სერია A-ს მე-17 ტურში „რომამ” „ნაპოლის” შინ 2:0 მოუგო. ეს იყო შეხვედრა, რომელიც გულშემატკივარს ცამეტი ყვითელი და ერთი პირდაპირი წითელი ბარათით დაამახსოვრდება, რომელიც მატეო პოლიტანომ მიიღო. ხსენებული ცამეტი გაფრთხილებიდან ორი ნეაპოლელთა ნიგერიელ ვარსკვლავს ვიქტორ ოსიმენს ერგო და შესაბამისად მანაც დატოვა მოედანი. თითო ყვითელი მეტოქეთა მწვრთნელებმა, ჟოზე მოურინიუმ და ვალტერ მაცარიმაც მიიღეს.
გაფრთხილებების გარდა შეხვედრა იმითაც გამოირჩეოდა, რომ მოურინიუს გუნდმა აგრესიულ ფეხბურთს მიმართა. აქვე, სამართლიანობა მოითხოვს ითქვას, რომ „რომა” აგრესიულთან ერთად უფრო მოწადინებულიც ჩანდა და ვინ იცის ბევრი ყვითელი ამითაც იყო განპირობებული, მაგრამ ამჯერად თქვენი ყურადღება სხვა რამეზე გვინდა გავამახვილოთ. კერძოდ, მატჩის შემდგომ პრეს-კონფერენციაზე მოურინიუმ მოულოდნელი რამ თქვა:
„დღეს მთელი ჩემი შტაბი ავად გახდა. ერთადერთი ჯანმრთელი ადამიანი მე ვიყავი. ერთი თანაშემწე საავადმყოფოშიც კი წაიყვანეს. მეორე ტრიგორიას ბაზაზე ოთხი დღით კარანტინში გამოკეტეს. ვეხვევი მათ. ისინი ნამდვილი პროფესიონალები არიან”.