 25 წლის თავზე კვლავ ერთმანეთის პირისპირ დგანან დინამოელები და ტორპედოელები. ტორპედოელებს დაემატა ყველა დროის რუსეთის საუკეთესო ფეხბურთელი ედუარდ სტრელცოვი. თამაშის წინ წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს შოთა იამანიძის, ვახტანგ რეხვიაშვილის და ავთანდილ ღოღობერიძის ნათელ ხსოვნას. თამაში დაიწყო, ბურთი მიიღო მესხმა, ტრიბუნები გაინაბა. სხვადასხვა თაობის გულშემატკივრები კვლავ ელიან ფინტს, მესხის განუმეორებელ ფინტს. პირველი ცდა გაუცუდდა, მაგრამ გრძნობს, რომ მისგან ფინტს ელიან, მის განუმეორებელ ფინტს. 20 წელი გავიდა და მესხის ფინტის გამეორება ვერავინ შეძლო, ბურთი კვლავ მიშას აქვს, იგი გაინაბა და მოხდა სასწაული, მიშამ, როგორც ძველად, ისეთივე შემართებით, ისეთივე სიფაქიზით და ისეთივე აზარტით შეასრულა ცნობილი ფინტი.

ლევ იაშინი წერდა: „ისეთები, როგორიც მესხია, ფეხბურთს ჭეშმარიტად სილამაზეს სძენენ, პოეზია და რომანტიკა შეაქვთ თამაშში, ათეულათასობით გულშემატკივარს იზიდავენ სტადიონებზე. მესხმა — საფეხბურთო თეატრის ამ მოკაშკაშე, თვითნაბადი ტალანტის მქონე მსახიობმა — ბევრი გააკეთა თავისი კლუბისთვის და ჩვენი ნაკრებისთვის“.

მესხმა მიაღწია ყველაფერს, იყო თბილისის „დინამოს“ ყველა დროის ერთ-ერთი უსაყვარლესი ფეხბურთელი, იყო სსრკ ყველა დროის საუკეთესო ფორვარდი, იყო სპორტის დამსახურებული ოსტატი, სანამ იქნება ფეხბურთი, იქნება „მესხის ფინტი“. მის ხსენებაზე გულშემატკივრებს ყოველთვის სიამოვნებისგან სახე გაებადრებათ და დაუსრულებლად იტრაბახებენ, რომ მათ უნახავთ მიხეილ მესხი მწვანე მინდორზე.

ჩვენ კი დროა, კიდევ ერთხელ ვთქვათ, გმადლობთ, მიშა!!! ყველაფრისთვის!

გია ჯვარშეიშვილი

„სარბიელი“, 24 სექტემბერი, 1998