Henrix Mxitaryan of FC Internazionale and Khvicha Kvaratskhelia of SSC Napoli battle for the ball during the Serie A TIM match between SSC Napoli and...ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლიმ” შინ „ინტერთან” 0:3 წააგო და სავარაუდოდ, მიმდინარე სეზონში საჩემპიონო რბოლას ჩამოშორდა. „პარტენოპეელები” ლიდერს ახლა 11 ქულით ჩამორჩებიან.

მატჩის დამთავრების შემდეგ „აძურის” სპორტულმა დირექტორმა მაურო მელუსომ ტელეკომპანია Dazn-ს მისცა ინტერვიუ, სადაც მსაჯის შეცდომებზე გაამახვილა ყურადღება.

„ვალტერ მაცარიმ ამჯობინა არ ეთქვა ისეთი რამ, რასაც შეიძლებოდა პრობლემები გამოეწვია, მაგრამ ჩვენ ასეთ დამცირებას არ ვიმსახურებდით. მსაჯ დავიდე მასას და VAR-ს ცუდი დღე ჰქონდათ. რას იზამ, ყველას მოსდის. პირველმა გოლმა ფსიქოლოგიური დარტყმა მოგვაყენა, რადგან მას წინ წესის დარღვევა უსწრებდა, რომელიც მსაჯს უნდა დაენახა და არა VAR-ს. მეორე ეპიზოდი კი ოსიმენს ეხება. მე თავად ფეხბურთელი ვიყავი და თავად კარგად ვიცი, რომ როდესაც აქილევსის მყესზე გაბიჯებენ, ფეხზე ვერ ჩერდები. ვიმეორებ, ჩვენი აზრით ეს უბრალოდ მსაჯების ცუდი დღე იყო, მაგრამ მათი შეცდომები აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რადგან ჩვენს ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე დიდი ზეგავლენა მოახდინეს” — თქვა მან.

აქ „ნაპოლის” დირექტორს Dazn-ის მსაჯთა საკითხების ექსპერტმა, ყოფილმა არბირტმა და იურისტმა ლუკა მარელიმ ჩამოართვა სიტყვა: „ნაწილობრივ გეთანხმებით. პირველ გოლთან დაკავშირებით დირექტორი მელუსო მართალს ამბობს. VAR არ უნდა ჩარეულიყო, რადგან მსაჯი შესანიშნავ პოზიციაში იდგა. ლაუტარო მარტინესმა ცენტრში ლობოტკა წააქცია, მოწინააღმდეგის ასე დაქაჩვას კი ფეხბურთში არაფერი ესაქმება.

რაც შეეხება პენალტის ეპიზოდს, VAR ამ შემთხვევაშიც იმიტომ არ ჩაერია, რომ მასა ჩინებულ პოზიციაში იდგა. პირველ ეპიზოდში შესაძლოა ფეხბურთელები მეტისმეტად ახლოს იდგნენ ერთმანეთთან და ეს დანახვას ართულებდა, მაგრამ მეორე მომენტში ყველაფერი კარგად ჩანდა. ვწუხვარ, მაგრამ ამ შემთხვევაში დირექტორი მელუსოს აზრს ვერ გავიზიარებ.

მელუსო: „ვადასტურებ მაქსიმალურ პატივისცემას მარელის შეხედულებებისადმი, მაგრამ ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ეს მომენტი სულ მცირე შემოწმებას იმსახურებდა. საჩუქრად არაფერი გვინდა, უბრალოდ ეპიზოდი უნდა ენახათ მაინც. როდესაც „ინტერის” დონის დიდ გუნდს ეთამაშები, ასეთი მცირე შეცდომა თანაბარი ბრძოლის საშუალებას აღარ გაძლევს. წარსულში ამ ტიპის წაქცევის გამო ბევრი პენალტი დანიშნულა”.