საქართველოსა და შოტლანდიის შეხვედრის (2:2) შემდეგ, ევროპული პრესა მოიარა შოტლანდიის ნაკრებისა და „მანჩესტერ იუნაიტედის” ფეხბურთელის სკოტ მაკტომინეის ნათქვამმა, რომ ქართველები პატარა ბავშვებივით ტიდორდნენ.
მაკტომინეიმ თბილისში სტუმრების პირველი გოლი გაიტანა. ეს მიმდინარე შესარჩევ ციკლში მისი მეშვიდე გოლი იყო. შედეგად, „მანჩესტერ იუნაიტედის” მოთამაშე გაუტოლდა ჯონ მაკგინსა და სტივენ ფლეტჩერს, რომელთაც შოტლანდიელთაგან საკვალიფიკაციო ეტაპზე ყველაზე მეტი გოლი ჰქონდათ გატანილი.
საქართველოსა და შოტლანდიის ნაკრებების შეხვედრაში ანგარიში ხვიჩა კვარაცხელიამ გახსნა. მაკტომინეიმ ის მეორე ტაიმის დასაწყისში გაქვითა. 7 წუთში კვარაცხელიამ კიდევ ერთი გოლი შეაგდო, თუმცა 90+3 წუთზე ლოურენს შენკლანდმა მაინც მოახერხა ანგარიშის გაქვითვა.
მაკტომინეიმ Viaplay-სთან ინტერვიუში თქვა: „მათ რამდენიმე ძალიან კარგი ფეხბურთელი ჰყავთ, მაგრამ დღეს უსინდისოდ იქცეოდნენ, მსაჯის პროვოცირებას ცდილობდნენ. ვფიქრობ, დროა რაიმე იღონონ იმ ფეხბურთელების წინააღმდეგ, რომლებიც თვალთმაქცობენ ვითომ დაშავებულები არიან, მაშინ როდესაც არაფერი სჭირთ. გორაობა და ბავშვივით ტირილი ფეხბურთი არ არის. ჩვენ თამაში გვინდოდა, ისინი კი მსაჯის პროვოცირებით იყვნენ დაკავებულები”.