ოკეანის გაღმა ქართველ კალათბურთელთა სათამაშო დრო კონკურენტთა ტრავმებზეა დამოკიდებული. თუ აქამდე გოგა ბითაძე უფრო ხშირად თამაშობდა, დღეს გამთენიისას მოედანზე მამუკელაშვილი უფრო დიდხანს იყო.

Former Seton Hall star Sandro Mamukelashvili signs with San Antonio Spurs -  nj.com„სან ანტონიოს“ ახალწვეული ვიქტორ ვემბანიამა მარჯვენა კოჭის ტრავმა აწუხებს და მის გამოთავისუფლებული დრო რამდენიმე კაცზე ნაწილდება. ერთ-ერთი მამუკელაშვილია. „სან ანტონიო“ დალასს ესტუმრა და 119:144 წააგო. მამუკელაშვილს 15 წუთი ერგო, რა დროშიც 14 ქულა ჩააგდო. ქართველი კალათბურთელი მოედანზე პირველ მეოთხედში გამოჩნდა, მაგრამ გრეგ პოპოვიჩმა შემდეგი ორი მეოთხედი არ ათამაშა და მატჩის ბოლოს ისევ შეუშვა, როდესაც ყველაფერი გადაწყვეტილი იყო.

მთლიანობაში სანდროს 14 ქულასთან ერთად, 5 მოხსნა, 3 პასი და 1 დაფარება დაუგროვდა. მამუკელაშვილმა სამიდან სამი ორქულიანი, სამიდან ერთი სამიანი და ექვსიდან ხუთი საჯარიმო ჩააგდო.

ორლანდოში კი, ქართველი კალათბურთელის ბედი პირიქით შეიცვალა. გამოჯანმრთელდა ვენდელ კარტერი და მეჯიქის სასტარტო ხუთეულში ცენტრის პოზიცია დაიკავა. მეორე მატჩია კარტერი ხუთეულში იწყებს, ბითაძის სათამაშო დრო და შედეგიანობა კი მნიშვნელოვნად შემცირდა. ამჯერად „ორლანდომ“ სტუმრად გოგას ყოფილ გუნდს, „ინდიანას“ მოუგო – 117:110. სასტარტოში გამწესებულ კარტერს ბევრი არ უთამაშია – 16 წუთში 4 ქულა და 8 მოხსნა დააგროვა. თუმცა, ბევრი დრო არც ბითაძეს ერგო: ქართველმა ცენტრმა 11 წუთში 1 ქულა, 1 მოხსნა, 1 დაფარება, 2 პასი და 2 ჩაჭრა მიითვალა.

ბითაძეს თამაშიდან არ შეუტევია და მხოლოდ ორი საჯარიმო ესროლა, რომელთაგან ზუსტი ერთი იყო. ახლა კალათბურთელები საშობაოდ დაისვენებენ, თამაშები კი, 27 დეკემბერს განახლდება. ბითაძის „ორლანდო“ „ვაშინგტონს“ ესტუმრება, ხოლო „სან ანტონიო“ შინ „იუტას“ დაუხვდება.