„ნაპოლიმ” ახალი მწვრთნელის ვალტერ მაცარის ხელმძღვანელობით ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალისკენ გაიკაფა გზა. საამისოდ „პარტენოპეელებმა” ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრაში პორტუგალიური „ბარაგა” დაამარცხეს 2:0.

„ნაპოლი” ისტორიაში მეხუთედ გავიდა ჩემპიონთა ლიგის ფლეი-ოფში. საინტერესოა, რომ პირველად, 2011-12 წლების სეზონში გუნდის მწვრთნელი სწორედ მაცარი იყო, ხოლო მერვედფინალში მას მომავალი თასის მფლობელი „ჩელსი” შეხვდა. პირველი თამაში „ნაპოლიმ” 3:1 მოიგო, ლონდონში კი 1:3 წააგო. დამატებით დროში გადამწყვეტი გოლი ლონდონელთა სერბმა ფეხბურთელმა ბრანისლავ ივანოვიჩმა გაიტანა.

2016-17 წლების სეზონში „აძურის” თავკაცი უკვე მაურიციო სარი გახლდათ და გუნდი კვლავ მომავალ გამარჯვებულს, „რეალს” გადაეყარა. მადრიდშიც და ნეაპოლშიც მადრიდელებმა მოიგეს 3:1.

შემდეგ იყო 2019-20 წლების სეზონი. „ნაპოლის” ჯენარო გატუზო წვრთნიდა. მერვედფინალში კამპანიელებს „ბარსელონა” შეხვდათ. „ბარსა” იმ წელიწადს მეოთხედფინალში „ბაიერნთან” დამარცხდა 2:8. „ბაიერნმა” თასი მოიგო. რაც შეეხება „ნაპოლის” შეხვედრებს კატალონიელებთან, „მარადონაზე” 1:1 დამთავრდა, ხოლო „კამპ ნოუზე” „ბარსამ” იმარჯვა 3:1.

გასულ სეზონში კი „ნაპოლი” ლუჩანო სპალეტის ხელმძღვანელობით მეოთხედფინალში გავიდა (რაც კლუბის ისტორიაში საუკეთესო შედეგია) და იქ დამარცხდა „მილანთან”: „სან სიროზე” — 1:0,  „მარადონაზე” — 1:1.

და აი, დადგა მეხუთე ჯერი. კლუბის პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი ამბობს, რომ ამ ეტაპზე მიღწეულით კმაყოფილია. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, „აძურიმ” მერვედფინალში გასვლისთვის უეფასგან 9,6 მილიონი ევრო მიიღო. თან, ამაში სატელევიზიო შემოსავლები არ იგულისხმება.

18 დეკემბერს ჩატარდება წილისყრა, რომელიც „ნაპოლის” მეტოქის ვინაობას გაარკვევს.