„სქაი სპორტის” სტუდიაში „ტორინოსგან” 3:0 განადგურებულ „ნაპოლიზე” იმსჯელეს. „სქაი კალჩო კლუბის” წამყვანის ფაბიო კარესოს მიერ მიწვეულმა სტუმრებმა „აძურის” შესახებ თავიანთი აზრი გამოთქვეს. წარსულში ცნობილმა მცველმა ჯუზეპე ბერგომიმ თქვა:
„მიმდინარე სეზონში „ნაპოლი” უბრალოდ გუნდი აღარ არის. გადახედეთ მათ შენაძენებს, ან ვისთან აწარმოებდნენ მოლაპარაკებებს. რატომღაც ეგონათ, რომ კიმის შეცვლა ადვილი იქნებოდა, არადა ლოსანოს შეცვლაც კი შეუძლებელი აღმოჩნდა. ლინდსტრომში ბევრი გადაიხადეს, მაგრამ რა როლი დააკისრეს? რა ფუნქციას ასრულებს ეს ფეხბურთელი ამ გუნდში? ყველაფერი ბუნდოვანებით არის მოცული. ერთი შეხედვით თითქოს მცირე საკითხებია, მაგრამ მათმა ჯამმა იმ კატასტროფასთან მიგვიყვანა, რაც დღეს ვნახეთ”.
ჟურნალისტმა მარკო ბუჩიანტინიმ კი ასე თქვა: „დღეს „ნაპოლი” სრულიად განადგურდა. ის განადგურდა როგორც გუნდი და აგრეთვე ინდივიდუალურად განადგურდნენ მისი ფეხბურთელები. ეს წაგება არ იყო, ეს იყო გაპარტახება. აშკარად რაღაც ძალიან სიღრმისეულთან გვაქვს საქმე: ემოციურ კოლაფსთან, მხნეობისა და ერთსულოვნების სრულ დაკარგვასთან. დააკვირდით, „ნაპოლი” ამ სეზონში ძალიან ცოტაჯერ დაჯარიმდა, მაგრამ 50-მდე ყვითელი ბარათი „აიკიდა”. ამ გუნდმა დაკარგა სცენა, როდესაც მთელი გუნდი ერთად მოედნის შუაში იყრის თავს. და მინდა ვალტერ მაცარის ერთი რჩევა მივცე: გააკეთე ის, რაც შენ მიგაჩნია სწორად. ასე უფრო მეტ ნდობას გამოიწვევ. თუ გრძნობ, რომ სხვა გადაწყვეტილებები თავადაც და გუნდსაც უფრო გაგაძლიერებთ, თამამად გადადი შენი იდეების ხორცშესხმაზე. მოურიდებლად გააკეთე ეს”.