„ბრაგასა” და „კალიარისთან” გამარჯვების შემდეგ „ნაპოლი” იტალიის თასზე შინ „ფროზინონესთან” დამარცხდა —0:4. ასეთმა ჩავარდნამ გულშემატკივარი გააღიზიანა. დაიძაბა მდგომარეობა კლუბშიც. მედიამ გამოჩხრიკა სურათები, სადაც ვიქტორ ოსიმენი ლეო ოსტიგორს და სხვა თანაგუნდელებს უბრაზდება. პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი კი კასტელ ვოლტურნოს ბაზაზე მივიდა.
როგორც ნეაპოლური გაზეთი „ილ მატინო” წერს, დე ლაურენტისს ფეხბურთელებისთვის ხმა არ გაუცია. ის მათ ვარჯიშს დაესწრო, მაგრამ სპორტულ დირექტორ მაურო მელუსოსთან და სხვა ხელმძღვანელებთან ერთად ერთად მოედნის კიდესთან იჯდა და იქუფრებოდა. „ილ მატინო” აგრეთვე წერს, რომ გასახდელში თანაგუნდელების წინაშე სიტყვით გამოვიდნენ კაპიტანი ჯოვანი დი ლორენცო, მარიო რუი და ვიქტორ ოსიმენი, რომელთაც, როგორც ფეხბურთელებმა ბრალი იკისრეს და ბიჭებს შემდეგ შეხვედრებში გამარჯვებებისკენ მოუწოდეს. ვნახოთ, რა შედეგს იქონიებს ეს სამოტივაციო სიტყვები „რომასთან” შეხვედრაში, რომელიც 23 დეკემბერს „სტადიო ოლიმპიკოზე” საქართველოს დროით 23 საათსა და 45 წუთზე გაიმართება.
დე ლაურენტისსა და მწვრთნელ ვალტერ მაცარის შორის კი ხანგრძლივი საუბარი გაიმართა. მათი შეხვედრის შესახებ ინფორმაციას კლუბის ყოფილი პრეს-ოფიცერი მასიმო სპარნელი ავრცელებს. მან კამპანიის ტელეარხ Tele A-ს გადაცემა „ტიფოზი ნაპოლეტანიში” გამოსვლისას თქვა:
„პრეზიდენტმა და მწვრთნელმა სათამაშო სისტემის შესაძლო შეცვლაზე ილაპარაკეს და მივიდნენ დასკვნამდე, რომ მაცარის მიეცემა შესაძლებლობა თავისი საყვარელი 3-5-2 მოსინჯოს. „ნაპოლიმ” სხვანაირად უნდა დაიწყოს თამაში. მათ უნდა დავივიწყონ 4-3-3. გუნდი ორი მოღალატის, ლუჩანო სპალეტის და კრისტიან ჯუნტოლის გაქცევამ ძალიან დააზარალა, დე ლაურენტისს კი უბრალოდ ორიენტაცია დააკარგვინა”.