Kvaratskhelia must find serenity againიძებნება კვარაცხელია. „იუვენტუსთან” ხელიდან გაშვებული საოცარი მომენტის შემდეგ ქართველი უკვე კრიტიკის ობიექტი იყო, მან კი „ბრაგასთან” კვლავ საკამათო ფეხბურთი ითამაშა. რასაკვირველია, მის მონდომებას პატივი უნდა ვცეთ და უნდა დავაფასოთ ის ფაქტი, რომ კვარაცხელია რჩება ფეხბურთელად რომელიც ავად თუ კარგად მეტოქის დაცვაში ქაოსის გამოწვევას ახერხებს.

მეორე მხრივ, „ბრაგასთან” შეხვედრის დროს მის თამაშში შეინიშნებოდა კაცის მოტყუების ახირებული სურვილი და ნერვიულობა გოლის გამო. ქართველს ეტყობოდა, რომ პარასკევს დაშვებული შეცდომის დაუყოვნებლივ გამოსწორების გიჟური სურვილი კლავდა და ამის გამო ძალიან ბევრჯერ სცადა მეტოქის დაცვასთან მარტო შებრძოლება.

ხვიჩა კვარაცხელიას ეტყობა, რომ ამ ეტაპზე სიმშვიდე აქვს დაკარგული. ეჭვი არავის ეპარება, რომ „იუვესთან” ხელიდან გაშვებული მომენტის მსგავსი შარშან რომ ჰქონოდა, ენთუზიაზმით ფრთაშესხმული აუცილებლად გოლით დაასრულებდა. გასულ სეზონში ეს ენთუზიაზმი მას და მთელს გუნდს გამოარჩევდა.

პარადოქსია. ქართველ ფეხბურთელს როგორც ჩანს თავისი სიმძიმით კვლავდამტკიცების სეზონი თრგუნავს. გეგონება გასული სეზონის დასრულების შემდგომმა თვეებმა მას რეალურად დაანახა ჩადენილი გმირობის სიდიდე და ირაციონალური სიგიჟის ის მარცვალი გამოაცვალა, რომელიც მის თამაშს წარმართავდა.

კვარაცხელიას აუცილებლად უნდა დავუფასოთ ბედთან არ-შეგუების წადილი. ბედი ამ სეზონში მის მიმართ მთლად კეთილგანწყობილი არ არის, ის კი წამითაც არ ერიდება მეტოქესთან დაპირისპირებასა და კარში დარტყმას. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მიმდინარე, წინაზე უარეს სეზონში მან მაინც გაიტანა 4 გოლი და 3 საგოლე პასი შეასრულა, რაც გარემარბისთვის კარგი შედეგია. მოკლედ რომ შევაჯამოთ, ერთ წელიწადში მისი სტატუსის ცვლილებამ (ნიჭიერი დამწყებიდან აბსოლუტურ ჩემპიონამდე) როგორც ჩანს ყველაზე იმოქმედა: მათზე, ვინც მისგან მუდმივად „იმ” დონის ფეხბურთს ელის და თავად ფეხბურთელზე, რომელიც სათამაშოდ რომ გადის გრძნობს — ყველა მას მისჩერებია.

ფელიჩე ლეოპოლდო ლუონგო, spazionapoli