აღწერილობა არაა ხელმისაწვდომი.მართალია, ქართული სარაგბო ფრენჩაიზის წარმატებაში ეჭვი ისედაც არავის ეპარებოდა, მაგრამ „შავი ლომის“ ესოდენ იოლი გამარჯვება მოსალოდნელი მაინც არ ყოფილა. „ავჭალის“ ბიბინა გაზონზე ერთი გუნდი თამაშობდა, მეორე კი მხოლოდ წინააღმდეგობის გაწევას ცდილობდა, თუმცა „შავი ლომისა“ და ესპანური „იბერიანსის“ დონეებს შორის მთელი უფსკრული იყო და ანგარიში ამ დიდი სხვაობის საუკეთესო საზომია – 41:0!

„რაგბი ევროპის“ სუპერთასის ნახევარფინალში ჩვენმა გუნდმა ტურნირზე თავისი საუკეთესო თამაში აჩვენა, „იბერიანსს“ აბსოლუტურად ყველა კომპონენტში აჯობა – გუნდურობაშიც, სისწრაფეშიც, აზროვნებაშიც, ხოლო ფიზიკურად, ანუ ჯანსა და ღონეში ამ გუნდების შედარება, ცოტა არ იყოს, უხერხულიცაა. ძალიან დიდი ხანია, ქართულ შერკინებას ასეთი დომინანტური უპირატესობა არ ჰქონია და ამ ფაქტორმა თავისი დიდი როლი, ცხადია, ითამაშა.

ჩვენი გუნდის თამაშის ყურება მართლაც სასიამოვნო იყო – დახვეწილი კომბინაციური რაგბი მაყურებელს ხომ განსაკუთრებით მოსწონს და ესპანურ ფრენჩაიზთან ეს ჯახი სწორედ ასეთი თამაშით გამოირჩა. ლელოებიც ისეთი გავიდა, ნებისმიერ სარაგბო ესთეტს რომ დააკმაყოფილებდა. ჯერ იყო და აკა ტაბუცაძე თავის ფრთაზე ყველას გაექცა, მერე საპირისპირო ფრთაზე იგივე სანდრო თოდუას გამოუვიდა, შემდეგ საქმეში საოცარ ფორმაში შესული ილია სპანდერაშვილი ჩაერთო, რომელმაც ტაიმის ბოლოს ორი ლელო გაიტანა, რომელთაგან პირველი ილიას სოლო-რეიდს მოჰყვა. მოკლედ, 20-წლამდელთა ნაკრების ყოფილმა კაპიტანი თავის ჭეშმარიტ დონეს დაუბრუნდა და ქართულ რაგბს კიდევ ერთი ექსტრა-კლასის 8 ნომერი შეემატა.

აღწერილობა არაა ხელმისაწვდომი.მეორე ტაიმში ემოციები რამდენადმე დაცხრა, „შავი ლომი“პერმანენტულად უტევდა, მაგრამ მხოოდ 2 ლელო წაუმატა – ლუკა მატკავამ ესპანელები ტაიმის დებიუტშივე დაალელოვა, ხოლო შეცვლაზე შესულმა კვაჭმა ბექა მამრიკიშვილმა – შეხვედრის მიწურულს. მატკავამ ამ 6 ლელოდან 4 გარდასახა და ზედაც ერთი ზუსტი საჯარიმო დარტყმაც დაუმატა, რამაც მისი სამატჩო მონაგარი 16 ქულას გაუტოლა. ლუკაც მშვენიერ ფორმაშია და გუნდის ერთ-ერთ ლიდერად ყალიბდება.

მოკლედ – 41:0 და „შავი ლომი“ ზედიზედ მესამედ გავიდა სუპერთასის ფინალში, სადაც მისი მეტოქე იქნება ისრაელის „თელ ავივ ჰითი“, რომელმაც მეორე ნახევარფინალში უპრობლემოდ დაამარცხა რუმინული „ვულვზი“ – 31:6. თუმცა, ფინალის თარიღი ჯერაც არ გამოცხადებულა, რადგან „შავ ლომს“ გაცილებით მნიშვნელოვანი საქმეები აქვს.

ზუსტად ერთ კვირაში, „მიხეილ მესხზე“, 14 საათზე „შავი ლომი“ ქართული რაგბის ისტორიაში ახალ ფურცელს ჩაწერს. ლევან მაისაშვილის გუნდი ჩელენჯ თასზე სადებიუტო შეხვედრას გამართავს და მისი მეტოქე ინგლისური „გლოსტერი“ იქნება – კლუბი, რომლის ღირსებასაც ჯერ კიდევ გასულ სეზონში „შავი ლომის“ შუამარბი გიორგი კვესელაძე იცავდა. მოკლედ, 9 დეკემბერი დიდი სარაგბო დღეა!

შავი ლომი – იბერიანსი 41:0

„შავი ლომი“: 1. ნიკა ხატიაშვილი, 2. ირაკლი ქვათაძე, 3. გიორგი ჩხარტიშვილი, 4. ნოდარ ჭეიშვილი, 5. მიხეილ ბაბუნაშვილი, 6. ლუკა ივანიშვილი, 7. სანდრო მამამთავრიშვილი, 8. ილია სპანდერაშვილი, 9. გიორგი მარგალიტაძე, 10. ლუკა მატკავა, 11. სანდრო თოდუა, 12. მერაბ შარიქაძე (კაპიტანი), 13. გიორგი კვესელაძე, 14. აკაკი ტაბუცაძე, 15. ლუკა ცირეკიძე.

მარქაფა: 16. ბექა მამრიკიშვილი, 17. დათო აბდუშელიშვილი, 18. ნიკა პატარაია, 19. დემურ ეფრემიძე, 20. გიორგი კერვალიშვილი, 21. თენგიზ პერანიძე, 22. გიორგი ჯობავა, 23. თორნიკე კახოიძე.