გიორგი მამარდაშვილის „ვალენსიამ” 2024 წელი მოგებით დაიწყო — „ვილიარეალი” დაამარცხა 3:1. ეს გახლდათ „ღამურების” ზედიზედ მეორე გამარჯვება ლა ლიგაში, „ყვითელი წყალქვეშა ნავი” კი კვლავ რთულ დღეშია — მარსელინო ამ სეზონში ფორმალურად მისი მესამე მწვრთნელია, მაგრამ შედეგი არ ჩანს. და რუბენ ბარახამ კოლეგას აჯობა. „ვალენსია” „ვილარეალზე” უკეთესი იყო როგორც ბურთის გორებაში ასევე მაღალ ბურთელბზე თამაშში. როგორც „მარკა” წერს, „ღამურებმა” სტუმრებს შეხვედრის ტემპისა და რიტმის გონივრულად ცვლაშიც აჯობეს.

ანგარიში უკრაინელმა რომან იარემჩუკმა მშვენივრად მოთამაშე კაპიტნის ხოსე გაიას გარღვევისა და პასის შემდეგ მე-4 წუთზევე გახსნა, შემდეგ კი იყო ორი პენალტი (27-ე და 57-ე წუთებზე), რომლებიც პეპელუმ გაიტანა. 73-ე წუთზე სტუმართა თავდამსხმელმა ხერარდ მორენომ ბოლოს და ბოლოს მოახერხა მამარდაშვილის კარში ბურთის შეგდება.

„ქულებს არ ვითვლი. ჩვენი ამოცანა ყოველ კონკრეტულ შეხვედრაში კარგად თამაშია. ეს მატჩი მნიშვნელოვანი იყო, რადგან საშობაო არდადეგების შემდეგ პირველი გახლდათ. მთავარი არჩეული გეგმის შესრულება იყო და გაგვიმართლა, რომ ესეც მოვახერხეთ და საგოლე შესაძლებლობებიც გამოვიყენეთ”, — თქვა მატჩის შემდეგ ვალენსიელთა მწვრთნელმა რუბენ ბარახამ. გიორგიმ ამ მატჩში სამი დარტყმა მოიგერია.