ტურინელები ალესანდრო ბონჯორნო და საბა საზონოვი „ნაპოლისთან” გამარჯვებას ზეიმობენ

ოდესღაც „ნაპოლი” სასწაული გუნდი იყო — ჰარმონიული, ერთსულოვანი, ჯადოსნური. ადამიანთა ჯგუფი, რომელიც ამ ყველაფერს ქმნიდა, თან სიამოვნებას იღებდა როგორც შინ, ასევე სტუმრად. მას ტაშს უკრავდნენ და მოწინააღმდეგეთა ფანებიც კი აღიარებდნენ. რატომ? იმიტომ, რომ როდესაც პროექტი მშვენიერი, საიმედო და ამაღელვებელია, ის ყველაზე მოქმედებს. ოღონდ ეს ოდესღაც იყო. თუმცა… ეს ოდესღაც ექვსი თვის წინ გახლდათ. დღეს კი „ნაპოლი” დე ლაურენტისის ეპოქის ყველაზე სუსტი ვერსიაა, რომელიც საჩემპიონო 2023 წლის დამთავრებას, მე-9 ადგილზე შეხვდა —  22 ქულით ნაკლები აქვს ვიდრე შარშან ამ დროს სპალეტის ჰქონდა და ლიდერ „ინტერს” 20 ქულით ჩამორჩება. ახალი სეზონის პირველი წრის ბოლოს ის მე-9 ადგილზეა. გულშემატკივარსაც მობეზრდა ის არაფერი, რომელსაც ფეხბურთელები მოედანზე აჩვენებენ. გუნდში სრული არეულობაა. ფეხები მოძრაობს, მაგრამ სხეულს თავი არ აქვს.

ტურინული კრახი მხოლოდ და მხოლოდ აისბერგის მწვერვალია, რომელსაც წინ შეცდომებისა და კოშმარების ექვსი თვე უსწრებდა. დღეს საბრალდებო სკამზეა დასამელი უკლებლივ ყველა. „მონცასთან” თამაშის შემდეგ აურელიო დე ლაურენტისმა, რომელიც გუშინ ესპანეთში იმყოფებოდა და მატჩს არ დასწრებია, პასუხისმგებლობა თავზე აიღო. ალბათ, ამიტომაც სთხოვეს „ნაპოლის” გულშემატკივრებმა ახალი, შესაფერისი დონის ფეხბურთელების შეძენა და „ტორინოსთან” დამარცხებული მოთამაშეების სადმე სხვა სამუშაოზე გაშვება.

რაოდენ პარადოქსულადაც უნდა ჟღერდეს, სკუდეტოს მოპოვება გუნდისთვის, რომელსაც აღარც სული აქვს და აღარც ხალხის აღფრთოვანების უნარი, რაღაც დიდის დასაწყისი კი არა, დასასრული აღმოჩნდა. „სკუდეტოს დედაც… ჩვენ პატივისცემას ვიმსახურებთ” სკანდირებდნენ ტურინში ჩასული ნეაპოლელი გულშემატკივრები სტუმართა სექტორიდან. ისინი ზეიმს ოცდაცამეტი წელი ელოდნენ, ყველაფრის განადგურებას კი სულ რამდენიმე თვე დასჭირდა. ფეხქვეშ გაითელა იმ ადამიანების თავმოყვარეობაც, რომელთა გულებშიც სკუდეტომ ქარიშხალი გააღვიძა.

დღეიდან მთელი „ნაპოლი” ბანაკში ჩაიკეტება, სულ მცირე შაბათამდე, როდესაც კამპანიური დერბი „ნაპოლი” – „სალერნიტანა” უნდა გაიმართოს. ტურინული მატჩი კი ზედიზედ მესამე იყო, რომელშიც ვალტერ მაცარის გუნდმა გოლის გატანა ვერ მოახერხა. გარდა ამისა, ეს გახლდათ მეშვიდე შეხვედრა, რომელშიც „აძურიმ” მინიმუმ ორი გოლი გაუშვა. ამაზე უარეს დღეში გუნდი მხოლოდ 2009-10 წლების სეზონის პირველ წრეში იყო.

საქმე გვაქვს სენსაციურ ჩავარდნასთან, რომელსაც ბევრი ავტორი ჰყავს და რომელიც ამ ეტაპზე მკურნალობას არ ექვემდებარება. მწვრთნელის შეცვლამ საქმეს ვერ უშველა. პირიქით, მაცარის ხელში „ნაპოლიმ” ერთ შეხვედრაში საშუალოდ ნაკლები ქულა მოიპოვა, ვიდრე რუდი გარსიას ხელში მოიპოვებდა.

რაც შეეხება გუშინ, ტრიბუნაზე ანტონიო კონტეს ყოფნას, ამ ამბავმა ბევრს მომავლის იმედი გაუღვივა, თუმცა, ანტონიო მხოლოდ ზაფხულში გადაწყვეტს რა ქნას. ის ტურინში ცხოვრობს და „ოლიმპიკოზე” ხშირად დადის, ასე რომ მის სტადიონზე დანახვაში გასაკვირი არაფერია.

მატჩის შემდეგ მაცარი, რომელმაც 28 შესაძლებლიდან მხოლოდ 7 ქულა მოაგროვა, ნახევარ საათზე მეტხანს ელოდა როდის მიეცემოდა თავისი ლოჟიდან (დისკვალიფიცირებული იყო და გუნდთან ერთად ყოფნის უფლება არ ჰქონდა) გასახდელში ჩასვლის საშუალება. ალიბი და თავის მართლება აღარ მოქმედებს. გულშემატკივარს მოროგო ბოდიში აღარ აკმაყოფილებს, მას კითხვებზე კონკრეტული პასუხი სჭირდება.

ვინჩენცო დ’ანჯელო, „გაძეტა დელო სპორტი”