„ორლანდო მეჯიქმა“ ზედიზედ მეოთხე მატჩი მოიგო და ამ მოგების ერთ-ერთი შემოქმედი გოგა ბითაძე იყო.
სამი გასვლითი მოგების შემდეგ „ჯადოქრები“ ფლორიდაში დაბრუნდნენ და „ტორონტო რეპტორსი“ 124:107 დაამარცხეს. როგორც ბოლო დროს მივეჩვიეთ, ბითაძე ამჯერადაც სასტარტო ხუთეულში იყო და გამარჯვებაში სოლიდური წვლილი შეიტანა. მართალია, ბითაძეს 5 ქულაზე მეტი არ ჩაუგდია, მაგრამ მისი სტატისტიკა მრავალფეროვანი და ხვავრიელი იყო.
ქართველ ცენტრს გუნდში ყველაზე მეტი მოხსნა, პასი და დაფარება დაუგროვდა: 5 ქულა, 7 მოხსნა, 6 პასი, 5 დაფარება და 2 ჩაჭრა. ეს ყველაფერი გოგამ მოედანზე ყოფნის 30 წუთში მოახერხა. ამასთან ისე, რომ ბურთი მხოლოდ ერთხელ დაკარგა.
ერთია, სროლის პროცენტული მაჩვენებელი უკეთესი გვსურს – ჩვენებურმა 6-დან 2 ორქულიანი და 4-დან 1 საჯარიმო ჩააგდო. „ორლანდოს“ 9 მოგება და 5 მარცხი აქვს, ეს აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-5 ადგილის ტოლფასია. გოგას გუნდი მომდევნო მატჩს ნბა-ს მოქმედ ჩემპიონ „დენვერთან“ გამართავს.