First session led by Mazzarri, the afternoon training program - image 1„ნაპოლიში” ვალტერ მაცარის მეორე პერიოდი ოფიციალურად დაიწყო. იტალიელმა მწვრთნელმა პრეზიდენტ აურელიო დე ლაურენტისთან შეთანხმებას მიაღწია და 14 ნოემბერს ნეაპოლში ჩაფრინდა, 15 ნოემბერს კი დე ლაურენტისის თანხლებით კასტელ ვოლტურნოს საწვრთნელ ცენტრში მივიდა.

როგორც ნეაპოლური მედია წერს, გარსიას ხელში სულ ბაზაზე ყოფნას დაჩვეული პრეზიდენტი იქაურობას ჯერჯერობით კვლავ ვერ ელევა. მაცარის კი კასტელ ვოლტურნოში დიდი წარდგენა არ სჭირდებოდა, რადგან იმ პერსონალის დიდი ნაწილი, რომელიც „ნაპოლიში” 2013 წელს მუშაობდა, კვლავ იქ არის და ეს უფრო ძველი ნაცნობების შეხვედრა იყო, ვიდრე ახალი თანამშრომლების გაცნობა.

მოგვიანებით, მაცარიმ ფეხბურთელებს, რომლებიც თავიანთი ქვეყნების ნაკრებ გუნდებში არ არიან გამოძახებულები, ვარჯიშიც ჩაუტარა. ვარჯიშზე ძველ-ახალ მწვრთნელს დე ლაურენტისი უმცროსი, ედუარდო ახლდა.

მაცარის პირველ ვარჯიშში მონაწილეობა არ მიუღია ვიქტორ ოსიმენს. ის საერთოდ არ იყო ბაზაზე. მიზეზი: გრიპი. ნიგერიელი ფორვარდი, რომელიც ტრავმას იშუშებს, გეგმის თანახმად 25 ნოემბერს ბერგამოში „ატალანტასთან” სათამაშოდ უნდა იყოს მზად.

ტრავმირებულები არიან ალექს მერეტი და მარიო რუიც. ისინი „პინეტა გრანდეს” საავადმყოფოში ყვნენ გამოკვლევებზე. როგორც გაირკვა, რუის მარცხენა ბარძაყზე კუნთი აქვს საშუალო სიმძიმით დაზიანებული, მერეტს კი ასევე მარცხენა ფეხზე წვივის უკანა კუნთი აწუხებს, მაგრამ მისი ტრავმა შედარებით მსუბუქია.