„მან ახალი სეზონი შარშანდელივით ვერ დაიწყო, მაგრამ ყოველთვის, როდესაც ხვიჩა კვარაცხელია მოედანზე გადის, მეტოქის მცველებისთვის მთავარ ხიფათს მაინც ის წარმოადგენს”, — წერს calciomercato. „ნაპოლიმ” ეს კარგად იცის. გუნდის ახალი თავკაცი ვალტერ მაცარი შეეცდება მაქსიმალურად გამოიყენოს ქართველი გარემარბის ნიჭი გუნდის ასაღორძინებლად. კვარაცხელიას უნარების შესახებ კარგად მოეხსენება „აძურის” მეპატრონეს აურელიო დე ლაურენტისსაც, რომელიც, როგორც წერენ, ფეხბურთელისთვის კონტრაქტის განახლებას აპირებს.
მეორე მხრივ, კლუბი ძალიანაც არ ჩქარობს. დღეს მოქმედი კონტრაქტის მიხედვით კვარაცხელია „ნაპოლიში” 2027 წლამდე უნდა დარჩეს. სხვა საქმეა, რომ მისი წვლილი გუნდის წარმატებაში დასაფასებელია და წელიწადში 1,3 მილიონი ევროს ტოლი გასამრჯელო უნდა გაიზარდოს.
ამ ეტაპზე ლაპარაკობენ თანამშრომლობის 2028 (ან 2029) წლამდე გახანგრძლივებაზე, ხელფასის სეზონში 3-3,5 მილიონ ევრომდე მომატებით. ბონუსების ჩათვლით ფეხბურთელის შემოსავალი 4 მილიონი იქნება. calciomercato წერს, რომ ფეხბურთელს აქვს ნეაპოლში დარჩენის სურვილი და კლუბს ხომ ცხადია, ვარსკვლავთან განშორება არ სურს.
ამასობაში კვარაცხელიას შეძენით ევროპის ტოპ-კლუბები დაინტერესდნენ. „ნაპოლის” ქართველთან დაკავშირებით იანვრის სატრანსფერო ბაზარზე ალბათ არავინ მიმართავს, მაგრამ ივლისიდან დიდი ნადირობაა მოსალოდნელი. წერენ, რომ დე ლაურენტისი 100 მილიონზე ნაკლებ შემოთავაზებებს არც განიხილავს. მეტიც, ის იმედოვნებს, რომ „ოქროს ბურთის” გამოკითხვაში მე-17 ადგილ გასულ სერია A-ს გასული სეზონის საუკეთესო ფეხბურთელს დროთა განმავლობაში სულ უფრო ძვირად გაყიდის.
მოლაპარაკებების დროს საუბარი შესაძლოა შეეხოს გამოსასყიდი თანხის დათქმასა, რაც კიდევ უფრო შეცვლის სცენარს. „ნაპოლის” ფანები შიშობენ, რომ დე ლაურენტისს ისეთ დიდ თანხას შესთავაზებენ, რომ ის ცთუნებას ვერ გაუძლებს.
calciomercato წერს, რომ ხვიჩა კვარაცხელიას გადაბირებით დაინტერესებულები არიან ინგლისური კლუბები „მანჩესტერ სიტი”, „ჩელსი” და „ნიუკასლი”; აგრეთვე ესპანურები „რეალი” და „ბარსელონა”.