როგორც იქნა, ის დროც მოვიდა, როცა სარაგბო ევროთასების მორიგი ტურის მიმოხილვისას საუბარი ქართულ გუნდზეც გვიწევს ევროპულ კლუბებში მიმოფანტულ ლეგიონერთა გარდა. „შავ ლომს“ ჩელენჯ კაპზე დებიუტი მარცხიანი კი გამოუვიდა, მაგრამ ავტორიტეტიანი სარაგბო გამოცემები ერთხმად აღიარებენ ქართული ფრენჩაიზის კონკურენტუნარიანობას და ამბობენ, რომ მართალია, ცუდ ფორმაში მყოფ, მაგრამ მაინც ძალიან მაგარ „გლოსტერს“ გაუართლა, რომ თბილისიდან 4 ქულა წამოიღო. მოკლედ, ნავსი გატეხილია, ბიჭებმა ევროთასების სურნელი შეიგრძნეს და აწი მათ იციან…
ამასობაში, ევროპაში, ჩემპიონთა თასზე, ჩელენჯ კაპსა და საფრანგეთის პრო დ2-ში უამრავმა ქართველმა ითამაშა უცხოური კლუბების შემადგენლობაში.
ჩემპიონთა თასი
გურამ გოგიჩაშვილმა „რასინგ-92“- ში მოედანზე პირველიდან 58-ე წუთამდე დაჰყო და მოედნიდან დამშვიდებული გავიდა, რადგან პარიზელები ინგლისურ „ჰარლიქუინსს“ დამაჯერებლად ამარცხებდნენ, მაგრამ ლონდონელებმა ბოლო 20 წუთში ორი ლელო გაიტანეს და ბონუსიანი გამარჯვებაც იზეიმეს – 31:28. ბონუსი „რასინგმაც“ მიიღო, თანაც ორი – მცირე სხვაობით მარცხისთვის და 4 ლელოს გატანისთვის. ამ ფაქტმა პარიზელები ჯგუფიდან გამსვლელ, მე-4 ადგილზე გაიყვანა, თუმცა ჯგუფური ეტაპის ბოლომდე კიდევ 3 მატჩია სათამაშო…
კიდევ ერთ ჯგუფში ერთბაშად ოთხმა ჩვენებურმა ითამაშა. ტულონის „მაიოლზე“ იგივე დრამა გათამაშდა, რაც საფრანგეთის დედაქალაქში. მასპინძლებმა ინგლისურ „ექსეტერს“ პირველი ტაიმი 18:5 მოუგეს, თან ბექა გიგაშვილმა მე-20 წუთზე მაგარი ლელო გაიტანა – მოლს ულიდერა და ზედახორაში ბურთის ხაზსიქით დამიწება მოახერხა, თუმცა მეორე ტაიმში, როცა გიგაშვილი გავიდა და ექსეტერელებს შორის ნიკა აბულაძე გამოჩნდა, სტუმრებმა ორი უპასუხო ლელო გაიტანეს და 19:18 იმარჯვეს.
ირლანდიაში კი „ბაიონმა“ სენსაცია მოახდინა – „მანსტერთან“ ფრე გაახერხა. თამაშის ბოლო წუთებზე მასპინძლები 17:10 იგებდნენ, როცა ბასკთა შორის გელა აფრასიძე გამოჩნდა, რომელმაც თავისი ენერგეტიკა პარტნიორებს გადასდო, მათაც მოინდომეს და ბოლო შეტევაში გელამ რაქიდან ატაცებული ბურთით ლელოში თანაგუნდელი დაგეზა, თუმცა გატანა თავადაც შეეძლო. გარდასახვაც ზუსტი გამოდგა და ანგარიშიც გათანაბრდა – 17:17. კოტე მიქაუტაძემ ფრანგული გუნდის რიგებში საწყისი 55 წუთი გაატარა
ამ ჯგუფში „ექსეტერი“ 4 ქულით მეორეა, „მომდევნოა „ბაიონი“ 2 ქულით, ხოლო „ტულონს“ ქულა აქვს და მეხუთეზეა.
ლონდონში „სეილ შარქსმა“ პირწმინდად აჯობა „სტად ფრანსეს“, რომლის შემადგენლობაში ბოლო 35 წუთი სერგო აბრამიშვილმა ითამაშა. 28:5 და პარიზული გრანდი 0 ქულით ამ სექსტეტის ბოლო ადგილზეა.
