„ნაპოლის” ნიგერიელი თავდამსხმელი ვიქტორ ოსიმენი მოედანზე დაბრუნებას 25 ნოემბერს „ატალანტასთან” შეხვედრაში გეგმავს. თუ ასე მოხდება, მისი პირველი თამაში ახალი მწვრთნელის ვალტერ მაცარის ხელმძღვანელობით და თავად მაცარის პირველ შეხვედრა „პარტინოპეელთა” თავკაცის რანგში ერთმანეთს დაემთხვევა. ჯერჯერობით, ცენტრალურმა თავდამსხმელმა მიმდინარე სეზონში 6 გოლი გაიტანა და რამდენიმე კონფლიქტი გადაიტანა: იყო გაუგებრობები წინა მწვრთნელთან რუდი გარსიასთან, დაძაბულობა „ნაპოლის” საიტზე დადებულ ტიკ-ტოკთან დაკავშირებით, უშედეგო ვაჭრობა ახალ კონტრაქტზე და ასე შემდეგ.
შეძლებს თუ არა ნიგერიელი „ატალანტასთან” მოედანზე გასვლას რეაბილიტაციაზეა დამოკიდებული. მიმდინარეობს ტრავმის მერე ჯანმრთელობის აღდგენის პროცესი. მაცარი, რომელიც „ნაპოლიში” 2009-13 წლებში ცენტრფორვარდის როლში წარმატებით იყენებდა ურუგვაელ ედინსონ კავანის (კავანი ამ ზაფხულს „ბოკა ხუნიორსში” გადასვლამდე „ვალენსიაში” გიორგი მამარდაშვილის თანაგუნდელი იყო), ახლა ოსიმენზე აკეთებს აქცენტს.
ახალი მწვრთნელი რამდენიმე დღეა რაც „აძურითან” მუშაობას შეუდგა. მან „იუვე სტაბიასთან” ჩაატარა ერთობლივი ვარჯიში. იქ მაცარი და ოსიმენი ერთმანეთს შეხვდნენ და სამომავლო მიზნებზე ილაპარაკეს. მეტიც, მწვრთნელს კასტელ ვოლტურნოს ბაზაზე თავდამსხმელის აგენტი რობერტო კალენდაც ესაუბრა. როგორც ამბობენ კანდელამ კლუბის პრეზიდენტ აურელიო დე ლაურენტისთანაც სცადა საკონტრაქტო საკითხების მოგვარება. „ნაპოლისთან” ოსიმენის მოქმედი ხელშეკრულება 2025 წლის 30 ივნისამდეა ძალაში. ეს იმას ნიშნავს, რომ თუ არაფერი შეიცვლება, მომდევნო სეზონი ფეხბურთელისთვის ამ კლუბში ბოლო იქნება, რაც „ნაპოლისთვის” მისი გაყიდვის თვალსაზრისითაც არ არის სარფიანი.
კალენდ და დე ლაურენტისის შეხვედრამ აჩვენა, რომ მხარეები ახალი, მრავალწლიანი კონტრაქტის გაფორმებისთვის მზად არ არიან. არის ერთი ვარიანტი: შეიძლება „ნაპოლიმ” ოსიმენს თანამშრომლობის ერთი წლით, 2026 წლის 30 ივნისამდე გახანგრძლივება შესთავაზოს.
ამრიგად, ადვილი შესამჩნევია, რომ ვიქტორ ოსიმენისა და „ნაპოლისთვის” დადგა მნიშვნელოვანი პერიოდი, რომლის წარმატებით გავლა ძალიან იქნება დამოკიდებული უახლოეს შედეგებსა და იმაზე, თუ როგრ ითამაშებს გუნდი ვალტერ მაცარის ხელში.