„შავმა ლომმა“ „თელ ავივ ჰითის“ საოცარ წნეხს გაუძლო, ორკაცნაკლულმა უპირატესობა შეინარჩუნა და „რაგბი ევროპის“ სუპერთასის მფლობელი ზედიზედ მესამედ გახდა! ცნობისთვის, ეს ტურნირი სულ მესამედ გაიმართა და ქართულმა ფრენჩაიზმა ჯერაც არავინ გააკარა საკმაოდ ორიგინალურ ჯილდოს.
27:17 – ესაა შეხვედრის საბოლოო ანგარიში. სიცივის მიუხედავად, „ავჭალაზე“ საკმაოდ ბევრი ხალხი შეიკრიბა და ეჭვგარეშეა, რომ მორაგბეებმა პუბლიკა ცეცხლოვანი, ემოციებით აღსავსე და ლამაზი ლელოებით გაჯერებული სანახაობით დაასაჩუქრეს. „შავმა ლომმა“ სეზონი მაჟორული აკორდით დააგვირგვინა.
ანგარიში მე-7 წუთზე შერკინების მიერ მოპოვებული საჯარიმო დარტყმოთ ლუკა მატკავამ გახსნა. 10 წუთში ქართულმა მოლმა სტუმართა დაცვა გაარღვია და გიორგი კერვალიშვილმა მატჩის პირველი ლელო მიითვალა, მატკავამ გარდასახა და ანგარიში 10:0 გახადა.
მე-20 წუთზე ლევან მაისაშვილის გუნდს ლამაზი ხელდახელ შეტევა გამოუვიდა, რომელიც მარცხენა კიდეზე სუპერ-აჩქარებით ვეტერანმა სანდრო თოდუამ დააგვირგვინა, თავი დაიზიანა და მინდორი დატოვა. მატკავამ თითქმის ლელოს ხაზიდან, მინიმალური კუთხიდან უნაკლოდ დაარტყა და „შავი ლომის“ უპირატესობა უკვე 17-ქულიანიც კი გახდა.
მიუხედავად ამხელა უპირატესობისა, ისრაელელები დერეფანში დომინირებდნენ და მათი მოლი იყო ის ელემენტი, რომელმაც მასპინძლებს უდიდესი პრობლემები შეხვედრის ბოლომდე უხვად შეუქმნა.
26-წუთზე სწორედ მათ მიერ უნაკლოდ ჩაწოდებულ დერეფანსა და იდეალურ მოლს მოჰყვა ტექნიკური ლელო და სანდრო მამამთავრიშვილის 10-წუთიანი სინბინი – 17:7.
ამასობაში სანდრო თოდუა მინდორზე თავშეხვეული დაბრუნდა, დაბრუნდა მისი სეხნია მამამთავრიშვილიც და რიცხობრივი წონასწორობის აღდგენას უკვე ლუკა ივანიშვილის საოცარი ლელო მოჰყვა. მატკავამ კვლავ უმახვილესი კუთხიდან დაარტყა, გაოცებულმა პუბლიკამ ჩვენი ჩუბინი აღფრთოვანების ყიჟინით დააჯილდოვა და ტაიმიც მალევე მორჩა – 24:7.
მეორე ნახევრის მერვე წუთზე კი გაუთვალისწინებელი რამ მოხდა – მირიან მოდებაძემ მაღალი ბურთი მოიგო და შექმნილ რაქში ირლანდიელმა რეფერიმ პირველი ლელოს ავტორი გიორგი კერვალიშვილი დააჯარიმა, გვერდით მსაჯთან ითათბირა და ახალგაზრდა მესამეხაზელს წითელი ბარათი აუფრიალა. ეს დიდი ფსიქოლოგიური დარტყმა იყო ჩვენი გუნდისთვის, მით უფრო, რომ 58-ე წუთზე ნილ რაუტენბახმა დატრიალებული თელავივური მოლიდან ბურთი ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე გამოიტანა და ჩვენს ლელოში დაამიწა – 24:12. დამრტყმელმა „შავი ლომის“ საბედნიეროდ ააცილა და 12-ქულიანი უპირატესობა ძალაში დარჩა.
მესამეხაზელის გარეშე ჩვენს შერკინებას ძლიერ გაუჭირდა მძიმე და მაღალკვალიფიციური სამხრეთაფრიკელებით დაკომპლექტებულ თელავივურ შერკინებასთან გამკლავება და მაისაშვილმა მესამეხაზელი საბა კურტანიძე გარემარბის – თოდუას ნაცვლად შეიყვანა თამაშში და ამ ფაქტმა სიტუაცია რამდენადმე დააბალანსა. შევუტიეთ კიდეც, თუმცა უშედეგოდ. აი, დაცვაში კი, სტუმართა მოლის ჩაშლა სულ უფრო და უფრო გაგვიჭირდა, წესების დარღვევაში ქართველების დადანაშაულების სიხშირემაც იმატა და საბოლოოდ, 74-ე წუთზე შემცვლელი კვაჭი ბექა მამრიკიშვილი ყვითელი ბარათით დასაჯეს, ანუ წინ უმძიმესი, ორკაცნაკლული 6 წუთი იყო, რადგანაც მამრიკიშვილის სინბინამდე დენი ჰობსმა მორიგი მოლი ლელოთი დაასრულა, რომელიც „ჰიღის“ დამრტყმელმა კვლავ ვერ გარდასახა, ხოლო საპასუხო შეტევაში რეფერიმ, როგორც იქნა, სტუმრების ფოლიც შენიშნა და მატკავამ ხელსაყრელი პოზიციიდან არ ააცილა – 27:17.
უპირატესობა 10-ქულიანი კი იყო, მაგრამ რაგბში 2-კაციანი რიცხობრივი სხვაობა იმდენად საგრძნობია, რომ „შავი ლომისთვის“ იმ 6 წუთის გაძლება გმირობის ტოლფასი იქნებოდა. და ქართველებმა გაძლეს! იომეს, იბრძოლეს და გაიმარჯვეს! ყოჩაღ „შავი ლომის“ უკლებლივ ყველა მორაგბეს, ვინც ამ და წინა გამარჯვებებში წვლილი შეიტანა. 2023 წელი, მსოფლიო თასზე ჩაფლავების გამო, წარუმატებელი კი გამოდგა, მაგრამ „შავმა ლომმა“ უკეთესის იმედები შეგვინარჩუნა – ეს ხომ ეროვნული ნაკრების საბაზო გუნდია.