Khvicha Kvaratskhelia of SSC Napoli, Mario Rui of SSC Napoli sit on the bench prior to the Serie A TIM match between SSC Napoli and Empoli FC at...„გაძეტა დელო სპორტის” აზრით რუდი გარსიას გაშვება და მის ნაცვლად ვალტერ მაცარის დანიშვნა „ნაპოლიში” ბევრ ცვლილებას გამოიწვევს. მილანური გაზეთი წერს, რომ ახალი მწვრთნელის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა იმ ფეხბურთელების „გადატვირთვაა”, რომლებსაც ფრანგის ხელში საკუთარი თავის პოვნა გაუჭირდათ.

ერთ-ერთი ასეთ ფეხბურთელთაგანია იესპერ ლინდსტრომი, „ფრანკფურტის” ყოფილი მოთამაშე, რომელიც მართალია „პარტენოპეელთა” ყველაზე ძვირი შენაძენი იყო, მაგრამ გარსიამ არა და არ აღირსა სათამაშო წუთები. შეგახსენებთ, რომ მას შეუძლია თამაში მარჯვენა ფრთაზე, მაგრამ არც სხვა პოზიციებთან არის ხამად.

კიდევ ერთი მოთამაშე, ვინც გარსიამ მიივიწყა არის ჩრდილო მაკედონიელი ელიფ ელმასი. სპალეტის ის გუნდის მეთორმეტე წევრად მიაჩნდა, ფრანგმა კი ღრმა თადარიგში მოისროლა.

ჩოლიტო ანუ ჯოვანი სიმეონე სპალეტის ხელში ვიქტორ ოსიმენის მარქაფა იყო, ახლა კი აჩრდილია. მაცარისგან არგენტინელი გამოცოცხლებას ელის. მას ხშირი ჩაწოდებები სჭირდება, დაახლოებით ისე, როგორც ეს „ემპოლისთან” ბოლო შეხვედრაში იყო.

„პროფესორი” მარიო რუი გარსიამ მატიას ოლივერას სათადარიგო მოთამაშედ აქცია. შედეგად პორტუგალიელმა ფორმა დაკარგა. „გაძეტა დელო სპორტის” აზრით იმარიო რუი იმდენად მაღალი კლასის ფეხბურთელია, რომ მაცარიმ მოედანზე უნდა დააბრუნოს. ის ძალიან სასარგებლოა სტანდარტული მდგომარეობების დროს და კვარასთვის შურდულის ფუნქციას ასრულებს.

და ბოლოს თავად კვარა, რომელსაც გარსია უდროო დროს ცვლიდა. ის ხშირად ცდილობდა ოლივერასთან კომბინაციის გათამაშებას, მაგრამ როდესაც ურუგვაელი წინ მიდის, ლამისაა ქუსლზე აბიჯებს ფეხს. მართალია კვარამ „ემპოლისთან” შეხვედრაში ფრანგი სამსახურიდან გაშვებას კინაღამ გადაარჩინა, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება, რომ გარსიას ხელში ის შეიზღუდა. მაცარისთვის ქართველი გარემარბი არის ძვირფასი ქვა, რომელსაც მან მტვერი უნდა ჩამობერტყოს და ის გაბრწყინდება.