„ნაპოლიმ” ბოლო ტურში შინ, „ინტერთან” მწარედ წააგო (0:3), მაგრამ რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, ლეგენდარულმა იტალიელმა მწვრთნელმა არიგო საკიმ თქვა, რომ იმ დღეს ძველი გუნდი დაბრუნდა.
მარცხმა „პარტენოპეელები” მეხუთე ადგილზე დააქვეითა. ისინი ლიდერს, ხსენებულ „ინტერს” 11 ქულით ჩამორჩნენ. იტალიურ მედიაში დაიწერა, რომ ამ წაგებით ვალტერ მაცარის გუნდი საჩემპიონო რბოლას ფაქტობრივად ჩამოშორდა. ბევრს წერენ იმაზე, რომ ზაფხულში კორეელი ცენტრალური მცველის კიმ მინ-ჯაეს გაყიდვა დიდი შეცდომა იყო. ამას დაემატა ტრავმები — „ნერაძურისთან” ნეაპოლელთა გუნდი ფაქტობრივად ფლანგის მცველის გარეშე თამაშობდა. დაცვის მარცხენა ფრთაზე თამაში ბრაზილიელი ნატანისთვის ბუნებრივი მდგომარეობა არ იყო. „ინტერი” კი ამ გამარჯვების წყალობით კიდევ უფრო გამოკვეთილ ფავორიტად იქცა და საყოველთაო აზრით პირველობას მხოლოდ „იუვენტუსი” თუ შეეცილება. რაც შეეხება „ნაპოლის”, რეალობის გათვალისწინებით გუნდის ამოცანა ჩემპიონთა ლიგაში გამსვლელი ადგილის მოპოვება უნდა გახდეს.
თუმცა, როგორც ჩანს არიგო საკი სხვანაირად ფიქრობს. „გაძეტა დელო სპორტთან” ინტერვიუში ლეგენდარული „მილანის” თავკაცმა თქვა:
„ღმერთო დიდებული, რა სიამოვნება მივიღე! „ნაპოლი” — „ინტერი” შედეგის მიუხედავად იყო თამაში, რომელმაც ხალხს ფეხბურთი დაუბრუნა. ვულოცავ ყველას, გამარჯვებულებსაც და დამარცხებულებსაც.
პირველი ნახევარი საათის შემდეგ ჩემს ბლოკნოტში ჩავინიშნე: „ნაპოლი” დაბრუნდა. იმწუთას ვერავინ იტყოდა, რომ „ნერაძური” ამ შეხვედრას დამაჯერებლად მოიგებდა. სწორედ ამიტომ ვამტკიცებ, რომ „ნაპოლიმ” დემორალიზაცია არ უნდა განიცადოს. ის სწორ გზაზე დგას და ვალდებულია ასე განაგრძოს. ერთადერთი, შესაძლოა, დაცვაში იყოს რაღაც გამოსასწორებელი.
დიახ, დღეს „ნაპოლი” „ინტერს” 11 ქულით ჩამორჩება, მაგრამ მე მოედანზე დავინახე კომპაქტური, ცოცხალი, მიზანმიმართული გუნდი”.