Fans rallied against the despised projectგუშინდლიდან ფეხბურთში არეულობაა. ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ ფიფასა და უეფას მიერ სუპერლიგის პროექტის აკრძალვა სამართალს ეწინააღმდეეგება — ნებისმიერ კლუბსა თუ მოთამაშეს უფლება აქვს მონაწილეობა მიიღოს რაგინდა რა შეჯიბრებაში და სულაც არ არის აუცილებელი მათ ხსენებული ფიფა და უეფა ატარებდეს. შესაბამისად სუპერლიგის იდეამ კვლავ წამოჰყო თავი. აშკარაა, რომ იოლად არც მოწინააღმდეგეები დანებდებიან, წინ დიდი ბრძოლები იქნება და ამის კარგი მაგალითი ბრიტანეთის ხელისუფლების განცხადებაა: მსოფლიოს ერთ-ერთი უძლიერესი საფეხბურთო ქვეყნის მთავრობა ამბობს, რომ კლუბებს ახალ პროექტში მონაწილეობის ნებას არ მისცემს.

სუპერლიგის ორი წლის წინანდელი ფიასკო ბრიტანეთის ხელისუფლებამ საბოლოო გამარჯვებად არ მიიღო და 2024 წლიდან შექმნა საგანგებო საფეხბურთო რეგულატორი, რომელიც კლუბებს არალიცენზირებულ და სეპარატისტულ შეჯიბრებებში გაქცევის საშუალებას არ მისცემს. როგორც კი ევროპულმა სასამართლომ განაჩენი გამოაცხადა, ბრიტანეთის მთავრობის პრეს-მდივანმა საპასუხო სიტყვა თქვა: „ორი წლის წინ სეპარატისტული შეჯიბრების შექმნის მცდელობა ინგლისურ ფეხბურთში საეტაპო მომენტად იქცა და ის ყველამ დაგმო — გულშემატკივარმა, კლუბებმა და ხელისუფლებამ. ჩვენ მაშინვე მივიღეთ ზომები. შემოვიღეთ ფეხბურთის მართვის კონტროლი, რომელსაც ფანები ჩავუყენეთ სათავეში და შეიქმნა ინგლისური ფეხბურთის ახალი, დამოუკიდებელი რეგულატორი. უახლოეს მომავალში ავამოქმედებთ კანონპროექტს, რომელიც კლუბებს ამ ტიპის შეჯიბრებებში მონაწილეობას აუკრძალავს”.

ბრიტანეთში მნიშვნელოვან როლს თამაშობს ის გარემოებაც, რომ პრემიერ მინისტრი რიში სუნაკი გულშემატკივარია და ხვდება, რომ ხალხს ფინანსურად სტაბილური ეროვნული ფეხბურთი სჭირდება, რისთვისაც მეცადინეობას არ აკლებს. თან, ინგლისური გუნდების შეჯიბრება — პრემიერლიგა — მაღალი დონისაა და მის გუნდებს კარგი ფეხბურთის ძიებაში სხვაგან გაქცევა წესით არ უნდა სჭირდებოდეთ.

ცნობისათვის, სუპერლიგის პროექტი ინგლისური კლუბებიდან ხმამაღლა ჯერ მხოლოდ „არსენალს” და „ლივერპულს” არ დაუგმია.

თავის მხრივ ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების გამო თავს გამარჯვებულად გრძნობენ სუპერლიგის ორგანიზატორები. მათ პროექტს ზურგს კომპანია A22 უმაგრებს, რომლის აღმასრულებელმა დირექტორმა, გერმანელმა ბერნდ რაიქარტმა ANSA-თან ინტერვიუში დიდსულოვნად თქვა: „ჩვენ მთელს საფეხბურთო ოჯახთან დიალოგისთვის მზად ვართ (ვინ იცის ფიფა და უეფაც იგულისხმა).  გვიხარია, რომ კლუბებს შეუძლიათ ჩვენი წინადადებები სანქციების შიშის გარეშე განიხილონ. ყველა ღონეს ვიხმართ, რომ კლუბებს და ფანებს ჩვენი პროექტის სარგებელი დავანახოთ. როდის დაიწყება ახალი შეჯიბრება? რაც შეიძლება მალე”.