საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებს სერბი სპეციალისტი, ალექსანდარ ჯიკიჩი გაწვრთნის. 52 წლის სპეციალისტმა, რომელიც 2023 წლის ისრაელის ლიგის საუკეთესო მწვრთნელად დაასახელეს და მიმდინარე სეზონიც იერუსალიმის „ჰაპოელში“ დაიწყო, ებრაული კლუბი რამდენიმე დღის წინ დატოვა და ახლა ის მხოლოდ საქართველოს ეროვნულ გუნდში იმუშავებს.
ჯიკიჩის კონტრაქტი მომავალი, 2025 წლის ევრობასკეტის ციკლზეა მორგებული: მოიცავს მის საკვალიფიკაციო ტურნირს და რაღა თქმა უნდა, ევრობასკეტის ფინალურ ეტაპს. 2025 წლის შემოდგომაზე მხარეები კონტრაქტის გაგრძელების საკითხს განიხილავენ და გადაწყვეტილებას ურთიერთშეთანხმების საფუძველზე მიღებენ. მსოფლიოს ჩემპიონატის დასრულების შემდეგ საქართველოს ნაკრები პირველად 2024 წლის თებერვლის შუა რიცხვებში 2025 წლის ევრობასკეტის შესარჩევი ტურნირის მატჩებისთვის მოსამზადებლად შეიკრიბება. ჩვენები 23 თებერვალს ნესტვედში, დანიასთან და 26-ში თბილისში, სერბეთთან ითამაშებენ.
ჯიკიჩი გამოცდილი სპეციალისტია. მისი კარიერა 1991 წელს, 20 წლის ასაკში დაიწყო, ხოლო 1994 წლიდან ის პროფესიონალი მწვრთნელია. ბელგრადის „პარტიზანში“ მთავარი მწვრთნელების (ნენად ტრაიკოვიჩი, დარკო რუსო, დუშკო ვუიოსევიჩი) ასისტენტად 6-წლიანი მუშაობის შემდეგ, 2005 წელს, ალეკსანდარ ჯიკიჩი NBA-ში გადავიდა და „მინესოტა ტიმბერვულვზში“ დუეინ კეისის ასისტენტი გახდა. ჯიკიჩი გახდა მეორე ევროპელი მწვრთნელი იგორ კოკოშკოვის შემდეგ, რომელმაც NBA-ის მთავარი მწვრთნელის ასისტენტის პოზიცია დაიკავა.
„მინესოტაში“ 3-წლიანი მუშაობის შემდეგ, 2008 წელს ალექსანდარ ჯიკიჩი ევროპაში დაბრუნდა და ლიუბლიანის „ოლიმპიას“ მთავარი მწვრთნელი გახდა. მან სლოვენიის ჩემპიონობა ზედიზედ 4-ჯერ მოიგო – ორჯერ „ოლიმპიაში“, ხოლო შემდეგ კიდევ ორჯერ – ნოვო მესტოს კრკა-ში. ჯიკიჩის გაწვრთნილი გუნდები სხვადასხვა წლებში იყვნენ ადრიატიკის ლიგისა და მონტენეგროს ჩემპიონატის გამარჯვებულები, სლოვენიისა და ისრაელის თასის მფლობელები, ხოლო 2011 წელს მისმა გაწვრთნილმა კრკა-მ ფიბა-ს ევროჩელენჯის თასი მოიგო. წინა, 2022-2023 წლების სეზონში ძიკიჩს წინამძღოლობით „ჰაპოელმა“ ფიბა-ს ჩემპიონთა ლიგის ფინალში ითამაშა, სადაც გერმანულ „ტელეკომთან“ დაძაბულ ბრძოლაში დამარცხდა.
სერბი სპეციალისტი სხვადასხვა წლებში წვრთნიდა „ლიეტუვოს რიტასს“ (ლიეტუვა), „პარტიზანს“ (სერბეთი), „ბუდუჩნოსტს“ (მონტენეგრო), „ესტუდიანტესს“ (ესპანეთი) და „ჰაპოელს“ (ისრაელი). სანაკრებო დონეზე ჯიკიჩს ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრები (2014-2015) გაუწვრთნია, ხოლო 2011 წლის ევროპის ჩემპიონატზე სერბეთის 20-წლამდელთა ნაკრების მწვრთნელი იყო.
საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ალექსანდარ ჯიკიჩის ასისტენტები ანატოლი ბოისა და მანუჩარ მარკოიშვილი იქნებიან, რომლებიც ამ პოზიციაზე ჩვენს ეროვნულ გუნდში ილიას ზუროსთან ერთად ბოლო წლებში მუშაობდნენ. ბოისა საქართველოს სუპერლიგაში მოთამაშე „რუსთავის“ თავკაცია, ხოლო მარკოიშვილი ევროლიგის კლუბ „მონაკოში“ – საშა ობრადოვიჩის ასისტენტი.