ორშაბათს, 13 ნოემბერს ბადრი კეთილაძის ფოტო-ალბომის პრეზენტაცია შედგა. ერთ-ერთი, ვინც ბადრის ყველაზე დიდხანს იცნობდა, ჩვენი კოლეგა და საერთო მეგობარი ვახტანგ ბზიკაძე ალბომის გამოსვლას გამოეხმაურა

 

ბადრი კეთილაძე ისევე ღრმად იყო ჩახედული ფოტოსაქმეში, როგორც, ვთქვათ, იოსებ ჟორდანია მეანობაში. არაერთხელ შევსწრებივარ დაბადების პროცესს, როცა ბადრი ფოტოს, როგორც ახალშობილს ხელით ამოიყვანდა და მოწიწებით დააბინავებდა. ერთ რამედ ღირდა ფოტოსახელოსნოდან გამოსული ბადრის ხილვა. თვალებში ვარსკვლავები უციმციმებდა, ტუჩებს თავს ვერ უყრიდა. ბავშვივით ხარობდა, როცა ისეთ კადრს გაამჟღავნებდა და დაბეჭდავდა, რაც მოსწონდა. და თუ მას მოსწონდა, სხვა მითუმეტეს წუნს ვერ დასდებდა.

ფეხბურთის გადაღებისას იშვიათ ალღოს იშველიებდა. მოსახდენს წინასწარ კითხულობდა, რომელ კარსაც აარჩევდა, თამაშის ეპიცენტრიც უმეტესად სწორედ მისკენ იყო. თითქოს თავადაც იყო მინდორზე მომხდარის მონაწილე, ისე საფუძვლიანად შეეძლო მოეყოლა რა და როგორ მოხდა. ერთთავად ჭუჭრუტანიდან მომზირალი სხვებზე მეტს ხედავდა და აღბეჭდავდა.

მის ხელში არცერთი აპარატის ობიექტივი არ გახლდათ ცარიელა ლინზების გროვა, არამედ სწორედ ეს იყო მისი გონების თვალი, რითაც გულის ფსკერზე ირეკლავდა ამა თუ იმ მოვლენას და ყოველი გაელვებაც, რომელსაც ფოტოზე აღბეჭდავდა, მიზანს აუცდენელი ამიტომ გამოსდიოდა.

როცა ერთმანეთი კარგად გავიცანით და საქმიანობაც ერთად დავიწყეთ, ქუთაისსა და საქართველოში 90-იანები ახალი ჩამომდგარი იყო. მაშინ საქალაქთაშორისო მიმოსვლა კი არა, ზოგ ქალაქში სადარბაზოებს შორისაც დახშული იყო კომუნიკაცია. თუ გუნდების, ანდა ფეხბურთელების დაუხმარებლად გადაწყვეტდი გადაადგილებას, ჯიბგირებით გაძეძგილი ავტობუსით უნდა გემგზავრა. ვინ იცის, რამდენჯერ გადაურჩა მაშინ ღია ფერის საზაფხულო ქურთუკი, ბადრის დღემუდამ რომ ეცვა, ჯიბეების დაცარიელებას.

მადლობა ყველას და, უმეტესწილად შინ გუნდების დახმარებით ვბრუნდებოდით. ყოფილა იშვიათი გამონაკლისიც, როცა მათი შეწუხება თამაშამდე მოგვიწია და ისეც მომხდარა, რომ სიტუაციაში დროულად გაურკვეველ გუნდის მწვრთნელს დაძრული ავტობუსიდან ჩამოვუსხივართ.

ასეთ დროს დასახული მიზნის მიღწევის ველური წყურვილი იღვიძებდა და ბადრის მაგალითის ძალა დაუშრეტელი იყო. ოთხი ქალაქის სიშორეზე ოთხი სახის ტრანსპორტის მეშვეობით ჩასულებს ზურგზე ფეხების ხეთქებით მატჩის ბოლო 10 წუთისთვის რომ მიგვისწრია, წყენა რაა, მისი ნატამალიც აღარ შერჩენოდა – აქეთ უთქვამს, ის კაცი მართალი იყოო. თანაც ეს მანამდე, სანამ იმ სიმართლეში გვიან გარკვეული მწვრთნელისგან ბოდიშს და უკანა გზაზე ერთად მგზავრობის შეთავაზებას მოისმენდა. ყოველთვის ასე იყო, სამართლიანობის გრძნობას არასდროს ჰკარგავდა, წყენა კი, რაც არ უნდა მწარე ყოფილიყო, ერთ საათსაც არ გაჰყვებოდა.

ქურთუკი რომ ვახსენე, არც მახსოვს, კიდევ რამდენ ხანს ეცვა, სამაგიეროდ, დანამდვილებით შემიძლია თქმა, რომ ბადრის ყოველთვის ეხურა ნამუსის ქუდი. ის არ იყო ერთი ქართული ანდაზის მოტრფიალე, სადაც მიხვალ იქაური ქუდი დაიხურეო.

ბადრი არ ცდილობდა მორგებოდა სიტუაციას, არ სჭირდებოდა მას ეს. არც არავისგან ითხოვდა, მას მორგებოდა, ოღონდ როგორღაც თავისთავად, ეს ბავშვის ენაზე მოლაპარაკე კაცი, ანგარიშგასაწევი ხდებოდა და პატივისცემას იმსახურებდა.

