
„რეალის” 46 წლის ლეგენდა რაული ერთადერთი ვეტერანი არ არის, რომელიც ამა თუ იმ კლუბის სარეზერვო გუნდს უდგას სათავეში. „ლოს ბლანკოსის” ყოფილმა შვიდმა ნომერმა ბევრ წინადადებაზე თქვა უარი და „კასტილიას” უერთგულა. არადა, ბოლო ორი კლუბი, რომელიც რაულს მთავარ მწვრთნელობას სთავაზობდა გახლდათ „ვილიარეალი” და „უნიონ ბერლინი”. რაული „რეალის” მეორე გუნდში 2019 წლიდან მუშაობს.
მის ეპოქაში „ბარსელონაში” თამაშობდა მექსიკელი ცენტრალური მცველი რაფა მარკესი. დღეს ის 44 წლის არის, ბურთაობას თავი ხუთი წლის წინ დაანება და აგერ უკვე წელიწადნახევარია „ბარსა ატლეტიკს” იმავე „ბარსა B”-ს ხელმძღვანელობს. მარკესს მხარს კლუბის პრეზიდენტი ჟოან ლაპორტა უჭერს და ამბობენ, რომ საჭიროების შემთხვევაში მთავარ გუნდში ჩავის შემცვლელადაც განიხილავს.
ხსენებული ორი ვეტერანის გარდა ესპანეთში სამწვრთნელო საქმით ბევრი სხვა ვეტერანია დაკავებული. ფერნანდო ტორესი „ატლეტიკოს” ყმაწვილთა გუნდს ხელმძღვანელობს, ხოლო ალვარო არბელოა იმავე საქმეს „რეალში” აკეთებს. კიდევ შეიძლება სხვა მაგალითების მოტანა. მაგალითად, 46 წლის მიგელ ანხელ ანგულო 2021 წლიდან „ვალენსია მესტალიას” უდგას სათავეში, 40 წლის გაბი „ხეტაფე B”-ს და ასე შემდეგ.
ესპანეთს მიღმა, 43 წლის რუმინელი კრისტიან კივუ მილანის „ინტერის” 19-წლამდელებს ასწავლის ფეხბურთის თამაშს, 52 წლის ურუგვაელი პაოლო მონტერო „ატონ ვილას” უზრდის რეზერვს, ხოლო 47 წლის არიელ იბაგასა „ოლიმპიაკოსში” აკეთებს იმავეს.
ვეტერანების გამოცდილებას მხოლოდ კლუბები როდი იყენებენ. 49 წლის სანტი დეინა წლობით ხელმძღვანელობდა ესპანეთის ასაკობრივ ნაკრებებს, 50 წლის მიქაელ რაიციგერი, რომელსაც ბურთი „აიაქსში”, „მილანსა” და „ბარსელონაში” უგორებია, ნიდერლანდების 21-წლამდელთა ნაკრებს თავკაცობს, 39 წლის ხავიერ მაშერანო კი 20 წელზე უმცროსი არგენტინელების დამრიგებელია.