AS წერს, რომ გიორგი მამარდაშვილის „ვალენსია” შობას შესრულებული საშინაო დავალებით შეხვდა. სეზონის დაწყების წინ კლუბის მეპატრონის პიტერ ლიმის მარჯვენა ხელმა, პრეზიდენტმა ლეი ჰუნმა გუნდის წინაშე ამოცანად სტაბილური თამაში დასახა. ეს სხვა სიტყვებით ცხრილის შუაში უსაფრთხოდ დამკვიდრებას ნიშნავდა. რეალობიდან გამომდინარე ასეთ გეგმას მწვრთნელი რუბენ ბარახაც დაყაბულდა და აი, პირველი წრის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე შეიძლება ითქვას, რომ დავალება შესრულებულია — „ღამურებს” 23 ქულა აქვთ, გასავარდნთა ზონაში ყველაზე მაღლა, მე-18 ადგილზე მყოფ „სელტაზე” 10 ქულით მეტი.

ბარახას ყოველთვის უნდოდა, რომ მის გუნდს გამოკვეთილი სახე ჰქონოდა. AS-ს მიაჩნია, რომ თებერვლის შემდეგ, ანუ მას მერე რაც პიპომ გუნდი ჩაიბარა ავად თუ კარგად, ეს ასეც არის: „ვალენსია” იცავს თავს და შეტევას ყველა ხაზის მონაწილეობით ცდილობს.

„ვალენსიამ” 18 შეხვედრიდან ექვსში გოლი არ გაუშვა, რაშიც მისი მეკარის მამარდაშვილის წვლილი ძალიან დიდია. გიორგის დამსახურებაზე ისიც მეტყველებს, რომ ბარახა ცენტრალურ მცველთა წყვილს სულ ცვლიდა ანუ დაცვა სტაბილურად ვერ თამაშობდა და მწვრთნელი ძიების პროცესში იყო. ასეთ დროზე მეკარეზე ორმაგი დატვირთვა მოდის. ხსენებული 6 მატჩიდან 5 „ჩეებმა” შინ, „მესტალიაზე” ითამაშეს. და საინტერესოა, რომ ყველა შეხვედრა, რომელშიც გუნდმა გოლი არ გაუშვა, მისი გამარჯვებით დასრულდა.

„ვალენსია” მიმდინარე სეზონში მხოლოდ ორჯერ დამარცხდა დიდი ანგარიშით — სევილიაში „ბეტისთან” 0:3 და მადრიდში „რეალთან” 1:5. „ჟირონასთან” ბარახას გუნდმა ბოლო წუთებზე გაშვებული გოლების გამო 1:3 წააგო, სხვა ყველა მარცხში კი სხვაობა ერთ გოლს არ აღემატებოდა.

მამარდაშვილმა და მისმა თანაგუნდელებმა ჩემპიონთა ლიგის მონაწილე ესპანურ გუნდებთან ასე ითამაშეს: „სევილიას” სტუმრად მოუგეს (2:1), შინ დაამარცხეს „ატლეტიკო” (3:0), შინ ფრედ ითამაშეს „ბარსასთან” (1:1), შინ დამარცხდნენ „რეალ სოსიედადთან” 0:1 და სტუმრად წააგეს „რეალთან” 1:5. „რეალ სოსიედადთან” „ღამურებმა” კარგად ითამაშეს, მაგრამ არ გაუმართლათ.

გუნდს მოკლე სკამი აქვს და ბარახა იძულებულია გამოუცდელ ახალგაზრდებს დაეყრდნობს.