ვალტერ მაცარის თავგადასავალი „ნაპოლიში” „ატალანტასთან”, „რეალთან”, „იუვენტუსთან” და „ინტერთან” შეხვედრებით იწყება. ბუნებრივია, იმ ფეხბურთელებიდან, ვინც მაცარის განკარგულებაში 2009-13 წლებში იყვნენ, ახლა გუნდში აღარავინაა. „მარადონაზე” (მაშინ სან პაოლო ერქვა) დაბრუნებულ მწვრთნელს თავიანთი ქვეყნების ნაკრებში გაწვეულ ფეხბურთელებთან კაპიტან ჯოვანი დი ლორენცოსთან, პიოტრ ჟელინსკისთან, ვიქტორ ისიმენთან, ხვიჩა კვარაცხელიასთან და სხვებთან საერთო ენის გამონახვა მოუწევს. ვინ გახდება მაცარის ფავორიტი გარკვეული დროის შემდეგ გამოჩნდება, მანამდე კი Transfermarkt-ის მეშვეობით შეგვიძლია გადავათვალიეროთ იმ ფეხბურთელების ჩამონათვალი, ვისაც ის თავისი პროფესიული კარიერის განმავლობაში ყველაზე მეტად ენდობოდა (მატჩების რაოდენობით მოყვანით) და თუ მოვახერხებთ, შევიქმნით წარმოდგენას, რანაირი მოთამაშეები უყვარს „ნაპოლის” ძველ-ახალ მწვრთნელს. ერთი ფაქტია, ქვემოთ ჩამოთვლილი ფეხბურთელთა შორის უმეტესობა მცველია.
ლუკა ვიჯიანი (127 თამაში): ნახევარმცველი. ამ სიაში ერთადერთია, რომელსაც „ნაპოლიში” არასდროს უთამაშია. 2022 წელს იყო „ბოლონიას” დროებითი მწვრთნელი.
ჯანდომენიკო მესტო (132 თამაში): მარჯვენა მცველ-ნახევარმცველი. კარიერა 2017 წელს „პანათინაიკოსში” დაასრულა.
ედინსონ კავანი (138 თამაში): ცნობილი ურუგვაელი თავდამსხმელია. თამაშობს „ბოკა ხუნიორსში”.
პაოლო კანავარო (145 თამაში): დიდი ფაბიო კანავაროს ძმა. ცენტრალური მცველი.
სალვატორე არონიკა (151 თამაში): ცენტრალური და მარცხენა მცველი. მწვრთნელად მუშაობს დაბალ ლიგებში.
ხუან კამილო სუნიგა (161 თამაში): კოლუმბიელი განაპირა მცველი. კარიერის დასრულებამდე ანუ 2018 წლამდე „ნაპოლის” ეკუთვნოდა, მაგრამ იჯარით უშვებდნენ სხვადასხვა კლუბებში.
მორგან დე სანკტისი (167 თამაში): მეკარე. კარიერა 2017 წელს „მონაკოში” დაასრულა.
მარეკ ჰამშიკი (174 თამაში): სლოვაკი ნახევარმცველი. გასულ სეზონში „ტრაბზონსფორში” თამაშობდა.
კრისტიან მაჯო (186 თამაში): მარჯვენა მცველი. კარიერა 2022 წელს „ვიჩენცაში” დაამთავრა.
უგო კამპანიარო (215 თამაში): არგენტინელი ცენტრალური მცველი. კარიერა 2020 წელს „პესკარაში” დაასრულა.