10 იანვარს გერმანიაში ხელბურთელთა ევროპის ჩემპიონატი იწყება, რომელიც საქართველოს ნაკრებისთვის ისტორიული იქნება – ტიტე კალანდაძის გუნდი კონტინენტის უმთავრეს ფორუმზე პირველად ითამაშებს.

საქართველოს ნაკრების ჯგუფში შვედეთის, ნიდერლანდებისა და ბოსნიის ნაკრებებიც არიან. ვერავინ იტყვის, რომ ამ ჯგუფიდან უნდა გავიდეთ. მეტიც, მესამე ადგილიც კი, უკვე კარგი შედეგი იქნება.

ევროპის ჩემპიონატისთვის მოსამზადებლად გუნდი თბილისში ერთი კვირის წინ შეიკრიბა, სადაც ეტაპობრივად დაემატნენ ლეგიონერები. შემადგენლობაში არის დანაკლისიც – ევროპის ჩემპიონატი ნიკოლოზ კალანდაძისა და ირაკლი ჩიქოვანის გარეშე ჩაივლის.

26 დეკემბერს კი, გუნდი რუმინეთში გაემგზავრება, სადაც „კარპატის თასზე“ ითამაშებს. ჩვენები, მასპინძლების გარდა, საბერძნეთისა და სლოვაკეთის ნაკრებებს გაეჯიბრება, რის შემდეგ საქართველოში დაბრუნდება. თუმცა, ეს არ იქნება ბოლო ამხანაგური მატჩები – დაგეგმილია სლოვენიური შეკრებაც, სადაც ქუვეითისა და საუდის არაბეთის ნაკრებებს ვეთამაშებით.

9 იანვარს გუნდი უკვე გერმანიაში გაემგზავრება, სადაც პირველ მატჩს 11 იანვარს ნიდერლანდების ნაკრებთან გამართავს.

25 დეკემბერს საქართველოს ხელბურთის ფედერაციამ და ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა პრესკონფერენცია გამართეს, სადაც ახალი, „მაკრონის“ ფირმის ფორმებიც წარადგინეს.

პრესკონფერენციას ფედერაციის ხელმძღვანელების და ნაკრების მოთამაშეების გარდა, ვეტერანი ხელბურთელებიც ესწრებოდნენ.

საქართველოს ნაკრების მწვრთნელი ტიტე კალანდაძე, ხელბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ვახტანგ მეიფარიანი და ვიცე-პრეზიდენტი ლევან სალუქვაძე

ვახტანგ მეიფარიანი, ხელბურთის ფედერაციის პრეზიდენტი:

– გასულ წელს, როდესაც ნაკრების ახალი მწვრთნელთა შტაბი დავნიშნეთ, წარმოადგინა ხედვები, რომელიც გუნდის გაახალგაზრდავებისა და მზადების პროცესის გარდა, სათამაშო ტაქტიკასა და სტილის განმსაზღვრელიც იყო. განვიხილეთ გეგმა, მოვიწონეთ და პირველივე მატჩში დავრწმუნდით, რომ სწორი გზით მივდიოდით. ერთია, გვაკლდა სტაბილურობა, გვქონდა ჩავარდნებიც, ფორტუნაც გარკვეულწილად ჩვენს მხარეს არ იყო, მაგრამ ბოლო ტურში დავამარცხეთ უნგრეთი და ისტორიაში პირველად გავედით ევროპის ჩემპიონატზე. რისთვისაც დიდი მადლობა მწვრთნელსა და ბიჭებს.

