იტალიის სუპერთასის თამაშები 18-22 იანვარს გაიმართება და ნეაპოლური საიტები იმედოვნებენ, რომ ის ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლისთვის” შემობრუნების წერტილი გახდება.
„პარტენოპეელებმა” ახალი წლის წარმატებით დაწყება ვერ შეძლეს. ვალტერ მაცარის გუნდმა „ტორინოსთან” 0:3 წააგო, თან წაგებაც არის და წაგებაც, ფეხბურთელები სრულიად დემორალიზებულნი იყვნენ. მატჩის მსვლელობისას „გრანდე ტორინოზე” სტუმართა სექტორში შეკრებილმა გულშემატკივარმა თავის გუნდს ობსტრუქცია მოუწყო. საფინალო სასტვენის შემდეგ, კაპიტანმა ჯოვანი დი ლორენცომ თანაგუნდელები ქომაგებთან მიიყვანა და ბოდიში მოუხადა.
სეზონი წარმოუდგენლად ცუდად დაიწყო. საქმეს არც მწვრთნელის ცვლამ უშველამ. „ნაპოლი” ცხრილში მე-9 ადგილზეა. შარშან ამ დროს მას 22 ქულით მეტი ჰქონდა. ასეთი შედეგი კი ძალიან ცუდი თამაშის ლოგიკური შედეგია. მაცარის გუნდს შემდეგი შეხვედრა შინ „სალერნიტანასთან” აქვს, რომელიც ცხრილში ბოლო ადგილზეა.
კამპანიური დერბის შემდეგ კი „ნაპოლი” საუდის არაბეთს მიემართება. საუდელთა დედაქალაქ რიადში იტალიის სუპერთასის შეხვედრები უნდა გაიმართოს. ისტორიაში პირველად ამ ქვეყნის სუპერთასზე ოთხი გუნდი ითამაშებს. „აძური” ვინჩენცო იტალიანოს „ფიორენტინას” შეხვდება და გამარჯვების შემთხვევაში ფინალში გავა, სადაც „ინტერსა” და „ლაციოს” შორის მოგებულს დაუპირისპირდება.
პორტალი spazionapoli ყურადღებას სუპერთასის დებულებაზე ამახვილებს. გულშემატკივართა შორის იყო მითქმა-მოთქმა, თუ რა ბედი ეწევათ ფეხბურთელებს, რომლებსაც დისკვალიფიკაციამდე ერთი ყვითელიღა აკლიათ. „აძურიში” ასეთი მოთამაშე ხუთია: იენს კაიუსტე, მარიო რუი, ჟუან ჟესუსი, ჯოვანი დი ლორენცო და ხვიჩა კვარაცხელია. spazionapoli წერს, რომ თუ ჩამოთვლილ ფეხბურთელთაგან რომელიმე „სალერნიტანასთან” შეხვედრაში ყვითელს მიიღებს, ის ავტომატურად გამოტოვებს სერია A-ს შემდეგ შეხვედრას 28 იანვარს „ლაციოსთან”, ხოლო საუდის არაბეთში დანიშნულ სუპერთასის თამაშებს დისკვალიფიკაცია არ შეეხება. გასაგებიცაა, საუდელებმა მილიონები იმიტომ კი არ გადაიხადეს, რომ მათ დედაქალაქში ევროპული გუნდები შესუსტებული შემადგენლობებით ჩავიდნენ.
spazionapoli დარწმუნებულია, რომ „ნაპოლი” სუპერთასის მოგების შემთხვევაში სეზონის მეორე ნახევარს კარგად ჩაატარებს. პორტალი თავს „ინტერის” მაგალითით იმხნევებს: ერთი წლის წინ, სუპერთასზე გამარჯვებამ „ნერაძური” შეცვალა და გუნდმა იანვრის შემდეგ სულ სხვა ფეხბურთის თამაში დაიწყო. მილანელები მესამე ადგილზე და ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავიდნენ.