პარასკევს, 22 დეკემბერს, „რაგბი ევროპის“ სუპერთასის მორიგი ციკლი დასრულდება. რიგით მესამე სუპერთასის ფინალი თბილისში, „ავჭალაზე“ 15 საათზე დაიწყება და ერთმანეთს ორი ობიექტურად უძლიერესი გუნდი დაუპირისპირდება – ჩვენი აწ უკვე საყვარელი და საამაყო „შავი ლომი“ და ისრაელის „თელ ავივ ჰითი“.

აღწერილობა არაა ხელმისაწვდომი.პირველი ქართული პროფესიული ფრენჩაიზი ამ ახალი ევროპული სარაგბო ტურნირის ორგზის და ერთადერთი გამარჯვებულია. პირველი სუპერთასი 2021-2022 წლების სეზონში გათამაშდა და გადამწყვეტ მატჩში „შავმა ლომმა“ პორტუგალიურ „ლუზიტანუშს“ დაძაბულ ბრძოლაში 17:14 აჯობა, მეორე ტურნირი კი უფრო კომპაქტურ ვადებში გაიმართა – 2022 წლის შემოდგომაზე, ხოლო მისი ფინალი დეკემბერში კვლავ ქართველებმა მოიგეს – ახლანდელ მეტოქე „თელ ავივ ჰითს“ თბილისში 29:17 აჯობეს.

აღწერილობა არაა ხელმისაწვდომი.თუმცა, „ჰითი“ რომ ღირსეული მეტოქეა, ამის დავიწყება არაფრით შეიძლება. ძირითადად სამხრეთაფრიკელებითა და კუნძულელებით დაკომპლექტებული გუნდი „შავ ლომთან“ ურთიერთშეხვედრებში დადებით ბალანსს ფლობს: ორჯერ ქართველებმა იმარჯვეს, ერთი მატჩი ფრედ დასრულდა, სამი შეხვედრა კი თელავივური ფრენჩაიზის გამარჯვებით დასრულდა. ჰოდა, იმედია, EPCR-ის ჩელენჯ კაპზე უელსური „სკარლეტსის“ ძლევას ეიფორია არ მოჰყვება და ჩვენი ბიჭები თავის მაღალ ოსტატობასა და ჯიგარს კიდევ ერთხელ გამოავლენენ.

„შავი ლომის“ შემადგენლობა „თელ ავივ ჰითთან“ მატჩში:

  1. დათო აბდუშელიშვილი, 2. ირაკლი ქვათაძე, 3. გიორგი ჩხარტიშვილი, 4. ნოდარ ჭეიშვილი, 5. მიხეილ ბაბუნაშვილი, 6. გიორგი კერვალიშვილი, 7. სანდრო მამამთავრიშვიდლი, 8. ლუკა ივანიშვილი, 9. თენგიზ პერანიძე, 10. ლუკა მატკავა, 11. ალექსანდრე თოდუა, 12. მერაბ შარიქაძე (კაპიტანი), 13. გიორგი კვესელაძე, 14. აკაკი ტაბუცაძე, 15. მირიან მოდებაძე.

მარფა: 16. ბექა მამრიყიშვილი, 17. ალიკო შამილიშვილი, 18. ნიკოლოზ ხატიაშვილი, 19. დემურ ეფრემიძე, 20. საბა კურტანიძე, 21. გიორგი მარგალიტაძე, 22. თორნიკე კახოიძე, 23. ლუკა ცირეკიძე.