„ნაპოლისთან” დაკავშირებულ საიტებს გუშინ მკაფიოდ გამოკვეთილი მთავარი თემა ჰქონდათ: მამუკა ჯუღელის გახმაურებული ნათქვამი ვიქტორ ოსიმენის შესახებ და ნიგერიელი ფეხბურთელის უხეში პასუხი. მოგვიანებით, საქმეში ოსიმენის აგენტი რობერტო კალენდაც ჩერთო, რომელმაც ჯუღელს მოუწოდა თავის საქმეს და კლიენტებს მიხედოს, სხვის შრომას კი პატივი სცეს.
„გაძეტა ლედო სპორტმა” დაწერა, რომ ჯუღელი ოსიმენის ახალმა, მრავალმილიონიანმა კონტრაქტმა გააღიზიანა. მისი კლიენტის ხელფასი ხომ ნიგერიელის ახალ გასამრჯელოსთან შედარებით გაცილებით მცირეა, მაგრამ იტალიელი მიმომხილველების აზრით ქართველ აგენტს ოსიმენზე თავდასხმას ერჩივნა თავისი პრეტენზია კლუბისთვის გამოეთქვა.
საიტმა napolipiu-მ გადაწყვიტა საზოგადოებისთვის ოსიმენის აგენტი კალენდა უკეთ გაეცნო. პორტალი წერს, რომ კალენდა ევროპულ ფეხბურთში ცნობილი საქმოსანია და ბევრი მნიშვნელოვანი ტრანსფერი გაუხერხებია:
„კალენდა სატრანსფერო ბაზარზე ახალი კაცი არ არის. მისი კარიერა სავსეა მაღალი დონის მოლაპარაკებებით და ტრანსფერებით, რომელთაც იტალიურ ფეხბურთზე დიდი გავლენა იქონიეს. 2013 წელს „რომაში” მაიკონის გადაყვანით დაწყებული, ჟუან ჟესუსის ტრანსფერით დამთავრებული, კალენდას მოღვაწეობა ინტუიციის და სტრატეგიული აზროვნების დემონსტრაციაა.
რობერტო კალენდას ბრწყინვალე პროფესიონალიზმი განსაკუთრებით კარგად გამოჩნდა 2012 წლის ზაფხულში. მარკინიოსი მაშინ „კორინთიანსის” ახალგაზრდა ფეხბურთელი იყო, რომლის „რომაში” გადასვლას აღარაფერი აკლდა, მაგრამ ბოლოწამს ვითარება აირია — „რომამ” სტანდარტულ კონტრაქტს იჯარა ამჯობინა. შექმნილ მდგომარეობაში კალენდამ გამოსავალი მოძებნა: მხარეებს შესთავაზა იჯარა შემდგომში ყიდვის ვალდებულებით. ამ უბრალო ხერხმა ბრწყინვალე შედეგი მოიტანა. სანამ „რომას” ფეხბურთელის 4,5 მილიონად გამოსყიდვის დრო მოუვიდოდა, „პარი სენ ჟერმენმა” ბრაზილიელ ვარსკვლავში უკვე 34 მილიონი გადაიხადა.
2013 წელს კალენდას ხელმძღვანელობით კიდევ ერთი ჩინებული სატრანსფერო ოპერაცია ჩატარდა: კარლოს ტევესი „იუვენტუსში” გადავიდა. „მილანი” ძალიან ცდილობდა, რომ არგენტინელი ტურინელებს არ დარჩენოდათ, მაგრამ კალენდა მტკიცედ დადგა, ერთი სატელეფონო ზარით „ბებერი ქალბატონი” დაარწმუნა, რომ ტევესს მხოლოდ მათთან უნდა გადასვლა და გუნდისა და ფეხბურთელის შესანიშნავი წლები უზრუნველყო.
დღეს უამრავ ფეხბურთელს შორის კალენდას კლიენტები არიან ვიქტორ ოსიმენი, ჟუან ჟესუსი, ხერარდ იეპესი და მაქსიმ პატიე. კალენდას კლიენტურა იზრდება, მაგრამ მთელს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო თემა ოსიმენის მომავალია”.
ადვილი შესამჩნევია, რომ წერილი რობერტ კალენდას კარგად წარმოჩენისთვის არის დაწერილი. თუნდაც ის რად ღირს, რომ საფრანგეთის ლიგა 2-ში მოთამაშე მეკარე მაქსიმ პატიე მნიშვნელოვან კლიენტებს შორისაა ჩამოთვლილი, მაგრამ იტალიური საიტი ამას სავარაუდოდ კალენდას ჯუღელთან შედარებიისთვის და იტალიელი აგენტის სრული უპირატესობის დასამტკიცებლად აკეთებს. განწყობა ნათელია. იმედია ის ხვიჩაზე არ გავრცელდება.