ლევან სალუქვაძე, ხელბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი:

– სასიამოვნოა, როდესაც ერთმანეთს კარგ ამბავზე ვხვდებით. გვქონდა რთული პერიოდი, მაგრამ ამ ბიჭებმა გულშემატკივარი ხელბურთისკენ შემოაბრუნეს. ტიტე, როგორც მწვრთნელი, ისტორიაში ოქროს ასოებით ჩაეწერა, ხოლო ეს ბიჭები პირველები არიან, ვინც ასეთ დიდ ფორუმზე მოხვდნენ. ჟურნალისტებთან ერთადერთი თხოვნა მექნება – ეს მაგარი ბიჭები საზოგადოებას უფრო ფართოდ გააცნონ, რაც ძალიან აკლიათ.

ტიტე კალანდაძე: საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი:

– ორი კვირაა დარჩენილი იმ შესანიშნავ დღემდე, რასაც ევროპის ჩემპიონატი ჰქვია. ამ ბიჭებმა შეძლეს ის, რაც 32 წლის მანძილზე ვერავინ გააკეთა და მთელ გუნდს მინდა ვუსურვო კარგი თამაში. ჩვენთვის მთავარი იქნება შევინარჩუნოთ ის თამასა, რასაც აქამდე მივაღწიეთ. ასევე გვინდა შევინარჩუნოთ ჩვენი, ქართული სტილი. დაახლოებით კვირაზე მეტია შეკრებაზე ვართ, სადაც ეტაპობრივად ლეგიონერებიც შემოგვიერთდნენ. საწყენია, რომ ევროპის ჩემპიონატზე არ გვეყოლება ნიკოლოზ კალანდაძე და ირაკლი ჩიქოვანი. თუმცა, ამ ბიჭებმა დაამტკიცეს, რომ მათ გარეშეც ყველაფერი შესაძლებელია.

პირველი გენერალური რეპეტიცია რუმინეთში გვექნება. იქ გამოჩნდება რა მინუსები და პლუსები გვაქვს, რაზე უნდა გავაკეთოთ აქცენტი და რა უნდა გამოვასწოროთ. რუმინეთში ამის კარგი შანსი გვაქვს, რადგან ძალიან კარგი შემადგენლობა მოიყრის თავს. „კარპატის თასის“ მსგავს ტურნირებზე ჩვენ აქამდე არც კი გვეძახდნენ, მაგრამ ახლა უკვე ყველასთვის სასურველი სპარინგ-პარტნიორები ვართ და ეს ამ ბიჭების დამსახურებაა. ორი ამხანაგური მატჩი გვექნება სლოვენიაშიც ქუვეითისა და საუდის არაბეთის ნაკრებებთან. ყველა ეს გუნდი რეიტინგში ჩვენზე წინ და ასეთ მატჩებში უნდა ვისწავლოთ მაღალ დონეზე თამაში.

რეალობიდან გამომდინარე, ამ ეტაპზე ჯგუფში სერიოზული მიზნები არ გვაქვს, მაგრამ მთავარია ჩვენი იდენტობა და თამასა შევინარჩუნოთ. ჯერ ახალგაზრდა, მზარდი გუნდი ვართ, მაგრამ გამოუცდელები. ზედიზედ რამდენიმე ასეთი ტურნირი გვინდა და ეს გამოცდილებაც მოვა. 2-3 წელიწადში უკვე შეგვეძლება პრეტენზიები გვქონდეს. გვყავს დიდი ტალანტის მქონე მოთამაშეები.

საქართველოს ნაკრები რუმინეთში ასეთი შემადგენლობით გაემგზავრება:

მეკარეები: ზურაბ ცინცაძე, დავით ნიქაბაძე;

წინა ხაზი: გიორგი ცხოვრებაძე, ერეკლე არსენაშვილი, გიორგი დიხამინჯია, ირაკლი კბილაშვილი, თეიმურაზ ორჯონიკიძე, სანდრო დარსანია, მირიან გავაშელიშვილი, ზურაბ გოგავა, ხაზეინ რუსტამოვი, ზურაბ აბრამიშვილი, გიორგი გოგოლაძე, ნიკოლოზ ლაპიაშვილი, ზურიკო, გიორგი არეშიძე, ნიკოლოზ კალანდაძე.