იტალიის თასზე „ნაპოლის” საშინაო მარცხს „ფროზინონესთან” (0:4) არავინ ამართლებს, მაგრამ გავლენიანმა რომაულმა გამოცემამ „კორიერე დელო სპორტმა” მკითხველის ყურადღება შეხვედრის ერთ ეპიზოდზე გაამახვილა. მოგეხსენებათ, სანამ ანგარიში ჯერ კიდევ 0:0 იყო, მასპინძლებმა გოლი გაიტანეს, ეს ჯოვანი სიმეონემ გააკეთა. VAR-მა ეპიზოდი გადაახვია და მსაჯ როსარიო აბისოს მისი მონიტორზე ნახვისკენ მოუწოდა. არბიტრმა მომენტის ჩანაწერი შეამოწმა და ჩათვლილი გოლი გააუქმა, რაც გაზეთის აზრით უხეში შეცდომა იყო. მეტიც, აქ საქმე გვაქვს არა ერთ, არამედ რამდენიმე შეცდომასთან, რომლებშიც დამნაშავე მარტო აბისო კი არა, მთელი მსაჯთა ბრიგადაა.

გავიხსენოთ მომენტის დინამიკა. „ნაპოლის” მეკარე გოლინი ბურთს საჯარიმოდან ფეხით აგდებს მოედნის შუისკენ, სადაც მას ძანოლი თავით ლინდსტრომისკენ გადაამისამართებს. ლინდსტრომი ბურთს დაიგდებს და ისევ ძანოლის უბრუნებს, რომელიც გარღვევას იწყებს.

პირველი შეცდომა:  VAR-ს გაუჩნდა ეჭვი, რომ ლინდსტრომმა ბურთი ხელით გააჩერა და მსაჯმაც მონიტორზე სწორზე ეს შეამოწმა. ამ ეპიზოდში „ნაპოლის” ფეხბურთელი ბურთს ბიცეპსის ზედა ნაწილით შეეხო და თან, შეხებამდე დაბლა დაიხარა ხელით თამაში რომ არ გამოსვლოდა. ლინდსტრომთან არც მსაჯი იყო შორს და თანამსაჯი ხომ საერთოდ ახლოს იდგა. VAR-ს ეპიზოდის შემოწმება არ უნდა დასჭირვებოდა და შეტევა რომ გაგრძელდა სწორი იყო. ასეთი ქმედება ხელით თამაშად არ უნდა ჩაითვალოს.

ამის შემდეგ, ძანოლიმ, როგორც მოგახსენეთ, გარღვევა წამოიწყო, მაგრამ მას მეტოქის მცველმა ჩალებ ოკოლიმ გაგდებულ ბურთთან მიასწრო და ის თავისი აზრით თანაგუნდელებისკენ გააგორა. ოკოლი შეცდა, ბურთს სიმეონე დაეუფლა და გოლი გაიტანა.

მეორე შეცდომა: მას მერე, რაც ბურთი ოკოლიმ მოიპოვა, დაიწყო მომენტის ახალი ფაზა, რომელსაც ლინდსტრომის ვითომ ხელით თამაშთან კავშირი აღარ ჰქონდა და VAR-ს მსაჯისთვის უკვე დამთავრებული სათამაშო ეპიზოდის შემწმება არ უნდა ეთხოვა. აქედან გამომდინარე, გოლი უნდა ჩათვლილიყო.

და „კორიერე დელო სპორტის” აზრით იყო კიდევ ერთი მომენტი, როდესაც ოკოლიმ ბურთს თავი მიჰკრა და მერე ხვიჩა კვარაცხელია დააგდო. მართალია, ამ ეპიზოდში ოკოლიმ ჯერ ბურთზე ითამაშა, მაგრამ კვარა რომ არ წაექცია, ქართველს ალბათ კიდევ შეეძლო მისი დაუფლება, ამიტომ შესაძლოა აქ პენალტი უნდა დანიშნულიყო. მაგრამ ამ შემთხვევაში რაიმეს კატეგორიულად თქმა არ შეიძლება.