ერლინგ ჰოლანდისა და მარტინ ოდეგორის ნორვეგია ევრო 2024-ის მიღმა დარჩა. მას განაჩენი I ჯგუფმა გამოუტანა. რუმინეთისა და შვეიცარიის პირდაპირ გასვლამ ნორვეგიელებს ფლეი-ოფში მოხვედრის გზაც მოუჭრა. I ჯგუფიდან პირდაპირ ისრაელი რომ გასულიყო, მაშინ ნორვეგიას გრძელი გზით მოვლის ვარიანტი რჩებოდა, მაგრამ ახლა ეს გამორიცხულია.
ნორვეგიის ნაკრები მოგეხსენებათ საქართველოსთან ერთად შესარჩევი შეჯიბრების A ჯგუფში გამოდიოდა, სადაც ესპანეთმა და შოტლანდიამ გერმანიის საგზურები გაინაღდეს, ნორვეგია კი როგორც ჩანს შეჯიბრებას მესამე ადგილზე დაასრულებს. „როგორც ჩანს” იმიტომ დავძინეთ, რომ თეორიულად „ვიკინგების” მეოთხე ადგილზე ჩარჩენის ვარიანტიც არსებობს, მაგრამ ამისათვის ორი რამ არის საჭირო: დღეს მათ შოტლანდიაში უნდა წააგონ და საქართველომ… ესპანეთში მოიგოს. მაშინ მესამეზე საქართველო გავა.
ნორვეგიელებს ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო თაობა ჰყავთ, მაგრამ ეს სტატისტიკაზე ვერ აისახება. მათი ნაკრები მსხვილი შეჯიბრების ფინალურ ეტაპზე 2000 წლის შემდეგ არ ყოფილა — ეს გახლდათ ევროპის ჩემპიონატი. ბოლო მუნდიალი კი, რომლის ფინალურ ეტაპზეც ნორვეგიელებმა ითამაშეს, 1998 წელს ჩატარდა.
„გვალვა”, რომელიც ოც წელიწადზე მეტხანს გრძელდება ბევრის აზრით ერლინგ ჰოლანდის გამოჩენას უნდა დაესრულებინა, მაგრამ მსოფლიოს საუკეთესო თავდამსხმელად წოდებულმა ფეხბურთელმა ნაკრებს წარმატება ვერ მოუტანა. საკლუბო დონეზე ის ვარსკვლავებს ეთამაშება, მაგრამ ნაკრებში განსაკუთრებულ წარმატებას ვერ აღწევს.
რაც შეეხება ერთა ლიგას, რომლის წყალობითაც საქართველოს ნაკრები ევრო 2024-ზე ჯერ კიდევ შეიძლება მოხვდეს, ნორვეგიელთათვის დაკეტილია, რადგან B ლიგის IV ჯგუფში სერბეთმა გაასწრო, თავად კი მეორეზე გავიდა. ამ შეჯიბრებიდან ნახევარფინალში არიან ისრაელი, ბოსნია და ფინეთი, დარჩენილ ერთ ადგილს კი ან უკრაინა მოიპოვებს ან ისლანდია.