თურქული ფეხბურთის შეფებმა ქვეყნის ყველა რანგის ჩემპიონატი შეაჩერეს. მიზეზი: ორშაბათს, სუპერლიგის შეხვედრაში მსაჯს მუშტი დაარტყეს.
მსაჯი გახლდათ ჰალილ უმით მელერი, რომელსაც ხელით „ანკარაგიუჯიუს” პრეზიდენტი ფარუქ ქოჩა შეეხო. ის მოედანზე 97-ე წუთზე შევარდა, როდესაც მის გუნდს „რიზესფორმა” გოლი გაუტანა და ანგარიში გაათანაბრა — 1:1.
„ქვეყანაში ყველა ლიგის შეხვედრა გადაიდო, — განაცხადა თურქეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა მეჰმეთ ბუიუკეკშიმ საგანგებო პრესკონფერენციაზე, — დღეს თურქული ფეხბურთის სირცხვილის დღეა”.
წაქცეულ მელერს რამდენიმე კაცმაც დაარტყა. ატყდა გაწევ-გამოწევა, რომელშიც ფეხბურთელები და კლუბების ხელმძღვანელები მონაწილეობდნენ. საავადმყოფოში წასაყვანი გახდა თავად ქოჩაც, მაგრამ, როგორც თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ალი იერლიქაიამ თქვა, მკურნალობის შემდეგ მას დააკავებენ. მინისტრის ინფორმაციით, დაკავებულია ინციდენტში მონაწილე კიდევ რამდენიმე ადამიანი.
37 წლის მელერი თურქეთის ერთ-ერთი წამყვანი არბიტრია, რომელიც ფიფას ეგიდით ჩატარებულ შეხვედრებსაც სჯის. ის უეფას ელიტურ მსაჯთა სიაშია. ცხადია ის საავადმყოფოში წაიყვანეს. ექიმმა მეჰმეთ იორუბულუთმა თქვა: „ამ ეტაპზე მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. მსაჯს მარცხენა თვალთან სისხლდენა ჰქონდა და ძვალი აქვს გაბზარული. ჩვენ მას დილამდე დავიტოვებთ და შევამოწმებთ თავის სხვა ტრავმაც ხომ არ აქვს. დილით, აუცილებელი გამოკვლევების შემდეგ საავადმყოფოდან გავწერთ”.
ინციდენტი თვით ქვეყნის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა დაგმო. „სპორტი მშვიდობას და ძმობას ნიშნავს. სპორტი ძალადობასთან შეუთავსებელია. თურქულ სპორტში ძალადობას არასდროს დავუშვებთ”, — თქვა მან.
მოგვიანებით, ბოდიშის შემცველი განცხადებები გაავრცელეს „რიზესფორმა” და „ანკარაგიუჯიუმ”, თუმცა თურქული ფეხბურთის ბოსებმა უკვე გამოაცხადეს, რომ ამ „ანკარაგიუჯიუს” და მის ხელმძღვანელებს მკაცრი სასჯელი არ ასცდებათ. საინტერესოა, რომ ინციდენტამდე ცოტა ხნით ადრე თურქულ ფეხბურთში ძალადობის წინააღმდეგ საბრძოლველად სუპერლიგის ერთ-ერთმა გიგანტმა „გალათასარაიმ” ქვეყნის კლუბებს საგანგებო შეკრება შესთავაზა.