ნაახალწლევს ევროპაში სარაგბო ტოპ-ლიგებში მორიგი ტური შედგა, ხოლო საფრანგეთის პრო დ2-ში პირველი წრე დასრულდა.
ტოპ 14
საფრანგეთისა და ევროპის უძლიერეს ლიგაში ლიდერი არ შეცვლილა: „რასინგ-92“-მა „კასტრს“ უმასპინძლა, რთულ ბრძოლაში 34:30 იმარჯვა, „შავი ლომის“ მომავალ მეტოქეს დაცვითი ბონუსი გაატანა, თუმცა ლელოები იმდენი გაიტანა, რომ პრემიალური ქულა თავადაც გამოიმუშავა, რამაც პარიზელთა სეზონური მონაგარი 12 ტურში 40 ქულას გაუტოლა, ეს კი ლიდერობის მინიმუმ ერთი ტურით გახანგრძლივების უტყუარი გარანტიაა.
პარიზელთა რიგებში პირველიდან 58-ე წუთამდე გურამ გოგიჩაშვილმა ითამაშა, რომელმაც, სხვათა შორის, „რასინგ-92“-თან კონტრაქტი სულ ახლახან 2026 წლამდე გაახანგრძლივა.
ამ შეხვედრის პარალელურად პარიზში კიდევ ერთი მატჩი გაიმართა – „სტად ფრანსემ“ „შავი ლომის“ კიდევ ერთ მომავალ მეტოქეს „კლერმონს“ 14:14 დაუზავდა. პარიზელებმა 33 ქულას მოუყარეს თავი და მესამე ადგილზე დაფუძნდნენ. მათ რიგებში საწყისი 52 წუთი სერგო აბრამიშვილმა ითამაშა, ვისაც თამაშის დასკვნით ნაწილში ტვინის შერყევაზე ტესტირებისთვის გასული პარტნიორის შეცვლაც მოუხდა. „ვულკანებში“ კი ბოლო 16 წუთი გიორგი ძმანაშვილმა ითამაშა, რომელიც მიმდინარე სეზონში პირველად გამოჩნდა ტოპ 14-ში.
საპლეიოფო მე-5 ადაგილზე კი „ტულონია“, რომელმაც მონპელიეში სტუმრობა წარუმატებლად განვლო. „მონპელიემ“ მრისხანე მეტოქეს 27:17 სძლია, მასპინძელთა სასტარტო შემადგენლობაში ერთბაშად ორი ქართველი იყო – კვაჭი ვანო კარკაძე და ბურჯი ლაშა მაჭარაშვილი. ორივე 45-ე წუთზე შეიცვალა, ხოლო ტულონელებს შორის იმავე 45-ეზე ბექა გიგაშვილი გამოჩნდა, 59-ე წუთზე კი „ტულონის“ შემადგენლობაში შეცვლაზე ვასილ ლობჟანიძე შევიდა, ვისთვისაც ეს იყო დებიუტი ტულონურ კლუბში სამედიცინო ჯოკერის სტატუსით. „ტულონს“ 32 ქულა დარჩა, ხოლო „მონპელიემ“ 16 კი დააგროვა, მაგრამ ბოლო ადგილს თავი მაინც ვერ დააღწია – 12-ქულიან აუტსაიდერს 4 ქულით უსწრებს… „ლიონი“.
ამ კლუბის წარუმატებლობა დიდი მოულოდნელობაა და ტულუზაში 0:45 გამანადგურებელ მარცხს გამართლებად ვერც ის ფაქტი გამოდგება, რომ მასპინძელი გუნდი საფრანგეთის მოქმედი ჩემპიონია. დავით ნინიაშვილმა შეუცვლელად ითამაშა.
კიდევ იყო საინტერესო მატჩი „პოში“, სადაც ჩემპიონთა ბოლო ორი თასის მფლობელმა „ლა როშელმა“ 29:20 იმარჯვა. ატლანტიკისპირელთა სასტარტოში ალექსანდრე ქუნთელია იყო, რომელმაც 51-ე წუთამდე ითამაშა.
