19 ნოემბერს საქართველოს ნაკრები ესპანეთს სტუმრად ეთამაშება და ეს იქნება ბოლო რეპეტიცია ერთა თასის ნახევარფინალამდე.
საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის დახმარებით ვალიადოლიდში მოვხვდით და ამ მატჩზე დასწრების საშუალება გვაქვს.
მატჩის წინ პრესკონფერენციაზე ვილი სანიოლი და ლუკა ლოჩოშვილი გამოცხადნენ.
„ყველა ფეხბურთელი ჯანმრთელად არის და ხვალისთვის სათამაშოდ ემზადება. მეორე მატჩი პირველთან შედარებით ყოველთვის რთულია, მაგრამ ვეცდებით რომ კარგი თამაში ვაჩვენოთ. კაკაბაძე მაღალ დონეზე ითამაშა შოტლანდიასთან და ეს ხანგრძლივი ტრავმის შემდეგ მოხდა. ოთარი სათამაშოდ ხვალაც მზად არის და დარწმუნებული ვარ, ძალიან დაგვეხმარება.
… ქოჩორაშვილი დიდი ხანია ესპანეთში ცხოვრობს და სხვა ფეხბურთს თამაშობს. ეს ფეხბურთელი ძალიან მომწონს, რადგან შეავსო ის სივრცეები, რომელიც ასათვისებელი გვქონდა.
… ხვიჩა კვარაცხელია საქართველოში ძლიერი და პოპულარული ფეხბურთელია, მაგრამ ყველა ძლიერი ფეხბურთელი კაპიტანი ვერ იქნება. ამ ეტაპზე გუნდის კაპიტანი კაშია არის და არაფრის შეცვლას არ ვაპირებ.
… ესპანეთთან მტკივნეული მარცხი დაგვეხმარა კიდეც. აქ არ ვართ რევანშისთვის ჩამოსულები, რადგან მარტის მატჩებისთვის ვემზადებით, არ გვაქვს ექსპერიმენტების დრო, გვსურს გაზაფხულზე კარგი შედეგი მივიღოთ. მთავარია შევინარჩუნოთ ის პოზიტიური განწყობა, რაც დღეს გუნდშია“, – თქვა სანიოლმა.
„ესპანეთთან გულდასაწყვეტი მარცხი იყო, მაგრამ ესეც ფეხბურთის შემადგენელი ნაწილია. გუნდმა და ხელმძღვანელობამ ყველაფერი გაანალიზა. იმის შემდეგ ძალიან წარმატებული სერია გვქონდა და ახლა მარტის მატჩებს იმედიანად ვუყურებ“, – ეს ლოჩოშვილის სიტყვებია.
ესპანეთი-საქართველოს მატჩი 19 ნოემბერს, 23:45 საათზე დაიწყება.