დასრულდა ევრო 24-ის შესარჩევი შეჯიბრება. ფინალური ეტაპის მონაწილე 21 გუნდის ვინაობა ცნობილია. ფლეი-ოფით სამი გუნდიღა უნდა გაირკვეს. ფინალური შეჯიბრება 14 ივნისიდან 14 ივლისამდე გერმანიაში ჩატარდება.
შეჯიბრების წილისყრა 2 დეკემბერს, საქართველოს დროით საღამოს 9 საათზე, ჰამბურგში გაიმართება. მონაწილეებს ოთხ ექვსგუნდიან კალათაში გაანაწილებენ. განთესვას საფუძვლად უდევს შესარჩევ შეჯიბრებაში ნაჩვენები შედეგები და არა ფიფას რეიტინგი, ოღონდ ითვლება მხოლოდ ჯგუფების პირველ ხუთ გუნდთან ნაჩვენები რეზულტატი. მიზეზი ისაა, რომ ხუთგუნდიანის გარდა იყო ექვსგუნდიანი ჯგუფებიც და იქაური შედეგები ხუთგუნდიან ჯგუფებში ნაჩვენები შედეგებისთვის რამენაირად უნდა შეედარებინათ. ყველაზე მაღალრეიტინგიანებად ითვლებიან ჯგუფების გამარჯვებულები, შემდეგ მეორეადგილოსნები.
პირველ კალათაში მოხვდნენ მასპინძელი გერმანია, პორტუგალია, საფრანგეთი, ესპანეთი, ბელგია და ინგლისი.
მეორე კალათაში მოხვდნენ უნგრეთი, თურქეთი, დანია, ალბანეთი, რუმინეთი და ავსტრია.
მესამე კალათაში მოხვდნენ ნიდერლანდები, შოტლანდია, სლოვენია, სლოვაკეთი, ჩეხეთი და ხორვატია.
მეოთხე კალათაში მოხვდნენ იტალია, სერბეთი, შვეიცარია და მათ დაემატებათ სამი გუნდი, რომელთა ვინაობა ფლეი-ოფის გზით გაირკვევა.
ფლეი-ოფის შეხვედრები გაიმართება 2024 წლის 21 და 26 მარტს. ფლეი-ოფის წილისყრა ხვალ, 23 ნოემბერს, საქართველოს დროით 15 საათზე გაიმართება. იქ გაირკვევა ფინალის მასპინძელი ქალაქების ვინაობაც.
A ჯგუფში პოლონეთს და ესტონეთს შორის გამარჯვებული შეხვდება უელსსა და ფინეთს, უკრაინას ან ისლანდიას შორის გამარჯვებულს.
B ჯგუფში ისრაელი შეხვდება უკრაინას ან ისლანდიას, ხოლო ბოსნია-ჰერცეგოვინა ფინეთს ან უკრაინას. წყვილებს შორის გამარჯვებულები ფინალში გადაიკვეთებიან.
C ჯგუფში საქართველოსა და ლუქსემბურგს შორის გამარჯვებული შეხვდება საბერძნეთსა და ყაზახეთს შორის გამარჯვებულს.