ჩელენჯ კაპი
რანგით მეორე ევროთასზე „შავმა ლომმა“ როგორც იცით, შინ „გლოსტერთან“ 10:15 წააგო და ბონუსი მიიღო, რომლის წყალბითაც ჯერჯერობით მე-4, საპლეიოფო ადგილზე მოკალათდა.
ამავე ჯგუფში ფრანგულმა „კლერმონმა“ შოტლანდიურ „ედინბურგს“ 31:18 აჯობა, ხოლო ასევე ფრანგულმა „კასტრმა“ უელსური „სკარლეტსი“ 34:16 დაამარცხა. კასტრელთა შემადგენლობაში ბოლო 20 წუთი ვეტერანმა ლევან ჩილაჩავამ ითამაშა, მისი გუნდი კი 5 ქულით ცხრილის სათავეში დაფუძნდა,
ეს რაც შეეხებოდა ა ჯგუფს, ბ ჯგუფში კი კიდევ ერთი ვეტერანის, ირაკლი მირცხულავას „ოიონაქსმა“ ვერაფერი გააწყო უელსში „დრაგონსის“ წინააღმდეგ – 7:24. მირცხულავამ დასკვნითი 36 წუთი გაატარა მოედანზე. „ოიონაქსმა“ სატურნირო ქულა ვერ მიიღო, თუმცა მაინც მე-4 საფეხურზეა, რადგან ორ სხვა მატჩში უფრო დიდი სხვაობები დაფიქსირდა.
ბ ჯგუფში ორი „ქართული“ მატჩი შედგა. „პერპინიანმა“ სამხრეთაფრიკულ „ლაიონსს“ უმასპინძლა და 12:28 დამარცხდა. კატალონიელთა შორის სეზონში პირველად გამოჩნდა ვახტანგ ჯინჭარაძე, რომელმაც უჩვეულო, კვაჭის პოზიციაზე თითქმის სრული მეორე ტაიმი გაატარა. „მონპელიემ“ კი სტუმრად „ნიუკასლი“ დაამარცხა. ეს იყო სახელოვანი გუნდების შეხვედრა, რომელშიც ტოპ 14-ის მაჩანჩალამ პრემიერშიპის ბოლოადგილოსანს 24:19 მოუგო, თანაც ბონუსი მიიღო და ცხრილის მეორე ადგილზე დაფუძნდა. საფრანგეთის 2022 წლის ჩემპიონის სასტარტოში ვანო კარკაძე იყო, ვინც 59-ე წუთამდე ითამაშა, ხოლო 64-ეზე ახალ კლუბში დებიუტი ლაშა მაჭარაშვილს ჰქონდა.
პრო დ2
საფანგეთის რანგით მეორე ლიგაში უქართველო „ვანი“ ლიდერობს. ილია კაიკაციშვილის „ნევერმა“ „მონ-დე-მარსანს“ 25:16 მოუგო, 35 ქულა დააგროვა და ლიდერს 9 ქულით ჩამორჩება. ნევერელები მეოთხე ადგილზე არიან, მეექვსეზე კი, 30 ქულით „გრენობლია“ რომელსაც ფინანსური დარღვევებისთვის 6 ქულა აქვს დაკლებული. ალპელებს შორის სამმა ჩვენებურმა ითამაშა – ლუკა გოგინავამ, გიორგი ჯავახიამ და ირაკლი აფციაურმა. გრენობლელებმა სტუმრად 29:13 დაამარცხეს სოსო ბეკოშვილის „რუანი“, რომელიც ლიგიდან გავარდნის უპირველესი კანდიდატია – ნორმანდიელებს 14 ქულა აქვთ.
დაბოლოს, ორიოდ სიტყვა უდავოდ უნიჭიერეს, მაგრამ არადისციპლინირებულ ბექა შვანგირაძეზეც უნდა ვთქვათ. აქ უპრეცედენტო ამბავთან გვაქვს საქმე – „მონტობანთან“ გასვლით მატჩში „ორიაკი“ მაგრად დამარცხდა – 8:42, და ამ მარცხში ლომის წილი ბექას მიუძღვის, რომელმაც მსაჯს წითელი ბარათი უკვე ნახევარი საათის თავზე გამოსტყუა. ესაა შვანგირაძის მეორე წითელი ბარათი მიმდინარე სეზონში და ეჭვგარეშეა, რომ მას ხანგრძლივი დისკვალიფიკაცია ელის.