მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი დიეგო მარადონა იმ გენიოსთაგანი იყო, რომელზეც მსოფლიოს ნებისმიერი გუნდის გულშემატკივარი ოცნებობდა. Pibe de Oro-მ ანუ ოქროს ბიჭუნამ ითამაშა „არხენტინოს ხუნიორსში”, „ბოკა ხუნიორსში”, „ბარსელონაში”, „ნაპოლიში”, „სევილიასა” და „ნიუელს ოლდ ბოიზში”, ახლახან კი აღმოჩნდა, რომ მას ცხოვრებაში კიდევ ერთი გუნდის ფორმა სცმია. ეს გახლავთ ვილია ფიორიტოს „ესტრელა როხა” (წითელი ვარსკვლავი).

ვილია ფიორიტო გახლავთ 42 ათასიანი დასახლება ბუენოს აირესის პროვინციაში. მარადონას დაბადების ადგილად ყველგან მოხსენიებულია ლანუსი, რომელიც ვილია ფიორიტოდან… 6 კილომეტრშია.

ჟურნალისტი ანტონელო გალო, ავტორი პოსტისა „ესტრელა როხა, მარადონას პირველი კლუბი ვილია ფიორიტოდან” წერს: „ბევრმა არ იცის, რომ „არხენტინოსამდე”, „ბოკამდე” და „ნაპოლიმდე” პიბე თამაშობდა მეზობლად, დიდ ფეხბურთთან შედარებით ძალიან დაბალ დონეზე; კლუბში, რომელსაც იუგოსლავიური „ცრვენა ზვეზდას” ხათრით წითელი ვარსკვლავი ერქვა.

საოცარი ის არის, რომ მის პირველ გუნდს — და ეს ამბავი კვლავ არ არის ოფიციალურად აღიარებული — გეგონება მოჩვენება იყოს, ახლაც არავინ ახსენებს. თვით ამაზონის სატელევიზიო სერიებში ეს კლუბი ზერელედ, ფიორიტოს გუნდად ჰყავთ მოხსენიებული.

„ესტრელა როხა” გახლდათ სრულიად სამოყვარულო კლუბი, რომელიც არანაირ რეგიონალურ შეჯიბრებაში არ მონაწილეობდა. მარადონა იქ „არხენტინოს ხუნიორსის” დაბალი კატეგორიების პარალელურად მხოლოდ და მხოლოდ ფულის გამო თამაშობდა”