მილანში გაიმართა „გრან გალა დელ კალჩოს” მეთერთმეტე ცერემონიალი. დაჯილდოების ცერემიანზე 11 ტოპ კატეგორიიდან ხუთში „ნაპოლის” ფეხბურთელი იყო ნომინირებული: მცველთა შორის კაპიტანი ჯოვანი დი ლორენცო, აწ უკვე გერმანიაში მოთამაშე კიმ მინ ჯაე, ნახევარდაცვაში სტანისლავ ლობოტკა და პიოტრ ჟელინსკი, ხოლო შეტევაში ხვიჩა კვარაცხელია და ვიქტორ ოსიმენი. საინტერესოა, რომ სერია B-ს საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშის პრიზი მიიღო „ემპოლის” მეკარემ ელია კაპრილემ, რომელიც ტოსკანურ კლუბში „ნაპოლიდან” არის იჯარით გაშვებული.
საუკეთესო გოლისთვის დააჯილდოვეს ხვიჩა კვარაცხელია. ქართველმა ეს ჯილდო „ატალანტას” კარში ბურთის ულამაზესად შეგდებისთვის მიიღო.
„მადლობა ყველას, ვინც ჩემს გოლს ხმა მისცა. გოლი რომ ასეთი ლამაზი გამოვიდა, მხოლოდ მატჩის შემდეგ მივხვდი. შევეცდები მომავალში უკეთესები გავიტანო”, — თქვა კვარაცხელიამ ჯილდოს მიღებისას.
„ნაპოლის” პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა ორგანიზატორთაგან ჩაიბარა ჯილდო წლის საუკეთესო კლუბისთვის.
ლუჩანო სპალეტი საუკეთესო მწვრთნელის პრიზით დააჯილდოვეს.
„მინდოდა „ნაპოლისთან” ერთად კანზე მემკურნალა. ყველა ნაიარევი, რომელსაც ცხოვრებაში იღებ, ცუდი არ არის”, — თქვა სპალეტიმ.
მცველთა შორის ჯილდოები მიიღეს კიმმა და „აძურის” კაპიტანმა ჯოვანი დი ლორენცომ. კიმი დააჯილდოვეს როგორც მარჯვენა-ცენტრალური, ხოლო დი ლორენცო როგორც მარჯვენა მცველი.
გასულ სეზონომში „ნაპოლის” მეტრონომი სტანისლავ ლობოტკა საუკეთესო ცენტრალურ ნახევარმცველად აღიარეს.
თავდასხმაში დაფასდნენ ცენტრალური ფორვარდი ვიქტორ ოსიმენი და მარცხენაფლანგელი ხვიჩა კვარაცხელია.
ერთადერთი ნეაპოლელი ნომინანტი, ვინც ჯილდო ვერ მიიღო პიოტრ ჟელინსკი აღმოჩნდა.
რაც შეეხება დანარჩენ პოზიციებს. საუკეთესო მეკარედ დაასახელეს „მილანის” ფრანგი კარის მცველი მაიკ მენიო; საუკეთესო მარცხენა-ცენტრალურ მცველად „ინტერის” ალესანდრო ბასტონი, ხოლო საუკეთესო მარცხენა მცველად „მილანის” ფრანგი მოთამაშე თეო ერნანდესი; მარჯვენა ნახევარმცველთა შორის გამოარჩიეს „ინტერის” ნიკოლო ბარელა, ხოლო მარცხენა ნახევარმცველთა შორის „ინტერისავე” თურქი ჰაქან ჩალჰანოღლუ (ბოლო ტურში ორივემ გაუტანა „ნაპოლის”); თავდამსხმელთაგან კი ოსიმენისა და კვარაცხელიას გარდა გამოყვეს „მილანის” პორტუგალიელი თავდამსხმელი რაფაელ ლეაო.