„თანამედროვე ტექნოლოგიების წყალობით მოედანზე წარმოუდგენელ ამბებს ვხედავ. დღეს წესის დარღვევა ჩვეულებრივი ამბავი გახდა და ხუთი თამაშის შემდეგ ვიგრძენი, რომ დავიღალე, — თქვა „მონცასთან” შინ 0:0 დასრულებული თამაშის შემდეგ, Dazn-ის მიკროფონების წინ „ნაპოლის” მწვრთნელმა ვალტერ მაცარიმ და განაგრძო: „ამ შეხვედრაში ექვსი საგოლე მომენტი შევქმენით, მაგრამ ბურთი კარში ვერ შევაგდეთ. ძველ ამბებს შევეშვათ. დღევანდელ შეხვედრას თუ გადავხედავთ, დავინახავთ წესების მრავალ დარღვევას კვარაცხელიას წინააღმდეგ და გაფრთხილებებს, რომლებიც მეტოქის მაგივრად ჩვენ მივიღეთ. ასე თუ გაგრძელდება, ქულებს დავკარგავთ, აბა რა იქნება. რასაკვირველია, ის, რომ ვერ მოვიგეთ ჩვენი ბრალიც არის. გაიხსენეთ ანგისას, კვარაცხელიას თუ გაეტანოს მიერ ხელიდან გაშვებული მომენტები, მაგრამ ეს უკვე მეხუთე მატჩია, რომელშიც მსაჯმა საკამათო გადაწყვეტილებები მიიღო. დავიღალე.
მთელი შეხვედრის განმავლობაში ინიციატივა ჩვენს ხელთ იყო. როგორც გითხარით, რამდენიმე საგოლე მომენტი ვერ გამოვიყენეთ, მაგრამ „მონცა” მოედანზე ათი კაცით რომ დარჩენილიყო, ხოლო ჩვენ ოსიმენი და პოლიტანო გვყოლოდა, სულ სხვა ამბის მოწმეები გავხდებოდით.
გასული კვირის განმავლობაში კვარაცხელიას რასპადორის უკან თამაშში ვავარჯიშებდით. გვინდოდა ნახევარდაცვა მოედნის სიგანეზე გაშლილიყო, ხოლო ქართველისთვის მეტი სამოქმედო სივრცე შეგვექმნა. ასე ის ორ მეურვესაც დააღწევდა თავს.
დღეს უეჭველად ვიმსახურებდით ორი-სამი გოლით გამარჯვებას. სატურნირო ცხრილის კი არასდროს ვუყურებ. მე ყოველთვის კონრეტული შეხვედრა მაინტერესებს. თამაშის შემდეგ ჩემი ბიჭები შევაქე, მაგრამ ისიც ვუთხარი, რომ ასეთი მომენტების ხელიდან გაშვება არ შეიძლება”.
18 ტურის შემდეგ „ნაპოლის” 28 ქულა აქვს და ლიდერ „ინტერს” 17 ქულით ჩამორჩება.
„აძურის” შემდეგი თამაში 7 იანვარს სტუმრად საბა საზონოვის „ტორინოსთან” უწევს.