„ინტერმა” „ვერონას” 2:1 მოუგო და სერია A-ს პირველი წრის ჩემპიონი გახდა, მაგრამ იტალიური მედია ამ შეხვედრაში მსაჯის მიერ დაშვებულმა შეცდომამ შეაზანზარა. განსაკუთრებით აღშფოთდნენ „იუვენტუსის” მხარდამჭერი საიტები. TuttoJuve-მ სარედაქციო წერილით „ნერაძურის” მძლავრად შეუტია და დაწერა, რომ მილანელებს „ნახევარი-სკუდეტოს” მოპოვებაში მსაჯები დაეხმარნენ.

„უსირცხვილო „ინტერი”. მორიგი გამარჯვება დახმარების წყალობით. მსაჯები და VAR ნახევარ-სკუდეტოს „ნარაძურის” ჩუქნიან” — წერის პორტალი და ეს მხოლოდ სათაურია. შემდეგ წერია, რომ მიმდინარე სეზონი უპრეცედენტოდ დამახინჯებულია, რადგან მსაჯებს ჰყავთ აშკარა ფავორიტი — „ინტერი”.

აღშფოთება კი „ინტერის” მიერ გატანილმა მეორე გოლმა გამოიწვია. ის მილანელებმა 90+3 წუთზე გაიტანეს, მაგრამ ბურთის კარში შეგდებას წინ ალესანდრო ბასტონის მიერ ონდრეი დუდასთვის იდაყვის ჩარტყმა უძღოდა და საყოველთაო აზრით მსაჯს აქ თამაში უნდა შეეჩერებინა. თუ არბიტრმა ეპიზოდი ვერ დაინახა, VAR-ი ვალდებული იყო მისთვის ეკარნახა.

ხმა იტალიაში ცნობილმა ჟურნალისტმა, თვით მილანური ტელეკომპანიის Telelombardia-ს წამყვანმა ფაბიო რავეცანიმაც აიმაღლა. მან თქვა: „თუ იტალიურ მსაჯთა კორპუსს არ ძალუძს მოძებნოს პროფესიონალთა ჯგუფი, რომლებიც სწორ გადაწყვეტილებებს მიიღებენ, ესე იგი სერიოზულ ჩავარდნასთან გვაქვს საქმე. VAR-ი სამართლიანობის ინსტრუმენტი უნდა გახდეს და არა უსამართლობის. და მოდი შეთქმულების თეორიაზე ლაპარაკს თავი დავანებოთ”.

განრისხებული ნეაპოლური საიტი napolipiu კი მკითხველს შეახსენებს, რომ მაიკლ ფაბრი, რომელმაც „ვერონასთან” „ინტერს” „მოაგებინა” (სამართლიანობისთვის უნდა აღინიშნოს, რომ VAR-ის მითითებით მან „ინტერის” გოლის შემდეგ „ვერონას” სასარგებლოდ დანიშნა პენალტი, რომელიც ტომა ანრიმ ვერ გამოიყენა), სწორედ ის მსაჯია, რომელმაც „იუვენტუსისა” და „ნაპოლის” შეხვედრაში ვერ დაინახა, როგორ ჩაარტყა ფედერიკო გატიმ ხვიჩა კვარაცხელიას. შემდეგ საიტი შორს მიდის და ზოგადად იტალიელ მსაჯებს აკრიტიკებს. ის წერს, რომ დანიელე ორსატომ იგივე კვარაცხელია გააფრთხილა, მაშინ როდესაც გატი და მისი თანაგუნდელი ანდრეა კამბიასო ქართველს მთელი შეხვედრის განმავლობაში ფეხებში ურტყამდნენ.

ნეაპოლელი ჟურნალისტების აზრით, მხოლოდ „ინტერი” კი არა, ზოგადად მილანური და ტურინული კლუბები სარგებლობენ მსაჯების მხარდაჭერით.