პრო დ2
ამ ლიგაში გამოკვეთილი ლიდერი უქართველო „ვანია“, რომელსაც პირველი წრის თავზე 50 ქულა დაუგროვდა. ამჯერად ლიდერმა 28:16, ბონუსით ომარ ოდიშვილის „ანგულემს“ მოუგო. ქართველი ბურჯი სასტარტოში იყო, 57-ეზე შეიცვალა, 3 წუთში კვლავ დაბრუნდა და მომდევნო 11 წუთი გასინბინებულ კოლეგას ცვლიდა, რომელიც არ დაოკდა და თამაშში დაბრუნებულმა მსაჯს სულ ბოლოს წითელი ბარათი დასტყუა, რამაც ომარი თამაშში კიდევ ერთხელ დააბრუნა.
საპლეიოფო ტოპ-ექვსეულში ერთადერთი „ქართული“ გუნდი „ნევერი“ გახლავთ, რომელიც კოლომიეში 3:28 განადგურდა. სტუმართა შორის პირველიდან 51-ემდე და პლუს ბოლო 10 წუთი ილია კაიკაციშვილმა ითამაშა.
აი, ცხრილის ფსკერზე კი ჩვენი წარმომადგენლობა, სამწუხაროდ, მეტისმეტად სოლიდურია. ბოლოსწინა ადგილზეა ქვეყნის ჩემპიონად ნამყოფი „ბიარიცი“, რომელიც შინ „ბრივთან“ 8:23 დამარცხდა. ბასკურ გუნდში სასტარტო მარცხენა
ბურჯი გიორგი ნუცუბიძე იყო, რომელიც 26-ე წუთზე ტვინის შერყევის პროტოკოლით მინდვრიდან გაიყვანეს, მაგრამ საბედნიეროდ, 38-ეზე დააბრუნეს და 50-ემდე კიდევ ათამაშეს. თორნიკე ჯალაღონია კი თამაშში 59-ე წუთზე ჩართეს. უნდა ითქვას, რომ მომავალი სეზონიდან ჯალაღონია გაცილებით კარგ გუნდში დაიწყებს – ექს-ან-პროვანსის „პროვანსში“. რაც შეეხება „ბრივს“, ოდესღაც ქართველებით დახუნძულ კლუბში ოდენ ვახტანგ აბდალაძემ ითამაშა – პირველიდან 50-ემდე.
ბოლო ადგილზე კი „რუანია“ რომელმაც შინ „მონ-დე-მარსანთან“ მაგრად კი იომა, მაგრამ ბონუსსღა გამორჩა – 20:21. სოსო ბეკოშვილმა საწყისი ერთი საათი ითამაშა.
მირიან ბურდულის „მონტობანმა“ დაქსში 0:7 წააგო, ლუკა ნიორაძის „ორიაკმა ბეზიეში – 14:54, იოანე იაშაღაშვილის „ვალანს რომანმა“ კი აჟენში – 18:24. „გრენობლმა“ ხსენებული „პროვანსი“ ირაკლი აფციაურისა და გიორგი ჯავახიას დახმარებით 45:10 კი გაანადგურა, მაგრამ ფინანსური დარღვევების გამო 12 ქულის ჩამოკლებითაა დასჯილი და ფავორიტთა შორის ჯერჯერობით არ განიხილება.
პრემიერშიპი
ნიკა აბულაძის „ექსეტერმა“ შინ თითქოსდა მოგებულ მატჩში „ნორთჰემპტონთან“ 36:42 წააგო, ორივემ ბონუს-ქულაც მიიღო, ცხრილში კი ყოფილი ლიდერი „ექსეტერი“ მე-4 ადგილზე ჩამოქვეითდა, ხოლო ექს-მეოთხეადგილოსანი „ნორთჰემპტონი“ გალიდერდა. აბულაძემ საწყისი 50 წუთი ითამაშა და ეს იყო მისი მე-10 მატჩი პრემიერშიპის ეგიდით.