ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრაში „ნაპოლიმ” პორტუგალიურ „ბრაგას” 2:0 მოუგო და მერვედფინალში გავიდა. ახლა „პარტენოპეელები” სერია A-ზე უნდა გადაერთონ და მდგომარეობა გამოასწორონ, უპირველეს ყოვლისა „მარადონაზე”. საშინაო შეხვედრებში რუდი გარსიას ხომ უხეირო შედეგები ჰქონდა და მოგებებით ჯერჯერობით ვერც მისი შემცვლელი ვალტერ მაცარი დაიკვეხნის. იტალიის ჩემპიონატის ცხრილში, სადაც მხოლოდ საშინაო შეხვედრებია გათვალისწინებული, „ნაპოლი” მე-16 ადგილზეა. ასეთი ცუდი შედეგი „აძურისთვის” წარმოუდგენელია.
„ტუტო სპორტი” წერს: „ნაპოლიმ” „მარადონაზე” 7 თამაშიდან მხოლოდ 2 მოიგო და შინ ჩატარებული შეხვედრების ცხრილში 7 ქულით მე-16 ადგილზეა. ნეაპოლელთა შემდეგი მეტოქეა „კალიარი”, კლუდიო რანიერის გუნდი, რომელიც ბოლო ტურში „სასუოლოსთან” გამარჯვებით ფრთაშესხმულია. „კალიარისა” და „სასუოლოს” შეხვედრა დრამატული იყო. „კალიარი” მე-7 წუთზე გატანილი გოლით იგებდა, კაცნაკლულმა მეტოქემ 90+4 წუთზე გაუთანაბრა, მაგრამ 90+9 წუთზე მასპინძლებმა ადრე „სასუოლოში” ნათამაშევი ვეტერანის ლეონარდო პავოლეტის გოლით მაინც მოიგეს”.
„ნაპოლისა” და „კალიარის” შეხვედრა 16 დეკემბერს, საქართველოს დროით 21 საათზე დაიწყება.