England football fans warned of boozing over the border ahead of Hampden  World Cup qualifier - Daily Recordლუდმა ინგლისელი ფანებისთვის ევრო 2024-ის პირველ შეხვედრაში შესაძლოა დისკვალიფიკაცია მიიღოს. გელზენკირხენის პოლიციის შეფმა გამოაცხადა, რომ ქალაქი ინგლისელთა და სერბთა შეხვედრისთვის კარგად მოემზადება.

ინგლისის ნაკრებს ევროზე პირველი მატჩი 16 ივნისს „შალკე 04″-ის „ველტინს არენაზე” უწევს და იმ შემთხვევაში თუ ჯგუფში გაიმარჯვებს, შეიძლება მერვედფინალური შეხვედრაც ამ სარბიელზე ჩაატაროს. გერმანული ქალაქის მთავარი პოლიციელი პეტერ ბოთი კი უსაფრთხოების დაცვის მიზნით აპირებს სტადიონსა და საზოგადოებრივი თავშეყრის სხვა ადგილებში ალკოჰოლური სასმელებით ვაჭრობა აკრძალოს. ის აგრეთვე გამოდის ინიციატივით, რომ შარიანი ინგლისელი ქომაგები გააძევოს გერმანიიდან და საჭიროების შემთხვევაში წყლის ჭავლებითაც იმუქრება.

ინგლისური პრესა წერს, რომ სმის აკრძალვა მათი ქვეყნის გულშემატკივრისთვის მტკივნეული იქნება. ბევრ ინგლისელს გერმანიაში ჩასავლელად დამატებითი სტიმული სწორედ ამ ქვეყნის ლუდის ეშხით აქვს. გარდა ამისა, არის „ბიტბურგერის” საკითხი. გერმანულმა ლუდსახარშმა მილიონები დახარჯა, რათა თავისი პროდუქცია მომავალ ზაფხულს სტადიონებსა და ფან-ზონებში გაეყიდა.

ბოთმა „მირორთან” ინტერვიუში თქვა: „ჩვენ სტადიონებზე ალკოჰოლის გაყიდვის აკრძალვაზე ვფიქრობთ და ამას არც ვმალავთ. იმ კაცის გადმოსახედიდან, რომელსაც უსაფრთხოება აბარია, ეს კარგ აზრად მეჩვენება. გარდა ამისა, ვცდილობთ შევისწავლოთ, რა მოხდება თუკი საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებშიც ავკრძალავთ ალკოჰოლის გაყიდვას. ზოგადად, გერმანიის ქუჩებში ალკოჰოლის მიღება ნებადართულია, მაგრამ დიდი თავყრილობების ადგილებში გვინდა ავკრძალოთ.

რაც შეეხება წესრიგის დამრღვევებს, მოგახსენებთ, რომ მნიშვნელოვანია გერმანიის პოლიცია ფანებს მშვიდობიან ადამიანებად აღიქვამდეს და არა საფრთხედ, მაგრამ თუ სადმე ხულიგნური გამოხდომა მოხდება, რეაგირებას არ დავიგვიანებთ. ამისთვის მზად ვართ. მე ინგლისელ ფანებს ასე ვეტყოდი: თუ რომელიმე თქვენგანი პრობლემების შექმნას შეეცდება, ჩვენ სწრაფ რეაგირებას მოვახდენთ და ასეთს შინ გავამგზავრებთ”.