Lautaro Martinez of FC Internazionale and Stanislav Lobotka of SS Napoli in action during the Serie A TIM match between SSC Napoli and FC...არა და არ წყდება დავა „ნაპოლისა” და „ინტერის” შეხვედრაში მსაჯის დავიდე მასას გადაწყვეტილებების გამო. ხსენებული შეხვედრა „ინტერმა” მოიგო 3:0, ხოლო ტელეკომპანია Dazn-მა მოიპოვა და გაასაჯაროვა მსაჯისა და VAR-ის ოთახის საუბარი. საუბარია ორ ეპიზოდზე.

ჯარიმა არ იყო. პირველი ტაიმის მიწურულს ჰაქან ჩალჰანოღლუმ ანგარიში გახსნა, მაგრამ კომბინაცია მოედნის ცენტრში ლაუტარო მარტინესისა და სტანისლავ ლობოტკას ორთაბრძოლით დაიწყო. Dazn-ის მოპოვებულ ჩანაწერში ისმის: „პასის მომენტში შესაძლოა ჯარიმა იყო… არაფერი ყოფილა, მე ყველაფერს ვაკონტროლებ… ის ჯერ ბურთს ეხება და შეჯახება ამის მერეა, მერე კი კომბინაცია ვითარდება… არანაირი ჯარიმა არ არის, ის ბურთს იღებს და უტევს… გოლი წესების დაცვით გავიდა”.

ამ ეპიზოდების გასარჩევად სტუდიაში მიწვეული იყო ტექნიკური სექტორის ხელმძღვანელი მატეო ტრეფოლონი, რომელმაც თქვა: „მსაჯს და VAR-ს ამ ეპიზოდთან დაკავშირებით ერთი და იგივე შეხედულება ჰქონდათ, რომელიც ერთმანეთისგან დამოუკიდებლად გაუჩნდათ, ბოლოს კი თავიანთი მოსაზრებები შეაჯერეს”.

არანაირი პენალტი. მეორე ტაიმში, როდესაც ანგარიში იყო 1:0 „ინტერის” სასარგებლოდ, „ნაპოლიმ” აჩერბის მიერ ვიქტორ ოსიმენის წაქცევის საბაბით პენალტი მოითხოვა. ჩანაწერებში ისმის: „არაფერია, გააგრძელეთ! ერთი წუთით… გააჩერეთ კადრი კონტაქტის მომენტში… ვერაფერს ვხედავ… მისმინე, ჩემი აზრით ის მის ფეხს შეეხო… ის თავს იცავს, ის ბურთზე თამაშობს და ესაა… ჩემთვის ეს ძალიან მსუბუქი შეხებაა… დააკვირდი ინტენსიობას… მე თუ მკითხავთ, ეს პენალტი არ არის… რთულია შემოწმება”.

ტრეფოლინი: „ამ ეპიზოდში მსაჯი დაუყოვნებლივ უზიარებს კოლეგებს თავის ეჭვს, მაგრამ VAR-ის ოთახში კამერების ჩანაწერებს ძალიან დაკვირვებით და სხვადასხვა აჩქარებით განიხილავენ. ამ ეპიზოდში საკვანძო მომენტი ინტენსიობაა. აქ მთავარია რამდენად ინტენსიურია შეხება, რომელიც წესის დარღვევად ვერ ჩაითვლება, თუმცა იმასაც ვერ იტყვი, რომ საერთოდ არ იყო და კამათი ამიტომ წარმოიშვა. საბოლოო გადაწყვეტილება კი ამ შემთხვევაშიც ერთობლივია. მსაჯი მისთვის განსაზღვრულ კრიტერიუმებს არ ცდება”.