Spain's Rodrigo Riquelme, left, and Cyprus' Costas Laifi, right, fight for the ball during the Euro 2024 Group A qualifying football match between...კვიპროსის ნაკრების ქართველმა მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ ესპანეთს მსოფლიოს საუკეთესო გუნდი უწოდა, რაც ესპანური პრესის აზრით თამამი განცხადებაა. ეტყობა თავიანთი ეროვნული გუნდი ასეთად არ მიაჩნიათ.

თითქმის ერთი წელიწადი გავიდა მას მერე, რაც „ლა როხამ” ლუის ენრიკეს ხელმძღვანელობით მსოფლიოს ჩემპიონატის მერვედფინალში მაროკოსთან პენალტებში წააგო. ახლა გუნდს ლუის დე ფუენტესი წვრთნის, რომელმაც „ლა როხა” ევროპის ჩემპიონატზე გაიყვანა. შესარჩევი ეტაპის ბოლოსწინა ტურში ესპანელებმა 3:1 მოუგეს კვიპროსს და ბოლო შეხვედრაში საქართველოს მასპინძლობენ. A ჯგუფში ასეთი მდგომარეობაა: თბილისში ფრის (2:2) შემდეგ შოტლანდიის ნაკრები „ლა როხას” ორი ქულით ჩამორჩა და ბოლო ტურში ნორვეგიას მასპინძლობს. ესპანეთს და შოტლანდიას ევრო 2024-ზე თამაში გარანტირებული აქვთ. გასარკვევი ისღაა, ვინ პირველ ადგილზე გავა და ვინ მეორეზე.

ესპანეთი კვიპროსთან შეხვედრაში თავიდანვე 3:0 დაწინაურდა. გოლები გაიტანეს ლამინე იამალმა, მიკელ ოიარსაბალმა და ხოსელუმ. მეორე ტაიმში დე ფუენტესის გუნდმა ძალები აღარ დახარჯა, რითაც კვიპროსელებმა ისარგებლეს და შეხვედრის დამთავრებამდე 15 წუთით ადრე კოსტას პილეასმა ეგრეთწოდებული პრესტიჟის გოლი შეაგდო.

შეხვედრის შემდეგ ქეცბაიას ჰკითხეს, თუ რატომ ვერ მოახერხა მისმა გუნდმა ესპანეთის დამარცხება, რაზეც საქართველოს ნაკრების ყოფილმა თავკაცმა უპასუხა:

„ეს რა კითხვაა?! ორივე გუნდის ფეხბურთელები არ გინახავთ? რა უნდა გაგვეწყო მსოფლიოს საუკეთესო გუნდის წინააღმდეგ? ვერ ხედავთ, რა გუნდებში თამაშობენ ჩვენი ფეხბურთელები? და ამის მერე ასეთ კითხვას მისვამთ?”

football-espana წერს, რომ „ლა როხას” მოთამაშეების მაღალ კლასში ეჭვის შეტანა არ შეიძლება, მაგრამ ქეცბაიამ იჩქარა, როდესაც დღევანდელი გუნდი ესპანური ფეხბურთის „ოქროს თაობას”  შეადარა. იმ თაობამ ორჯერ ევროპის ხოლო ერთხელ მსოფლიოს ჩემპიონატი მოიგო.

„ისინი ევროპაში კი არა, მსოფლიოში საუკეთესონი არიან. ვფიქრობ, ესპანელთა დღევანდელი გუნდი 2008-12 წლების ნაკრებსაც კი სჯობს, რადგან ფლანგებს უკეთ იყენებს. ისინი ევრო 2024-ის მთავარი ფავორიტები არიან”, — დასძინა ქეცბაიამ.

football-espana-ს აზრით დე ლა ფუენტემ „ლა როხას” თამაშის ხარისხი უეჭველად გამოასწორა. სადღეისოდ გუნდი კარგ ფეხბურთს აჩვენებს, მაგრამ ყველაზე ძლიერი გუნდი, რომელიც ესპანეთმა დაამარცხა ჯერჯერობით მხოლოდ იტალიის დასუსტებული ნაკრებია, რომელიც სადღეისოდ ევროპის ჩემპიონატზე მოსახვედრად ოფლს ღვრის.