როგორ აღწევდა ამას, რითი? რით და უკიდეგანო გულწრფელობით. ბადრი გულწრფელი და პირნათელი იყო საქმესთან, მეგობართან, უფროსთან, უმცროსთან, ნაცნობთან, უცხოსთან, მტერთან, მოყვარესთან, ოჯახთან, დიდთან და პატარასთან. და უპირველესად, საკუთარ თავთან.

ალბათ ბევრმა იცით, რომ 25 წლის შემდეგ პირველად ბათუმის „დინამო“ კვლავ გავიდა საქართველოს თასის ფინალში, სადაც 6 დეკემბერს „საბურთალოს“ დაუპირისპირდება.

30 წელზე მეტია გასული, რაც ბადრიმ პირველად იმუშავა თასის ფინალზე. ეს იყო პირველი მატჩი, რომელიც მან ეროვნულ სტადიონზე გადაიღო. ამ ხნის მანძილზე, ჩემი ანგარიშით, სულ მცირე, კიდევ 25-ჯერ მოუწია ფინალური მატჩის გადაღება. მაგრამ ის პირველი, დღემდე ყველაზე უხვგოლიანი და სხვა რამითაც უნიკალური ფინალია.

ერთი გუნდის შემადგენლობაში სამმა ძმამ ითამაშა და სამივემ გოლი გაიტანა. მათი გვარი დღეს ბავშვმაც კი იცის. ბადრიმ მაშინ ეროვნული სტადიონის ვიპ-ლოჟაც გადაიღო. ცნობად სახეებს შორის იყო ერთი ძალიან ცნობილი, რომლის ფრაზები დემოკრატიასა თუ ანარქიაზე იმ დროში, მართლაც ლობიოს მარცვლებივით ციტატებად იბნეოდა. პროგნოზი ჰკითხეს და უპასუხა, ბურთი მრგვალია და მოედანი მართკუთხედიო.

და მე, ეს ამბავი ბადრისგან იქამდე გავიგე, სანამ ტელევიზიით ვნახავდი. ან იმ უშუქობაში, შეიძლება, სულაც არ მინახავს. დიახ, ბადრიმ მისი ცხოვრების ნახევარი სწორედ ამ მართხკუთხედის კიდესთან გაატარა.

სამწუხაროდ, პანდემიის წლებმა ბევრი ჩვენს გვერდით მდგომი მოცელა, როგორც ახალგაზრდები, ასევე ბადრის თანატოლები. ჩვენ დავკარგეთ კახა შალამბერიძე, ზურაბ ქურციკიძე, მარიცა კვანტალიანი. ნაადრევად წასულთა შორის არიან ავთანდილ გურასაშვილი, ვახტანგ დათიაშვილი, ზაალ გიგინეიშვილი. ვშიშობ, რომ ვინმე გამომრჩა, ან ვერ ვიხსენებ, მაგრამ არ მავიწყდება ზაალის უნაკლო ცინიზმი…

თქვენ გახსოვთ, რას უწოდებდა ის რაგბის სამყაროს? მე მახსოვს, „ოვალურ ოაზისს მრგვალ უდაბნოში“. არ ვიკამათოთ. სიმართლეს აწმყოსა თუ მომავალშიც ბადრის, ზაალის, მისთანათა მსგავსად გავუსწოროთ თვალი და მაშინ, წარსულსაც ობიექტურად შევაფასებთ. შევაფასებთ და დავასკვნით, რომ თუკი მწვანე მართკუთხედი ოდესმე მართლაც იყო უდაბნო, ბადრიმ ამ ურწყულ უდაბნოსაც, ძველი მძლეოსანივით, გარშემო უარა.

საფეხბურთოა თუ სარაგბო, მოედანი სინამდვილეში ბრძოლის ველია. რომ ვთქვა, ბადრი ბრძოლის ველზე დაეცა-მეთქი, მართალი არ ვიქნები. რომ ვთქვა, როგორც  მედროშეს, არიერგარდი წამოეწია, დროშა ჩამოართვა და წინსვლას აგრძელებსთქო, ესეც ტყუილი იქნება, რადგან ბადრი არ დაცემულა, არ დამარცხებულა, მითუმეტეს ბრძოლის ველზე.

პირიქით, მან საკუთარი ბილიკებით იარა, ესტაფეტა დიდი უპირატესობით მოიგო და ამანათი მომავალ თაობას გადასცა. ბადრის ფოტო-ალბომიც გარკვეულწილად ამანათია. ის ერთ კონკრეტულ პერიოდს მოიცავს. ფოტოები მისი მოსწავლეების მიერაა ამორჩეული და გაციფრულებული, რაშიც დიდი შრომაა ჩადებული. როცა ალბომს გაეცნობით, ძალიან მკაცრად ნუ განსჯით, თუკი იქ ზოგი რამ ვერ აღმოაჩინოთ, რასაც ელოდით. გვპირდებიან, რომ გაგრძელება იქნება… ბადრის მემკვიდრეობა გადასარჩენია, სათუთად შესანახია. მისი ნამუშევრები ხელთუქმნელი ძეგლია. და მოდით, ნუ გავამართლებთ მწერლის ნათქვამს იმის თაობაზე, დიდებული ადამიანები უძეგლოდ იკარგებიანო.